ეკა კვალიაშვილი: “ახლა მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არ არის, მაგრამ არასოდეს ვამბობ “არასოდეს”

ეკა კვალიაშვილი: "ახლა მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არ არის, მაგრამ არასოდეს ვამბობ "არასოდეს"მომღერალი ეკა კვალიაშვილი “სარკესთან” ინტერვიუში მისი ცხოვრების შესახებ საუბრობს,

– თქვენ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები. ახლა როგორ ხართ?

– როცა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს, ავადმყოფობა კარგა ხნის დაწყებული იყო. ეს გამოიწვია იმან, რომ მაშინ არსებული აპარატურით და ენცეფალოგრამით ანთებითი კერების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად აღმოჩნდა, რომ 16 ანთებითი კვანძი იყო. ამის მერე იყო ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი, ვიყავი საფრანგეთში, იქ გავიკეთე ანალიზები. ახალა ბევრად უკეთესად ვარ, თან ამ დაავადებას აქვს ასეთი თვისება, რომ გარკვეულ ასაკში შეიძლება შესუსტდეს და ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. მინდა, მადლობა  ვუთხრა ყველას, ვისაც ჩემი ავადობა აწუხებდა და ხელი გამომიწოდა. ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს.

– რას საქმიანობს თქვენი ქალიშვილი, ნუკა, რომელიც ნიჭიერი მომღერალია?

– ნუკას საქმიანობა ძირითადად შვილების აღზრდაა. შემოქმედებითად დიდი პაუზაა მის ცხოვრებაში, რადგან მასაც, ისევე როგორც მე, დიდად არ სწყალობენ არც ტელეკომპანიები და არც კონცერტის ორგანიზატორები. მოკლედ, ნიჭიერი შემსრულებლები არ სჭირდებათ.

– ეკა კვალიაშვილი როგორი ბებიაა?

– ეკა კარგი ბებიაა. ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები უდიდეს სიხარულს მჩუქნიან თავიანთი სიყვარულით და მოფერებით. როგორც შემიძლია, ვეხმარები შვილს მათ გაზრდაში.

– ბევრჯერ გქონდათ უცხოეთში წასვლის და ცხოვრების შანსი, რატომ არ გამოიყენეთ?

– ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ანდრე ლიუსი, დიდი ჰოლივუდელი პროდიუსერი, მთავაზობდა ლოს ანჯელესში გადასვლას, მაგრამ მაშინ სიყვარულზე ვერ ვთქვი უარი. შემდეგ იყო იტალიელი თაყვანისმცემელი, ძალიან მდიდარი. რატომღაც ვერც მაშინ გადავწყვიტე. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და სხვაგან ცხოვრება არ შემიძლია.

– ხშირად თავადაც ხუმრობდით თქვენს სამ ქორწინებაზე. რატომ მოხდა ისე, რომ სამჯერვე დაცილდით?

– როცა ადამიანები ერთ სიხშირეზე და ერთ ვიბრაციაში არ იმყოფებიან, ნელ-ნელა სცილდებიან ერთმანეთს და ერთმანეთის გულისცემა და საუბარი აღარ ესმით. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.

– ახლა არის თქვენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?

– ამ ეტაპზე ასეთი არავინ არის,  მაგრამ არასოდეს ვამბობ “არასოდეს”.

 ია ქუთათელაძე, სარკე