ნათია ნადირაშვილი “რუსთავი 2”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. მისი და გოგა ჩანადირის სიყვარული 8 წლის წინ დაიწყო და ძნელი წარმოსადგენია, რომ წყვილს ერთად არასოდეს უმოგზაურია,
– ნათია, როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
– დილის 6 საათზე ვიღვიძებ, დილის რუტინას კარგად ვუძღვები, ბაღისთვის ანიტას მომზადებიდან დაწყებული საოჯახო საქმეებით და გოგას მოწესრიგებით დამთავრებული. მე ასეთი აქტიური და ენერგიული დავიბადე.
– რამდენ წელს ითვლის თქვენი სიყვარული?
– რვა წელია, ერთად ვართ და აბსოლუტურად განსხვავებული ემოციები იყო ადრე და ახლა. რვა წლის წინ როდესაც გოგას დანახვაზე გული მიფრიალებდა და წნევა მიწევდა, ასე აღარ არის. ამ ადამიანს ყოველდღე ვხედავ და ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამ რვა წელმა სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა მოიტანა, რვა წლის წინ კი უფრო ქაოტური ემოციები მქონდა. ემოციები დალაგდა და ჩვენი ურთიერთობა ისეთი მშვიდი და სტაბილურია, როგორც არასდროს. ყველა ეტაპს ჩვენს ცხოვრებაში თავისი ხიბლი აქვს.
– გოგაში რა მოგწონთ ყველაზე მეტად?
– ის არის უანგაროდ კეთილი და არის პროფესიონალი. ეს ორი იმდენად გრანდიოზული თვისებაა, დანარჩენს არ ჩამოვყვები.
– თქვენ ძალიან ემოციური ხართ. ალბათ ოჯახში კამათიც უცხო არ იქნება.
– ამ რვა წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გოგამ ხმას აუწია. მას მოთმინებიდან ვერ გამოიყვან და ვერ ააყვირებ. მე ძალიან ემოციური ვარ, ხმამაღლაც ვილაპარაკებ, ვიქოთქოთებ, მაგრამ გოგა მშვიდად მისმენს.
– გოგა ყველას რომ უყვარს, არ ეჭვიანობთ?
– მართლაც ძალიან უცნაური შემთხვევაა ეს ბიჭი. მართლა ვერავინ ვნახე, მასზე აღტაცებით რომ არ ლაპარაკობდეს. არასოდეს ვყოფილვარ კონკურენტუნარიან გარემოში და გოგას გვერდით არც ერთი წამი არ მიგრძვნია თავი მეორეხარისხოვნად. გოგას გვერდით როდესაც ვარ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ პრიორიტეტი მე ვარ მისთვის.
ავთო ჩიტიძე, სარკე