“ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა” – გოგი წულაია ცოლმა გადაარჩინა

"ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა" - გოგი წულაია ცოლმა გადაარჩინაპარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია 2020 წლის ოქტომბერში გულის მძიმე შეტევით კლინიკაში მოხვდა და ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსებმა დროული ჩარევის შედეგად გოგი წულაიას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.  ბატონმა გოგიმ “სარკეს” გადატანილი რთული პერიოდის შესახებ უამბო:

– გადავიტანე ინფარქტი, წამებში გადამარჩინეს. შემდეგ საჭირო აღმოჩნდა შუნტირება, ოთხივე სისხლძარღვი გამომიცვალეს.

– ის საღამო გაიხსენეთ, როდესაც ცუდად გახდით.

– გამთენიის ხანი იყო, ალბათ 4 საათი. გულის არეში მქონდა ტკივილები და ვერ ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნიდა. სასწრაფოს გამოძახება არ მინდოდა, რაღაცნაირად ვჯიუტობდი და მეუღლე მაძალებდა. ბოლოს დავთანხმდი და მადლობა ღმერთს, რომ მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა.

მოვიდნენ მედიკოსები, წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მქონდა ინფარქტი, ფილტვებში სპაზმები იყო დაწყებული და რამდენიმე წუთში საერთოდ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას. ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა. ცოლს რომ არ ეყოჩაღა, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ადამიანი ამ საუკუნეში გულით აღარ მოკვდება, თუ დროულად მივა კლინიკაში.

– ალბათ მეუღლე ძალიან ინერვიულებდა.

– აუ, საოცრად განიცდიდა! მან გადამატანინა ის, რაც გადავიტანე. გვერდით მედგა, მამხნევებდა, სტიმულს მაძლევდა, სიცოცხლე მაჩუქა.

– თუ გქონდათ ისეთი წამები, როცა ფიქრობდით, რომ, აი, დამთავრდა ყველაფერი, მორჩა…

– ეგ მომენტი იმ დროს მქონდა, როცა ვეღარ ვსუნთქავდი. თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გამირბინა. უცებ გადავხედე გასაკეთებელ და გაკეთებულ საქმეებს. მაშინ მივხვდი, რომ ის, რაც იმ დღეს უნდა გააკეთო, არ უნდა გადადო.

ჩემი ბრალი იყო, ექიმთან დროულად უნდა მივსულიყავი. ორი სტენტი რომ მქონდა გაკეთებული და დღეში 2-3 კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი, დამნაშავე ვარ, აბა, რა ვარ?! უფალმა ნამდვილად მაჩუქა მეორე სიცოცხლე, რომელსაც, ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, არ ვიმსახურებდი.

– ალბათ შვილებიც ძალიან შეაშინეთ.

– ბიჭი 21 წლის არის და იმ ასაკშია, როცა ყველაზე მეტად სჭირდება მამა. გოგო 13 წლის არის, გიჟდება ჩემზე. როდესაც ჩემს ვაჟს თვალებში შევხედე, საკაცით ქვემოთ რომ ჩავყავდი, მივხვდი, რომ უნდა გამოვსწორდე. ასე ახალგაზრდა არ უნდა წავიდე და შვილების ბედნიერებას უნდა მოვესწრო. მერე ჯანდაბას ჩემი სიცოცხლე.

– წონაში ავადმყოფობის გამო დაიკელით?

– კი, 12 კილო დავიკელი და ვაგრძელებ კლებას. ამ კუთხით ზოგი ჭირი მარგებელია.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე