ბუბა მირცხულავა: “სოფოსთან მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო”

ბუბა მირცხულავა: "სოფოსთან მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო"სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობმა, ბუბა მირცხულავამ საყვარელ გოგონაზე, სოფო ანდღულაძეზე, იქორწინა. მსახიობი “სარკეს” ესაუბრა.

– ბუბა, გილოცავთ გაბედნიერებას. თამამი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით ცხოვრებაში. ეტყობა, თავდაჯერებული ხართ.

– ვფიქრობ, რომ არამარტო მე, არამედ ის ადამიანიც და ზოგადად ჩვენი ურთიერთობაც მზად იყო იმისთვის, რომ ოჯახი შეგვექმნა. სოფო არის ის, ვისთან ერთადაც მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო.

– სოფომ ალბათ ტელეეკრანიდან გაგიცნოთ. თავიდან მისთვისაც ბაქარი ხომ არ იყავით?

– არა, ჩემამდე “ჩემი ცოლის დაქალების” მხოლოდ რამდენიმე სერია ჰქონდა ნანახი. სერიალის აქტიურად ყურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ცხოვრებაში გამოვჩნდი.

– სოფოც სტუდენტია?

– კი, წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარეთ პიარის განხრით, მაგრამ  სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვსწავლობთ.

– ჩცდ ფინანსური პრობლემების გამო შეჩერებულია. როდის ელოდებით გადაღებების განახლებას?

– მინდა, რესურსი მალე მოიძებნოს. რა და როგორ იქნება, წინასწარ ვერავინ იტყვის.

– რამდენი წელია, რაც სერიალში ხართ?

– მეცხრე კლასში ვიყავი, როცა აქტიურად თამაში დავიწყე. თუ არ ვცდები, მეოთხე სეზონიდან ვარ, ოღონდ გარკვეული პერიოდი ტექსტი არ მქონდა, მხოლოდ კადრში ვჩანდი. ჩემი პერსონაჟის გააქტიურება და წინა პლანზე წამოწევა მოგვიანებით დაიწყო.

– მსახიობებს ასეთი სახასიათო როლის შემდეგ დიდი დრო სჭირდებათ, პერსონაჟის აჩრდილს რეალურ ცხოვრებაში თავი რომ დააღწიონ. თავიდან ალბათ სასიამოვნოა, თუმცა დროთა განმავლობაში გამაღიზიანებელი ხდება.

– რასაკვირველია, კარგია, როცა შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი მაყურებელს მოსწონს, მაგრამ გამაღიზიანებელი ხდება, როცა უკვე ხვდები, რომ შენი პიროვნება იკარგება. ჩემს შემთხვევაში ბუბა დაიკარგა და საზოგადოება მიცნობს, როგორც ბაქარს. ამიტომ  კარგია პარალელურად სხვადასხვა როლების განსახიერება, რომ არსებული შტამპი მოიხსნას და მსახიობი გათავისუფლდეს.

– ჯერ კიდევ მეცხრე კლასში იყავით, როცა პოპულარული გახდით. არ თვლით, რომ იღბლიანი ხართ?

– იღბლიანი ვარ, თუმცა პოპულარობა უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე ფუფუნება.

 ხათუნა მაღრაძე, სარკე