გიორგი სუხიტაშვილი: “საზმაუს სასამართლოს აუცილებლად მოვუგებ!”

გიორგი სუხიტაშვილი: "საზმაუს სასამართლოს აუცილებლად მოვუგებ!"მომღერალი  გიორგი სუხიტაშვილი წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო, 2020 წლის ზაფხულში კი მოულოდნელად დაითხოვეს. გიორგიმ დავა სასამართლოში გააგრძელა. ფაქტობრივად უმუშევრად დარჩენილი მომღერალი “სარკესთან” ამბობს, რომ შემოსავლით ბანკის ვალს ძლივს ფარავს.

– რატომ დატოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი?

– გათავისუფლება ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ახლა  სასამართლო დავა მაქვს. შტატიანი თანამშრომელი ვიყავი და დაუსაბუთებლად, ჩემთან შეთანხმების გარეშე გამათავისუფლეს. 1 ივლისიდან აღარ ვარ დილის ეთერის წამყვანი. გადაცემა არ შეჩერებულა, მაგრამ მე აღარ ვარ.

– რა დაასახელეს გათავისუფლების მიზეზად?

– ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარი არ მინდა, როდესაც ეს დავა დასასრულამდე მივა, მერე ვილაპარაკებ. ადამიანებმა საკუთარი თავის დაცვა უნდა ვიცოდეთ და, დარწმუნებული ვარ, ამ დავას მოვიგებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბევრი წელი გავატარე, 2015 წლიდან ვმუშაობდი “პიკის საათში” და ჩემთვის ეს ამბავი მარტივი არ არის. ფინანსურ მხარესაც რომ შევეშვათ, ეს სამსახური მიყვარდა. ამ ამბავს ჩემი იურისტები აგვარებენ და დარწმუნებული ვარ, ამ დავას მოვიგებ, რადგან ასე არ ხდება დალაგებულ სტრუქტურებში – შტატიანი თანამშრომლის გამოგდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე სხვა კომპანიებს, რადგან ამ კუთხითაც სამაგალითო უნდა იყოს.

– კონცერტები არ არის, ტელეარხიდან გამოგიშვეს, ანუ მთლად შემოსავლის გარეშე დარჩით?

– უკვე 10 წელია, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი ვარ და ხელფასს მხოლოდ აქედან ვიღებ და, რასაც ყოველთვიურად ბანკში ვიხდი, ეს ფული იმასაც ვერ ფარავს.

– ცოტა ხნის წინ წერდით, დედაჩემის კარგად ყოფნას ვისურვებდიო. რა დაემართა დედას?

– დედას რთული დიაგნოზი ჰქონდა. ეს დაავადება 2018 წელს დაემართა და დღეს რომ ფეხზე დადის, ფაქტობრივად სასწაულია. ჯერჯერობით ისევ ბრძოლა უწევს და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს ეს ბრძოლა.

 რუსუდან ადვაძე, სარკე