“მასწავლებელმა გარეთ გამომაგდო, რადგან კორონავირუსის შეეშინდა”

"მასწავლებელმა გარეთ გამომაგდო, რადგან კორონავირუსის შეეშინდა"საქართველოში რთული სიტუაციაა, ყველა დაძაბულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უხეშობის უფლება აქვს. რაც უნდა ცუდად იყო, არ შეიძლება სხვა ადამიანს შენი უხასიათობა თავს მოახვიო და შეურაცხყოფა მიაყენო.

მე-12 კლასელი გოგო ვარ, აბიტურიენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანი წელია და ყოველ დღეს ვუფრთხილდები, რადგან ძალიან მინდა, არამარტო სტუდენტი გავხდე, ასპროცენტიანი გრანტიც ავიღო. ჩემს მშობლებს ნამდვილად არ ულხინთ, ძალიან ბევრ რამეს იკლებენ, რომ მასწავლებლებთან მომამზადონ. ურჩევნიათ, ახლა გადაიხადონ ფული, ვიდრე ჩემი სწავლა, მინიმუმი, 4 წლის განმავლობაში დააფინანსონ. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, ვინმემ არ თქვას, გაგეცდინა, მასწავლებელთან არ წასულიყავიო.

ბავშვობიდან ალერგია მაქვს. იმ დღესაც ალერგია დამემართა და რინიტი დამეწყო, ასევე – ცხვირის, ყელის, ყურების ქავილი. წამალი დავლიე, პირბადე გავიკეთე და მათემატიკის მასწავლებელთან წავედი. იქ რომ მივედი, ყველას ვუთხარი, რომ ალერგია მქონდა.

მეცადინეობა 5 წუთის დაწყებული იყო, როცა დამაცემინა. ვერ გადმოგცემთ, მასწავლებელს რა დაემართა. აკივლდა, რატომ მოხვედი, გინდა, რომ ყველა დაგვღუპოო. კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ ალერგია მქონდა. ამან უფრო გააცეცხლა, რა იცი, კორონავირუსია თუ ალერგია, ვინ დაგიდგინაო. ვუპასუხე, რომ ბავშვობიდან ალერგია მაქვს და სიმპტომები კარგად ვიცი. მასწავლებელი ფეხზე წამოვარდა, კარი გამოაღო და მითხრა, სასწრაფოდ გადი აქედან. ტესტი გაიკეთე და ისე მოდი, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი იქნებიო.

ატირებული წამოვედი სახლში. ჩემებმა მკითხეს, რა მჭირდა და სიმართლე რომ გაიგეს, დედამ მასწავლებელს დაურეკა – ასეთი უხეშობა რატომ გამოიჩინეთო. მან კი ლანძღვა დაუწყო, პოტენციური მკვლელები ხართ, ვირუსიანი გამომიგზავნეთ და არ იფიქრეთ, რომ შეიძლება გადამდებოდაო. დედამაც აუხსნა, რომ ეს იყო ალერგია და უკვე გამიარა, რადგან  წამალმა იმოქმედა და ჩავწყნარდი. ის ქალი მაინც ჩხუბობდა, დედაბუდიანად მატყუარები ხართო.

გასაგებია, რომ შეეშინდა, მაგრამ ასე უნდა მოქცეულიყო?! ნუთუ ალერგიის შესახებ აქამდე არაფერი გაუგია?! არ ვიცი, ასეთ ადამიანთან სწავლა როგორ უნდა გავაგრძელო.

“სარკის” ერთგული მკითხველი