“65 წლის კაცს ცოლი გამექცა”

"65 წლის კაცს ცოლი გამექცა"29 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მართალია, გარიგებით ვიქორწინე, მაგრამ მეუღლე მიყვარდა. დავინახე თუ არა, მომეწონა, მეგონა, რომ ჩემ მიმართ იგივე გრძნობები ექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

შვილების გაზრდაში მე გაცილებით დიდი წვლილი მიმიძღვის, ვიდრე მას. ჩვენს გოგონებს ძალიან ვუყვარვარ. ბავშვებმა იმიტომ გამომარჩიეს, რომ მათზე ვზრუნავდი,

ჩემი ცოლი მუსიკის მასწავლებელი იყო და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სამსახურში გამოპრანჭულს ევლო. არაფერს ვაკლებდი, ვშრომობდი, რომ ოჯახს ყველაფერი ჰქონოდა. ის კი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა. დამიჯერებთ, რომ ჩვენმა გოგონებმა პიანინოზე დაკვრა არ იციან? არ ასწავლა. სხვა ბავშვებს ამეცადინებდა და არ უფიქრია, რომ მუსიკალური განათლება შვილებსაც ჰქონოდათ.

ასეთ ქალთან კამათი და ჩხუბი ვის არ მოუვა და ჩვენც ვკამათობდით, ვჩხუბობდით. ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, ქმარ-შვილის მიმართ მეტი სიყვარული გამოეხატა, ის კი სულ თავს მაყვედრიდა, რომ ასაკით ჩემზე უმცროსი იყო და გარეგნობითაც – ბევრად უკეთესი. ხშირად გარბოდა სახლიდან, მაგრამ ისევ უკან ვაბრუნებდი.

ოჯახს ვაკოწიწებდი, რომ შვილებს დედა ჰყოლოდათ. ათას რამეზე ვხუჭავდი თვალს, რომ ჩვენთან ყოფილიყო. 65 წლის კაცს კი ოჯახი მაინც დამენგრა. ჩემი ცოლი სახლიდან გაიქცა. შვილებიც ეხვეწნენ, თავს ნუ მოგვჭრიო, მაგრამ არაფერი შეისმინა. გაიძახის, რომ მათ მამა უყვართ და დედა – არა.

ჩემგან წასული ხან ნათესავებს აფარებდა თავს, ხან დაქალებთან ათევდა ღამეებს და ხან – დაქალების შვილებთან. სიძეებმა თქვეს, ხალხი ჩვენზე რას იტყვის, ეს ქალი ასე ბარგშეკრული აქეთ-იქით რომ დადისო, ამიტომ ფული შეკრიბეს, დანაზოგი მეც მივეცი და სახლი ვუყიდეთ.

მაინც უმადურია, პირიქით, წილს აქეთ მთხოვს. ვეუბნები, სახლში დაბრუნდი და მე წავალ-მეთქი, მაგრამ არ უნდა. მეუბნება, მაგ ადგილს ვერ ვიტან, გაყიდე და იმ ფულით სადაც მინდა, იქ ვიყიდიო.

ჩემი ასაკის კაცები ოჯახში ყოფნით ტკბებიან, მე კი შვილების დედამ საბოლოოდ გამაუბედურა და სიბერის წლები მომიშხამა.

სარკის მკითხველი