ბიძინა მახარაძე: ,,ჩემი ცოლი ბევრს რომ ლაპარაკობს, ჭიქით წყალი მიმაქვს – ჩაასველე ენა, გაგიბუჟდა-მეთქი”

ბიძინა მახარაძე: ,,ჩემი ცოლი ბევრს რომ ლაპარაკობს, ჭიქით წყალი მიმაქვს - ჩაასველე ენა, გაგიბუჟდა-მეთქი",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

იუმორისტი ბიძინა მახარაძე ახლა ყვარელში, ცოლის ძმის სახლში ცხოვრობს. ვირუსული პანდემიის პირობებში იქ თავს მშვიდად გრძნობს.

ბიძინა მახარაძე:

-ცოლის ძმის სახლში ვცხოვრობთ, ყვარელში. ჩემი ცოლის ძმა რუსეთში ცხოვრობს და, სახლი ცარიელი რომ არ იყოს, იქ იყავითო, გვთხოვა. ჰოდა, აქ ვართ. აქ მშვიდად ვმუშაობ. არ ვვარჯიშობ, მაგრამ წესიერად ვცხოვრობ – არ ვსვამ და არ ვეწევი. არ ვარ მოქეიფე! მე ,,გეპეი” მაქვს დამთავრებული, შენ შემოგევლე და 6 წელი სულ ქეიფსა და ყანწებში გავატარე. და როდემდე უნდა ვიქეიფო!?

– ცოლთან კამათი ხშირად ხომ არ მოგდით?

– ჩემს მეუღლეს არ აქვს ძირითადი თემები, რის გამოც შეიძლება იჩხუბოს. მას აქვს და იცის ყველა თემა. მე არ ვიცი, როდის უნდა ავდგე, როდის უნდა დავწვე, არაფერი ვიცი და ყველაფერზე შენიშვნა აქვს. ეს პატარა ჩამონათვალია, თორემ მე ისიც არ ვიცი, ინტერვიუ როგორ უნდა მივცე. აგერ მოვიდა, შემისწორა და გააგრძელა ხინკლის კეთება.

– რა შეგისწორათ, რა არ მოეწონა?

– შენს თავზე ილაპარაკეო. თვითონ ბევრს რომ ლაპარაკობს ხოლმე ტელეფონზე, მასთან მიმაქვს ჭიქით წყალი – ჩაასველე ენა, გაგიბუჟდა-მეთქი და ახლა აგერ სამაგიეროს მიხდის, წყალი მომიტანა.

– ყველაფერზე შენიშვნის მიცემა გაბრაზებთ თუ პირიქით, გამხიარულებთ?

– იცით, როგორ არის? ეჩვევი, რომ ეს ასეა და ვერსად გაექცევი. კომპრომისი სხვა კი არაფერია. ჩემი უცნაურობები მაქვს და ის ეჩვევა იმას, მე – მის უცნაურობებს ვეჩვევი და ვართ ასე.