“ჩემს ქალიშვილს მისი ქმარი სცემდა, სიგარეტს ტანზე აწვავდა, ბოლოს კი ალკოჰოლიკად აქცია”

"ჩემს ქალიშვილს მისი ქმარი სცემდა, სიგარეტს ტანზე აწვავდა, ბოლოს კი ალკოჰოლიკად აქცია"ძალიან ლამაზი გოგონა მყავდა. სულ უკან დავყვებოდი, რომ ვინმეს ცუდად არ შეეხედა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, რისიც გეშინია და რასაც გაურბიხარ, ვერ ასცდებიო,  მეც ასე დამემართა.

ჩემს გოგონას ერთმა ოჯახმა დაადგა თვალი. სარძლოდ გვინდაო, ამოიჩემეს და სახლში რამდენჯერმე მომადგნენ. ვუთხარი, რომ ჯერ სასწავლებელი უნდა დაემთავრებინა და გათხოვებაზე მერე იფიქრებდა.

სასწავლებელში ვიღაც ბიჭი გადაეკიდა, რომელიც გზას იყო აცდენილი. შემეშინდა, არ მოეტაცა და ჩემი შვილი არ გაეუბედურებინა. ამიტომ იმ ოჯახს შევუთვალე, რომ თანახმა ვიყავი მათი ქორწინების. ჩემი გოგონა ასე გავათხოვე.

გვიან გავიგე, რომ ჩემს შვილს ქმარი სცემდა. ერთხელ დაფუფქული, დამწვარი ხელით მომადგა. ლამის გული წამივიდა, ვიყვირე, რა დაგემართა-მეთქი. მითხრა, ყავის მადუღარა აფეთქდა და მდუღარე გადამესხა, არ ინერვიულო, ექიმთან წამიყვანეს და დამიმუშავესო. სიმართლე კი სხვანაირი აღმოჩნდა. ჩემს სიძეს ჩაი მიართვა. თურმე იმ მომენტში გაუბრაზდა, ბავშვს რატომ ატირებ, თავში რატომ წამოარტყიო, მდუღარე ჩაიზე ხელი გაუკრა და გადაასხა.

მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი სადისტი სიძე სიგარეტებს აწვავდა სხეულზე.

ეს ყველაფერი როცა გავიგე, უკვე გვიანი იყო. დედამთილ-მამამთილმა და ქმარმა აქეთ შემომიტიეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი ალკოჰოლიკია. მეც შემინიშნავს არყის სუნი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სვამდა.

ძალიან მინდა, შვილი სახლში წამოვიყვანო, რომ მივხედო, ფეხზე დავაყენო, მაგრამ ჩემი ბიჭი ამის უფლებას არ მაძლევს. მეუბნება, რომ დავინახო, მთვრალია, შეიძლება მოვკლაო. რძალი მეუბნება, ერთი შვილი უკვე უბედური გყავს და მეორესაც ნუ გააუბედურებო.

ასეთ დღეში ვარ. ზოგჯერ სიკვდილს ვნატრობ, რადგან დედის გული შვილის საცოდაობას ვეღარ უძლებს.

“სარკის” მკითხველი