“ქალი, რომელმაც შეყვარებული წამართვა, დღესაც ჩემი მტერია”

"ქალი, რომელმაც შეყვარებული წამართვა, დღესაც ჩემი მტერია"ერთ დაქალს ძალიან ვენდობოდი და ყველა საიდუმლოს ვუმხელდი. სამსახურში ერთი ბიჭი მომწონდა და მისგანაც სიმპათიებს ვგრძნობდი. დაქალთან მასზე ხშირად ვლაპარაკობდი.

ერთ საღამოს თანამაშრომლები შევიკრიბეთ და სწორედ იმ დღეს საყვარელმა ბიჭმა სიყვარული ამიხსნა. სახლში გვიან დავბრუნდი, მეგობარს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. ისიც ვუთხარი, რომ შეიძლებოდა მალე ჩემი მეჯვარეც გამხდარიყო.

მერე კი ჩემმა დაქალმა შეყვარებულები ერთმანეთს დაგვაშორა. ჯერ ჩემი შეყვარებულის ბიძაშვილს ვითომ შემთხვევით დაუმეგობრდა და ჩემზე რაღაცები უთხრა, რა თქმა უნდა, ტყუილები. რასაც თავად აკეთებდა, ვიღაც ბიჭი რომ უყვარდა და ლოგინშიც ჩაუწვა, ეს ყველაფერი ჩემს ისტორიად გაასაღა. რასაკვირველია, ბიძაშვილმა ბიძაშვილს ყველაფერი უამბო. ატყდა შეკითხვები. მე პასუხებს ვცემდი, სიმართლეს ვეუბნებოდი, მაგრამ მაინც აღარავინ მისმენდა. ტყვია გავარდნილი იყო და მიზანში მოხვედრილიც.

ასე ჩხუბით დავშორდით ერთმანეთს,  ჩემი ყოფილი შეყვარებულის ცხოვრებაში მაშინვე ჩემი დაქალი გაჩნდა. თავიდან საყვარლის როლი მოირგო, მერე კი – ცოლის.

ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ეს ქალი ჩემი ცხოვრებიდან ვერ ჩამოვიშორე. ისეთი ბოროტია, სულ იმას ცდილობს, რაღაც მავნოს. ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და საერთო ნაცნობების წრეში ვტრიალებთ. წლებია ხმას მიყრის, რომ მის ქმარს თვალი დავადგი და წართმევას ვცდილობ. სინამდვილეში კი ის ადამიანი ისე მძულს, დანახვაც მზარავს.

უამრავჯერ შევუთვალე, რომ თავი დამანებოს, მაგრამ ტვინში ჩემი სახელი აქვს ,,ამოტვიფრული”. იმის ნაცვლად, რომ ჩუმად იყოს და თავის ცოდვას ინანიებდეს, აქეთ მაბრალებს, რომ მისი ოჯახის დანგრევა მინდა.

სიკეთეს ნამდვილად არ ვუსურვებ, მაგრამ არც მათი უბედურება მსურს. შვილები ჰყავთ და ღმერთმა დამიფაროს, ავი მოვინდომო! უბრალოდ მინდა, ჩემი ცხოვრებიდან გაქრნენ. არ ვიცი, ეს ქალი როგორ ჩამოვიშორო თავიდან, რა გავაკეთო, რომ ჩემი სახელი დაივიწყოს და მშვიდად ცხოვრების საშუალება მომცეს.

სარკის ერთგული მკითხველი