ასმათ ტყაბლაძე: ,,გამორიცხულია, ცოლისთვის, რამე დაეშავებინა, რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის”

ასმათ ტყაბლაძე: ,,გამორიცხულია, ცოლისთვის, რამე დაეშავებინა, რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის''მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გია ფერაძის და ირინა მიქაუტაძის ტრაგიკულ სიყვარულზე:

– ირინაც გიჟდებოდა გიაზე და გიაც – მასზე. რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის. მათი ურთიერთობა ულამაზესი იყო. ერთად ისე ლამაზად ცეკვავდნენ… მწყერჩიტასავით საყვარელი გოგო იყო ირინა. მერე ირინას საოცარი ლექსი მიუძღვნა…

გია ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს, კაცი ნაცემიც კი არ ჰყავდა, არავისთან უჩხუბია. თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. ციხეშიც მოვინახულე რამდენჯერმე. ხმას ვერ ვიღებდი ციხეში მასთან შესული, მხოლოდ ვტიროდი. თვითონ მეხუტებოდა და მეფერებოდა, მთხოვდა, არ მეტირა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.

– მარიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ მამამისმა მოაწყო ინსცენირება, თითქოს ირინას ეძინა და გაიპარა… თვითონ გია რას ყვებოდა ამ ტრაგედიაზე?

– საერთოდ არ ამოუღია ხმა. ის სათამაშოსავით იარაღი ვიღაცამ აჩუქა. ასე ალბათ დაბნეულობისგან მოიქცა. ფეხშიშველი გავარდა და სად მიდიოდა, ვერც აცნობიერებდა. მგონი, ჯერ რაღაც სასმელი დალია, გაითიშა და აზრზე რომ მოვიდა, თვითონ ჩაბარდა.

ეს შემთხვევით მოუვიდა, თორემ გამორიცხულია, გიას ვინმესთვის და, მით უმეტეს ცოლისთვის, რამე დაეშავებინა. ციხიდან გამოსულს აღარ უნდოდა ცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ მალე წასულიყო ამქვეყნიდან (ინტერვიუ სრულად).

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე