შალვა რამიშვილი: ,,თეა წულუკიანი ჩემი ნათესავია”

შალვა რამიშვილი: ,,თეა წულუკიანი ჩემი ნათესავია",,სარკე”, შალვა რამიშვილი:

-თეა წულუკიანი ჩემი ნათესავია. ბებიაჩემი და ბაბუამისი და-ძმანი იყვნენ. საუკეთესო იუსტიციის მინისტრია, რომელიც გვყოლია. სააკაშვილის მთავრობაში ქალებს რა თვისებაც ჰქონდათ და რითაც უცაბედად ხვდებოდნენ ,,ოლიმპოზე”, ახალი მთავრობის ქალებს ის არ აქვთ და კარგია, რომ არ აქვთ. მიშას თოჯინებად ჰყავდა ქობალია და კალმახელიძე… არაფრის აზრზე არ იყვნენ. ვიზუალიზმის, ფასადების, გამჭვირვალე შენობების დრო წავიდა…

მე და თეა წულუკიანს ბავშვობაში ურთიერთობა არ გვქონდა. ახლა ვმეგობრობთ. თეა მამაჩემის მხრიდან არის ჩემი ნათესავი. მამა ძალიან ადრე დამეღუპა და მერე თეას ოჯახთან აღარ გვქონდა კონტაქტი.

__ ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ სხვას სცემდნენ, სხვას აუპატიურებდნენ და მას არ ეხებოდნენ. თქვენც ამას ამბობდით.

_ ჩემი ციხეში ყოფნის დროს ადამიანებს სცემდნენ, მაგრამ გაუპატიურება არ გამიგია. კარცერში შიშვლად სვამდნენ… მე ერთხელ ჩამსვეს კარცერში.

__ შიშველი?

_ არა. გვერდით ლეიბს ცეცხლი მოუკიდეს და ვიხრჩობოდი. ეს გავაპროტესტეთ სტრასბურგში და მოვიგეთ. მერე აღარ შემხებიან.

__ ბაჩო ახალაიას შეხვედრიხართ?

_ კი, რამდენჯერმე. საუბრისას ისტერიკულად სვამდა ათ ჭიქა ყავას. ვერ იყო ბიჭი ჯანზე. სტრესული მდგომარეობა ჰქონდა. ბუნებრივია, სრულ ჭკუაზე ვერ იყო.

ციხის თემებზე ვსაუბრობდით. დაჟინებული ჰქონდა, რომ ქურდები საზიზღარი კასტაა, სექტაა და ყველა ქურდი უნდა მოკვდეს. როცა ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ჩემთვის სასაცილო იყო.

__ საკანში თქვენთან ძმაკაცობდა…

_ არა, მაგრამ სურდა, რომ ზოგიერთ საკითხზე ჩემი აზრი გაეგო.

,,სარკე”, 2012 წელი