როგორ მოვიქცეთ, თუ ქუჩებში მკვდრები გამოჩნდებიან – აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

როგორ მოვიქცეთ, თუ ქუჩებში მკვდრები გამოჩნდებიან - აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილებაამბობენ, რომ ნოსტრადამუსმა 2021 წლისთვის ზომბი აპოკალიფსი იწინასწარმეტყველა. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) სურს, ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს ქუჩებში ზომბები დაიწყებენ ხეტიალს და  რეკომენდაციებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გვთავაზობს.

CDC ამბობს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც „სახუმარო კამპანია“, თუმცა ის მიზნად ისახავს მოქალაქეთა სახალისო გზით ინფორმირებას, როგორ უნდა მოიქცნენ  იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი ან სხვა სახის კატასტროფების წინაშე აღმოჩნდებიან, ანუ ზომბი აპოკალიფსისთვის  შემუშავებული ეს რეკომენდაციები ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციებისას გამოგვადგება.

„ახლა შეიძლება ამაზე იცინოთ, მაგრამ, როდესაც ეს მოხდება, გაგიხარდებათ, რომ ჩვენი რეკომენდაციები წაკითხული გექნებათ“, – წერს CDC თავის ვებგვერდზე.

CDC აცხადებს, რომ მოსიარულე მკვდრების გამოჩენის შემთხვევაში ისევე იმოქმედებენ, როგორც პანდემიის დროს – დაადგენენ მომხდარის გამომწვევ მიზეზებს, ჩაატარებენ კვლევებს, შეეცდებიან, პრობლემა მოაგვარონ და მოქალაქეებს დაეხმარონ. მათი მითითებების თანახმად, ზომბების გამოჩენის შემთხვევაში, ისევე როგორც ნებისმიერი კატასტროფის დროს, პირველი ნაბიჯია, შევქმნათ პირველადი აუცილებლობის საგნების და პროდუქტების რამდენიმე დღის საკმარი „საავარიო კომპლექტი“, რომელიც მოიცავს:

ერთ ადამიანზე – 4 ლ-მდე წყალს დღეში; არამალფუჭებად საკვებ პროდუქტებს, საჭირო წამლებს და ხელსაწყოებს, ტანსაცმელს და საწოლის თეთრეულს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს და პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს.

უნდა შევადგინოთ საკონტაქტო პირების სია, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დავუკავშირდებით. აგრეთვე, უნდა ავირჩიოთ ადგილი ევაკუაციისთვის და შევადგინოთ ევაკუაციის გეგმა, რომელშიც უნდა იყოს მითითებული პუნქტი, სად შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ.

ნოსტალ.ჯი, ავტორი ნიკო აბაშიშვილი