“მგონია, რომ გოცირიძეებიდან დასასვენებლად წავედი და უკან უნდა დავბრუნდე” – ანა ტყებუჩავა ჩცდ-დან ზარს ელოდება

"მგონია, რომ გოცირიძეებიდან დასასვენებლად წავედი და უკან უნდა დავბრუნდე" - ანა ტყებუჩავა ჩცდ-დან ზარს ელოდებამსახიობ ანა ტყებუჩავას “ჩემი ცოლის დაქალებიდან” დიდი შესვენება აქვს. გოცირიძეების ოჯახისგან და ნინას პერსონაჟისგან გამოთავისუფლებულ მთელ დროს საკუთარ ოჯახს და საკუთარ თავს უთმობს.

– ანა, “ჩემი ცოლის დაქალები” ჯერ არ დაწყებულა და დიდი დასვენება გამოგივიდათ.

– მართლაც დიდი დასვენება გამომივიდა და ბევრი დრო დავუთმე საკუთარ თავს. ჩემს ცხოვრებაში გამოთავისუფლდა დრო ძილისა და სიმშვიდისათვის. იმედიანად ვუყურებ მომავალს და ველოდები, რომ მალე დაიწყება გადაღებები.

– პანდემია თქვენში პანიკურ განწყობებს არ იწვევს?

– არა. პანიკაში ჩავარდნა არ არის ჩემი თვისება. რასაც ვერ შევცვლი, იმაზე არ ვნერვიულობ. ამ პანდემიამაც მოიტანა დადებითი. საერთოდაც ძალიან კარგია, როდესაც მეტი დრო გაქვს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა.

– როდის დაუბრუნდებით “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანს?

– მე არ ვარ ჩახედული იმ პროცესებში, რომლებიც შეიძლება კულუარულად მიმდინარეობდეს. ველოდები იმ დღეს, როდესაც დამირეკავენ და მეტყვიან, ვიწყებთ ახალი სეზონის გადაღებასო. “ფორმულა კრეატივს” დიდი სურვილი აქვს, სერიალი გაგრძელდეს. ვფიქრობ, სერიალსაც მოუხდება ეს პაუზა.

– ისვენებთ თქვენი პერსონაჟისგან თუ უკვე მოგენატრათ?

– ძალიან მენატრება. მენატრება ის გადარბენები და ღამისთევები, რასაც მსახიობობა მოითხოვს. ახლა რომ დამირეკონ და მითხრან, ხვალ გადასაღებად გამოცხადდიო, ძალიან ვინერვიულებ. შესვენების შემდეგ გადაღებების დაწყება ჩემთვის ყოველთვის სანერვიულოა. ამ დროს ყველაფერი თავიდან იწყება – ხელების კანკალი, ღელვა. პირველ რიგში, მომენატრა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთან ერთადაც წლებია მოვდივარ.

– სერიალის “სახლის კედლები” არ მოგენატრათ?

– კი, მენატრება. იმ ლოკაციის სიახლოვეს როცა გავივლი, სადაც გოცირიძეების სახლია, ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. ასე მგონია, გოცირიძეების სახლიდან ცოტა ხნით დასასვენებლად ვარ წასული და მალე დავბრუნდები.

 ავთო ჩიტიძე, სარკე