სიკო ჭუმბურიძე: “მე და ჩემი ცოლი ქორწინების იუბილეს ნაჩხუბრები შევხვდით”

სიკო ჭუმბურიძე: "მე და ჩემი ცოლი ქორწინების იუბილეს ნაჩხუბრები შევხვდით"იუმორისტ სიკო ჭუმბურიძის 10 წლიან ოჯახურ ცხოვრებაში დიკო რუსიკაშვილთან ბევრი ქარტეხილი იყო, მაგრამ ახლა მის ოჯახში ჰარმონიაა. ჰყავს ორი შვილი, ნატალი და რეზი.

– სიკო, თქვენი ოჯახური ცხოვრება როგორ მიედინება?

– ბავშვები იზრდებიან, ნატალია 9 წლის არის, რეზი – 7 წლის. ისეთ ასაკში არიან, უკვე სერიოზულ კითხვებს მისვამენ. ვცდილობ, სულ მათ გვერდით ვიყო.

– რას ასწავლით შვილებს, რა ტიპის მამა ხართ?

– ვცდილობ, ისე ვასწავლო ცხოვრება, რომ რაც შეიძლება მეტი არჩევანი დავუტოვო. მკაცრი ნამდვილად არ ვარ. თვითგანვითარებისთვის ყოველთვის ვუტოვებ დროს. ძალიან მინდა, კრეატიულები იყვნენ და ცხოვრებისეული გამოსავლები თვითონ იპოვონ.

– მეუღლეზე არაფერი გითქვამთ.

– მეუღლესთან მეგობრობაა აუცილებელი. უკვე 10 წელია, ერთად ვართ. ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ. ისიც შრომობს და მუდმივად განვიცდით, რომ სამუშაო რეჟიმი არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, უფრო მეტი დრო გავატაროთ ბავშვებთან.

– ამ 10 წლის განმავლობაში რა სირთულეები გადალახეთ?

– ზოგი სირთულეებს თანაცხოვრების დასაწყისში გადის, ჩვენ უფრო მოგვიანებით ეტაპზე გვქონდა უთანხმოებები და აზრთა სხვადასხვაობა. საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ.

– ანუ 10 წლის იუბილეს სრულ ჰარმონიაში ხვდებით?

– 2020-ის აგვისტოში გვქონდა იუბილე. ამ დროს ნაჩხუბრები ვიყავით, მაგრამ მალევე შევრიგდით და ყველაფერი ლამაზად დალაგდა.

– ზოგადად რთული ადამიანი ხართ, რთულია თქვენი გაგება?

– ვისთვის როგორ. შეიძლება ვიღაცისთვის ზედმეტად მომთხოვნი ვარ. ყოველ შემთხვევაში, მარტივი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არც ისეთი რთული, რომ ვერ ამიტანო.

– რა თვისებას ებრძვით საკუთარ თავში?

– რთული კითხვაა. სიგარეტს ბავშვობიდან ვეწეოდი და ცოტა ხნის წინ დავანებე თავი. არ მეგონა, თუ ამას მოვახერხებდი და ვამაყობ ჩემი მიღწევით. ამით დავრწმუნდი, რომ, როცა რაღაცის შეცვლა გინდა, აუცილებლად შეძლებ. ვცდილობ, ჩემი თავის მაქსიმალურად კარგი ვარიანტი ვიყო.

ავთო ჩიტიძე, სარკე