,,სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამერიკაში” – აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ

,,სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ამერიკაში" - აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც CNN იუწყება, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

„საარჩევნო კოლეგიის ხმების დამოწმების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ“, – წერს CNN.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიკ პენსი გააკრიტიკა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმების შეფერხების უფლება არ აქვს.

„მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა, რომ გაეკეთებინა ის, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო, რაც შტატებს მისცემდა შანსს, დაემტკიცებინათ კორექტირებული ფაქტები და არა თაღლითური ან არასწორი მონაცემები, რასაც მათ ადრე სთხოვდნენ. აშშ მოითხოვს სიმართლეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, კონგრესის სპეციალურ სხდომაზე მისი როლი მას უფლებას არ აძლევს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ჯო ბაიდენის გამარჯვება ცალმხრივად შეცვალოს. მაიკ პენსმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამის გაკეთების უფლებას მას ამერიკის კონსტიტუცია არ აძლევს. მანამდე, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკ პენსს მოუწოდა, საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები არ დაემტკიცებინა და ხმები, უკან შტატებისთვის დაებრუნებინა.

ასევე CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს.

„ორი წყაროს ინფორმაციით, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე გულმკერდის არეში დაჭრის შემდეგ ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – წერს CNN და აქვე აღნიშნავს, რომ სროლის გარემოებებზე დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, – ინტერპრესნიუსი.

,,ტეოდორ დრაიზერი არ ვიცი და დონალდ ტრამპი ნამდვილი ამერიკული ტრაგედიაა. თვალს ვადევნებ, არც მეტი არც ნაკლები, სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მჯერა, ამას რომ ვწერ”, – წერს ,,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.