თაკო მელიქიშვილის 4 წლის ბიჭს ხალხის თანადგომა სჭირდება – “დედა ვარ და უნდა ვიწამო, რომ ჩემი შვილი კარგად იქნება”

თაკო მელიქიშვილის 4 წლის ბიჭს ხალხის თანადგომა სჭირდება - "დედა ვარ და უნდა ვიწამო, რომ ჩემი შვილი კარგად იქნება"მომღერალი და რადიოწამყვანი, თაკო მელიქიშვილი, უდიდესი პრობლემის წინაშე დგას. მისი  4 წლის შვილს, რატის, მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს. მარტოხელა დედა ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ბიჭუნა გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ფინანსურად უკვე ძალიან გაუჭირდა.

მომღერალი “სარკესთან” საუბრობს:

– რატის მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს, არ ლაპარაკობს. ქცევის, მოტორიკის ვარჯიშები სჭირდება, ასევე წყლის თერაპიაც. თერაპიის კურსის გავლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, ბავშვი როგორ დაძლევს და რამდენად გამოგყვება.

ერთი წლის წინ თურქეთშიც ვიყავით, მედიკამენტოზური მკურნალობა ჩავუტარეთ, მაგრამ გრძელვადიანი თერაპიები სჭირდება. პანდემიამდე  ყველაფერს ჩემი სახსრებით ვუმკლავდებოდი. მერე, როცა მივხვდი, დამოუკიდებლად ვეღარ შევძლებდი, ეს თემა თავისთავად საჯარო გახდა და ხალხის დახმარება ვითხოვე.

ძალიან ბევრი ემიგრანტი შემეხმიანა. საფრანგეთიდან ქალბატონი დამიკავშირდა, რომელსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, ახლა იქ არის  და რეაბილიტაციას გადიან. მითხრა, თუ მოახერხებ, აქ ჩამოდით და ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო.

ბავშვი ახლა 4 წლის არის და მეტი შანსია, რომ ეს ყველაფერი მალევე მოგვარდეს.

– როდის შეიტყვეთ რატის ამ პრობლემის შესახებ?

– დაბადების შემდეგ უჟანგბადობის გამო სამი კვირა რეანიმაციაში იყო. ექიმებმა ივარაუდეს, რომ შეიძლებოდა იმ მედიკამენტებს, რომლებიც რეანიმაციაში უკეთდებოდა, პრობლემები შეექმნა, მაგრამ მთავარი იყო, ჩემი შვილი გადარჩენილიყო. 2 წლისას შევატყვე, რომ განვითარებაში რაღაც ჩამორჩენები ჰქონდა. შემდეგ ექიმებს მივმართეთ, მედიკამენტოზური მკურნალობაც გავიარეთ და ახლა რეაბილიტაცია სჭირდება.

– ვინ გეხმარებოდათ ასეთ რთულ დროს?

– ყველაზე მეტად ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ.

– რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში, რამეს ხომ არ გეგმავთ?

– კოვიდპანდემიამდე ჩავწერე სიმღერა, რომელიც თებერვლიდან გადის რადიოში “არ დაიდარდო”. ეს ჩემი ბოლო სიახლე იყო. რაღაც სიმღერები მაქვს, მაგრამ ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული.

,,,

თაკო მელიქიშვილის ანგარიშის ნომერია: GE53BG0000000336214175GEL

 ლელა დევდარიანი, სარკე