“შეყვარებული ეკლესიურობის გამო დამიწუნეს და უცოლო დამტოვეს”

"შეყვარებული ეკლესიურობის გამო დამიწუნეს და უცოლო დამტოვეს"ჩვენი რესპონდენტი, 50 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცი, ანდრო, ათეისტურ ოჯახში გაიზარდა:

– ჩემი ბებია-ბაბუა კომუნისტები იყვნენ. დედაც კომკავშირის განხრით მუშაობდა. მამა თანამდებობის პირი მყავდა, რელიგიურობა რომ შეენიშნათ მისთვის, სამსახურს დაატოვებინებდნენ. ჩემი ოჯახის წევრებს ეს საფრთხე არ ელოდათ, ვინაიდან ურწმუნოები იყვნენ. უფრო მეტიც, ღმერთსაც გმობდნენ და მის მიმდევრებსაც.

სტუდენტობისას ერთი გოგონა მომეწონა, მარინე. რაიონიდან იყო, თბილისში ქირით ცხოვრობდა. მუშაობდა. ჩემს უბანში ჰქონდა ბინა ქირით აღებული. იმ ბინის მეპატრონეს, შალვას კარგად ვიცნობდი. მისგან შევიტყვე მარინეს არსებობა.

ერთ საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, ქუჩაში ნაბიჯებით გავუსწორდი გოგონას, რომელიც ჩემ წინ მიდიოდა. მომეწონა. ვიფიქრე, მარინე ხომ არ არის-მეთქი. მართლაც ის აღმოჩნდა. შალვას სახლში რომ შევიდა, დავრწმუნდი.

მეორედ რომ შემხვდა ქუჩაში, გამოვეცნაურე, დაველაპარაკე. მერე პაემანზე მოსვლა ვთხოვე და ჩვენი სიყვარულიც დაიწყო.

– თქვენმა მშობლებმა იცოდნენ, შეყვარებული რომ იყავით?

– ჩემს ოჯახში სნობური გარემო იყო. რაიონიდან კი არა, სარძლოს თბილისის გარეუბნიდანაც დაიწუნებდნენ. თუმცა მარინეს გაცნობა მოინდომეს და ოჯახში დაპატიჟეს.

– შეხვედრამ როგორ ჩაიარა?

– ჩემები მარინეს კარგად, კეთილგანწყობით დახვდნენ, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ შეუდგნენ განხილვას, რა მოეწონათ და რა – არა. აღმოაჩინეს, რომ მარინეს არ ეტყობოდა “სოფლის” კვალი, ალბათ კულტურული და ინტელიგენტური ოჯახიდანააო, თუმცა ბებიამ შენიშნა გულზე დაკიდებული პატარა ჯვარი და… თუ სიმბოლურად უკიდია, როგორც სამშვენისი, ტრადიციული ოჯახიდან იქნებაო, ხოლო თუ ჯვარი რელიგიური მნიშვნელობით უკიდია, მაშინ ეჭვის ქვეშ დგება მისი ოჯახის შეგნება და ღირსებაო.

– თქვენ ამ ყველაფერს როგორ უსმენდით?

– მშობლების აზრისთვის ანგარიში უნდა გამეწია, ვერ გადავახტებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა რამე დამართნოდათ. იყო შემთხვევა, როცა ჩემზე ნერვიულობით დედა და ბებია საავადმყოფოშიც მოხვდნენ.

მარინეს ვთხოვე, გაეცნო ჩემთვის მისი ოჯახი. ისინი ნამდვილი მორწმუნეები იყვნენ, ხატების კუთხეც ჰქონდათ და გულწრფელად ლოცულობდნენ. მე კი მონათლულიც არ ვიყავი. მარინემ მითხრა, უნდა მოინათლო, რომ ჯვარი დავიწეროთო. პირადად მე წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ ჩემს ოჯახს ამას ვერც ვუხსენებდი.

– ზოგი თქვენს ადგილას ამას ფარულად გააკეთებდა.

– ჩემებისთვის გაუგებარი არაფერი დარჩებოდა. მე თუ დავმალავდი, სხვისგან მაინც გაიგებდნენ. ისიც კი გაიგეს, მარინეს ღრმად მორწმუნე მშობლები რომელ ტაძარში ლოცულობდნენ და ოჯახში რომელ კუთხეში ეკიდათ ხატები. ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, მაგ გოგოს არ შეგრთავთო. განსაკუთრებით ბებია აქტიურობდა, მისთვის მორწმუნე რძალი ოჯახში კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეყვარებულები დავცილდით.

– მარინემ ოჯახი შექმნა?

– დიახ, გათხოვილია. ჩემი მაშინდელი უსუსურობით მის წინაშე ისე დავმცირდი, მარტოც რომ იყოს, მისვლას ვეღარც გავბედავდი. გული მწყდება, რომ დავკარგე ასეთი კარგი გოგო და არა მარტო ის, არამედ დავკარგე შანსი, შემექმნა ოჯახი, შვილებით მეხარა და ბედნიერება მომეპოვებინა.

 ნინია კახიძე, სარკე