ნატალია ჩხეიძე: “ჩიკას სახლში რესტორანი უნდა გავხსნა”

ნატალია ჩხეიძე: "ჩიკას სახლში რესტორანი უნდა გავხსნა"პროექტ “მასტერშეფის” მეოთხე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, ნატალია ჩხეიძე, კულინარიით ბავშვობაში დაინტერესდა:

– ჩემი სახლი ისტორიული აღმოჩნდა. “ჩემი ცოლის დაქალებში” რომ შაგუსა და ჩიკას სახლია, ისაა ჩემი ბინა. მთელი თბილისი და საქართველო ჩემი ქმრის მეგობარია და ჩვენს სახლში კულტურის დონეზეა აყვანილი სტუმრობა, გამასპინძლება. ყველამ იცის, რომ აქ უგემრიელესი სადილები დახვდება.

“მასტერშეფში” მინდოდა, კიდევ მეტი რამ მესწავლა და გადავწყვიტე, ჩემს სახლში გავაკეთო რესტორანი. ყველას აინტერესებს ამ სახლში მოსვლა, ფოტოების გადაღება. მეც ვარ სერიალში გადაღებული – ბიზნესმენების ცოლების სცენებში ვიყავი.

– კორპუსის მე-9 სართულზე რესტორანი, ცოტა უცნაური არ არის?

– დიახ, მე-9 სართულია. დუპლექსია ორსართულიანი. ვერანდის სამზარეულო ცალკე მაქვს, შიდა სამზარეულო – ცალკე. არის აივნები, სადაც შეიძლება სუფრა გავშალოთ. ასევე გვაქვს ზედმეტი ოთახები და სასტუმროც იქნება, თუ დათვრებიან, დარჩებიან. ავტომანქანის დასაყენებელიც გვაქვს.

ეს იქნება სახლში სახლური რესტორანი. ჩვენი სახლი ყველამ იცის, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, ყველამ იცის დიტო-ნატო და ჩვენი მისამართიც. უამრავია “დაჩექინებული” ამ სახლში, რადგან აქ სულ პურმარილი და სტუმრიანობაა.

დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ყველას მომსახურებას უფასოდ, მაგრამ ახლა აღარ მაქვს ამდენი რესურსი, რადგან სახელმწიფომ დედა გვიტირა და მინდა, თანხის გამომუშავების სხვა გზა ვნახო.

– თქვენც ამ რესტორან-სასტუმროში იცხოვრებთ?

– დიახ. სახლი იმხელაა, “ჩემი ცოლის დაქალებიც” გააგრძელებს გადაღებებს. 5 მარტო სამზარეულო მაქვს, 6 – სველი წერტილი, 5 – საძინებელი, მისაღები ოთახი – 4, ვერანდა – 3… ყველანი დავეტევით.

 რუსუდან ადვაძე, სარკე