“ნოემბერი უმძიმესი იქნება, პიკი დეკემბრის ბოლოს მოუწევს, მერე დაიწყება კლება” – რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე ოქტომბერში და როგორია მისი მომავალი წლის პროგნოზი

"ნოემბერი უმძიმესი იქნება, პიკი დეკემბრის ბოლოს მოუწევს, მერე დაიწყება კლება" - რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე ოქტომბერში და როგორია მისი მომავალი წლის პროგნოზიგაერო-ს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი გახლავთ ქართველი ექიმი  გიორგი ფხაკაძე. ის დაახლოებით 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის სფეროში და, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული მსოფლიოში გავრცელებული ახალი პანდემიის, კორონავირუსის, მართვის საკითხებში.

ინტერვიუში, რომელიც მასთან “სარკემ” ოქტომბერში ჩაწერა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომც გამოიგონონ, საქართველომდე, მინიმუმი, მომავალი წლის ბოლომდე ვერ ჩამოაღწევს. შესაბამისად, გამოსავალი მხოლოდ იმ რეკომენდაციების დაცვაა, რასაც ეპიდემიოლოგები გვთავაზობენ და ასევე, იმუნიტეტის გაძლიერება, სანამ კოვიდ-19-ით დაინფიცირება მოხდება.

– ბატონო გიორგი, სანამ ისეთ მწვავე თემაზე გადავალთ, როგორიც პანდემიაა, გვიამბეთ, რა გზა გაიარეთ გაერო-მდე.

– საქართველოდან 2000 წელს წავედი. ქუთაისელი ვარ და ვამაყობ ჩემი ქუთაისელობით. ქუთაისში იყო გაერო-ს ასოციაცია და მისი რეგიონული კოორდინატორი ვიყავი. სწავლის გაგრძელება მინდოდა და ვნახე პროგრამა, რომელიც იყო ნეპალში და იქ გავაგრძელე სწავლა.

უცნაური ადგილი იყო სწავლის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩავერთე საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და იქ დავწერე ჩემი პირველი წიგნი, რომელიც გაერო-მ და ნეპალის ჯანდაცვის სამინისტრომ დაბეჭდეს. ნეპალშიც ვმუშაობდი გაერო-ს სააგენტოში, როგორც უმცროსი სპეციალისტი. ამის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ინდოეთში.

მგონი, ერთადერთი ქართველი ვარ, რომელმაც სადოქტორო ინდოეთში დაიცვა. ჩემი სადოქტორო სამედიცინო ანთროპოლოგიას ეხებოდა. სადოქტორო დავიცავი მადრასის უძველეს უნივერსიტეტში, რომელიც ბრიტანელებმა 1617 წელს დააარსეს.

ყველაზე ძვირადღირებულ საავადმყოფოშიც ვმუშაობდი და წლების განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ყველაზე ღარიბ ხალხთანაც, რაც ძალიან საინტერესო იყო.

ინდოეთის მერე ბუქარესტში წავედი და იქ ვცადე მუშაობა, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნის დიპლომი სჭირდებოდათ და მეორე სადოქტოროს გაკეთება დავიწყე სოციოლოგიაში. 2 წელი ვიყავი იქ. მერე შემოთავაზება მქონდა სომალიდან გლობალური ფონდისა და იუნისეფ-ის ფონდიდან და იქ წავედი. სომალიში საშინელ პირობებში ვიყავი, 25 შეიარაღებული დაცვის წევრი მიცავდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.

სომალის მერე სომხეთში ვიყავი გაერო-ს ექსპერტი. გაერო-ს ექსპერტი გახლდით ასევე ყირგიზეთში და იქ დავწერე ყოფილ საჭოთა ქვეყნებში მეტადონის პროგრამა ციხეებისთვის. ეს დოკუმენტი ახლა სახელმძღვანელოა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მეტადონის პროგრამა ციხეებში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიმუშავე ჟენევაში და მერე გადავედი გაერო-ში და ვიმუშავე, როგორც შიდს-ის ექსპერტმა.

2016 წლიდან გაერო-ს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოში ვარ. ეს ერთადერთი დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოა გაერო-ს გენერალური მდივნის დაქვემდებარებაში და ჯანდაცვის საკითხებს კურირებს.

გაერო-ს გენერალურ მდივანს 10 მრჩეველი ვყავართ. ჩემი კოლეგები არიან მსოფლიო ბანკის ყოფილი დირექტორი, იუნისეფ-ის მდივნის ყოფილი მოადგილე და სხვა დიდი თანამდებობების პირები.

იმ საბჭოს ბორდის წევრიც ვარ, სადაც ძირითადად ვაქცინებზეა საუბარი, ასევე – გლობალურ ფონდში, რომელიც მუშაობს შიდს-ის, მალარიის და ტუბერკულოზის პროგრამებზე.

რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ამავე დროს, 2007 წლიდან ვარ “დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის” პროფესორი. ეს არის საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც სწავლა ინგლისურ ენაზეა, თან ამერიკული პროგრამით. მისი კურსდამთავრებულების 70% აშშ-ში მუშაობს. უძლიერესი სამედიცინო უნივერსიტეტია და ამით ვამაყობ. რასაც ამ უნივერსიტეტში ვაკეთებ, ეს არის ფაქტობრივად კონტრიბუცია საქართველოს განათლებაში.

ერთი წლის წინ დავბეჭდე პირველი ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ლექსიკონი. სხვა კიდევ უამრავ რამეს ვაკეთებ გაუჩერებლად.

– საქართველოში ვინ გყავთ?

– ორი და, მამა, მამიდაშვილები… სხვა ბევრი ნათესავი მყავს და,  როცა ჩამოვდივარ, ერთი ნათესავიდან მეორესთან გადავდივარ. თავის დროზე მეც გამიჭირდა ქვეყნის დატოვება, მაგრამ რას ვიზამ, ჩემი ცხოვრება ასეთია.

– ამჟამად სად ცხოვრობთ?

– ბოლო რამდენიმე წელი პარიზში ვიცხოვრე და ახლა გადავწყვიტე ჟენევაში გადასვლა. რამდენიმე თვეა ჟენევაში ვარ. ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, რომელიც ძირითადად იმუშავებს საავადმყოფოების აკრედიტაციაზე. როგორც კი საქართველოში არჩევნები მორჩება, ამ კუთხით მანდაც ვიმუშავებ.

– როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ საავადმყოფოებს?

– საქართველოში სულ 415 საავადმყოფოა რეგისტრირებული. ვერავინ გეტყვით, რომელია კარგი და რომელი ცუდი. როგორც 5 ვარსკვლავიანი და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ისეთი დეფინიცია უნდა მოხდეს საავადმყო-ფოებისაც. ფასიც შესაბამისი უნდა იყოს. რადგან ქართველი ვარ, პირველ პროექტს საქართველოში განვახორციელებ. ნოემბრიდან დავიწყებთ საავადმყოფოების შეფასებას ხუთბალიანი სისტემით. ამით დავეხმარებით პაციენტებს, შეარჩიონ შესაბამისი საავადმყოფო და შესაბამისად გადაიხადონ.

– მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია. შესაბამისად, ამ პროექტის მიხედვით, ცუდი სერვისისთვისაა განწირული.

– საყოველთაო ჯანდაცვა ხომ იხდის. სახელმწიფომ ის ფული, რომელიც თქვენი გადასახადებიდანაა, ცუდ საავადმყოფოს არ უნდა მისცეს. ამით გაუმჯობესდება სერვისი და უფრო ჯანმრთელ მოსახლეობასაც მივიღებთ.

რეანიმაციაში ამოწურავენ სა-ყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებულ 15 ათას ლარს და მერე გამოაგდებენ გარეთ, რაც დიდი კრიმინალია. ძალიან გაბრაზებული ვარ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე. ბევრი კარგი საშუალებაა, ბევრი კარგი ექსპერტია ქვეყანაში, მაგრამ სისტემა არ არსებობს.

– ქვეყანაში დღეს კორონავირუსის დიდი აფეთქება გვაქვს, რაც, როგორც ვხედავთ, ასევე გაბრაზებთ.

– დიახ, ძალიან მაბრაზებს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. არაერთი წიგნი მაქვს საქართველოს ჯანდაცვაზე დაწერილი. მიმუშავია და მინახავს საქართველოს საავადმყოფოები და ვიცი, რასაც ვამბობ. კოვიდმა აჩვენა, რომ ჩვენი სისტემა იქცევა.

– მსოფლიოში კორონავირუსის პირველი აფეთქების პერიოდში ქართული ჯანდაცვის სისტემა იდეალურად გამოიყურებოდა, რაც დაუჯერებლად ჟღერდა მათთვის, ვინც, ასე თუ ისე, იცის, ამ სფეროში რაც ხდება ქვეყანაში. რამ შეაჩერა მაშინ ვირუსი და ახლა რამ შეცვალა მდგომარეობა?

– კორონავირუსის დაბალი მაჩვენებელი რომ გვქონდა, ამაში ჯანდაცვის სისტემის როლი იყო ნულის ტოლი. მადლობა ეკუთვნის პოლიციას. პოლიტიკური ნებაც იყო. შეშინდა მთავრობა და სწორადაც შეშინდა. პატრულმა იმუშავა უმაღლეს დონეზე. კარანტინმა და პოლიციამ იმუშავა საწყის ეტაპზე კარგად. როგორც კი მოეშვა ეს ყველაფერი, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა. ანუ ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული. არ მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ეს არის პროფესიონალიზმის ნაკლებობისგან გამოწვეული.

საქართველოში არ არსებობს უწყვეტი სამედიცინო განათლება მედიკოსებისათვის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. არ შეიძლება, ექიმმა დაამთავროს უნივერსიტეტი და მერე 15 წელი წიგნი აღარ წაიკითხოს. არ შეიძლება, ჩვენს სანიტრებს და ექთნებს 200 ლარი ჰქონდეთ ხელფასი. ეს არის ადამიანების შეურაცხყოფა! 200 ლარს რომ უხდი, რა უნდა მოსთხოვო?! ექთანი იძულებულია, 3-4 ადგილას იმუშაოს, ამიტომაც დაღლილია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.

– ახლა რა პერსპექტივას ხედავთ კორონავირუსთან დაკავშირებით?

– კორონავირუსმა ზაფხულში ცოტა დაგვასვენა. მეორე ტალღა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო და მისი პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება. მერე დაიწყება კლება და მესამე, პატარა ტალღა აპრილ-მაისში გვექნება. ეს გახლავთ ბევრი მეცნიერის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია.

– რაზე დაყრდნობით კეთდება ასეთი დასკვნები?

– უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. 1918 წელს, ესპანური გრიპის დროს, ზუსტად ასეთი გრაფიკი იყო. გაგიკვირდებათ, ისეთი სიზუსტით მიდის ამ გრიპის გრაფიკთან კოვიდის ამბავი. ამას ემატება სარსის, მერსის ეპიდემიების და ასევე სეზონური გრიპების აფეთქებები. ეს დასკვნები ამ ყველაფრის გაანალიზებისა და კალკულაციის შედეგად იქნა მიღებული.

ზოგი ამბობდა, რომ ტალღები არ იქნებოდა და ერთ წელში ყველაფერი მორჩებოდა. მე იმ ჯგუფის ნაწილი ვარ, რომელიც ამბობდა, რომ იქნებოდა სამი ტალღა და, როგორც ჩანს, ასეც იქნება. ეს მეცნიერული კვლევაა, ნოსტრადამუსები არ ვართ. მეცნიერების, მათემატიკის და ეპიდემიოლოგიის ექსპერტების გამოთვლილია და არამხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

ჯერ კიდევ თვეების წინ მათემატიკურ გამოთვლებსა და კალკულაციებზე დაყრდნობით ვამბობდი, რომ ოქტომბერში მეორე ტალღა იქნებოდა. ჩვენი გამოთვლებით, მეორე ტალღის პიკი დეკემბერსა და იანვარში იქნება და შემდეგ მაჩვენებლები ნელ-ნელა დაბლა ჩამოიწევს. მესამე ტალღას ველით აპრილსა და მაისში. წესით, ეს უნდა იყოს ყველაზე პატარა ტალღა, მეორე ტალღა კი ყველაზე ძლიერი იქნება.

– რა გადაგვარჩენდა, რა უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ დღეში ათასობით დაინფიცირების შემთხვევა არ მიგვეღო?

– ჩაკეტვის დიდი წინააღმდეგი ვარ. ჩაკეტვა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს და ქრონიკულ დაავადებებსაც აძლიერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემას კი არ უნდა დავემალოთ, თვალებში უნდა ჩავხედოთ და თავში ჩავარტყათ.

ამ შემთხვევაში მუშაობს პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების მალ-მალე დაბანა. ამის გარდა, ადამიანებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი იმუნური სისტემა. აუცილებლად უნდა მიიღოთ დე 3 ვიტამინი და თუთია. ასევე, ზოგადად ვიტამინებით შეავსოთ ორგანიზმი და სტრესი დაიყვანოთ მინიმუმამდე.

კოვიდი კი არ გვკლავს, არამედ ჩვენივე იმუნური სისტემა. სწორედ იმუნური სისტემა ებრძვის კოვიდს და ჩვენ ამ სისტემას უნდა დავეხმაროთ. ვინც სიგარეტს ეწევა, ვურჩევ, აღარ მოსწიონ და ალკოჰოლის მოხმარებაც დაიყვანეთ მინიმუმამდე. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთარი თავი გააძლიეროს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ყველა სამედიცინო დაწესებულების მობილიზება უნდა მოხდეს და ყველგან კარანტინი  გამოცხადდეს. კოვიდის გავრცელება ძირითადად სამედიცინო დაწესებულებებიდან ხდება, რადგან შიდა ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლი ადეკვატურ დონეზე არ არის.

დღეს საქართველოში ყველაზე საშიში ადგილი ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია. ყველა პაციენტს ისე უნდა უყურონ, როგორც კოვიდდადებითს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პაციენტი არ მიიღო, რადგან კოვიდი აქვს და უთხრა, სხვა საავადმყოფოში წადიო. ეს კრიმინალია!

რეანიმაციული განყოფილებები უნდა მოწესრიგდეს და უნდა ვიცოდეთ, სად რამდენი საწოლია. თუ რეანიმაციული საწოლები გაქვს, მაშინ შეგიძლია ქვეყანა არ ჩაკეტო. თუ არ გაქვს, უნდა ჩაკეტო. მაგალითად, ქუთაისში თუ უკვე აღარ არის რეანიმაციული საწოლი,  უნდა ჩაკეტო. ევროპაში ახლა ასეა.

მთელი ევროპა 7-8 თვეა, ამისთვის ემზადება. გააძლიერეს რეანიმაციული განყოფილებები, მოემზადნენ მეორე ტალღისთვის. ჩვენთან კი შედით ნებისმიერ საავადმყოფოში და ნახავთ, არავინ არაფრისთვის რომ არ მომზადებულა. თვითკმაყოფილება ძალიან ცუდი რამაა.

ისრაელსაც ისე დაემართა, როგორც საქართველოს. იქაც გაიძახოდნენ, ყველაფერი კარგადაა და განსხვავებული ერი ვართ, სხვანაირი გენი გვაქვსო. გაიხსენეთ, საქართველოშიც ამბობდნენ ვიღაც-ვიღაცები, განსხვავებული გენი გვაქვსო და ასეთ სამარცხვინო რაღაცებს, რომ განსაკუთრებულები ვართ.

არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსში არ ვარ. უბრალოდ, ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს. შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ მე ვარ ტექნოკრატი, მე ვარ ექსპერტი. დაგეხმარებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ, მაგრამ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გავხდები-მეთქი, ვპასუხობდი.

როცა რომელიმე პარტიის წევრი ხარ, ტყუილი უნდა თქვა. მთელი ცხოვრება ვამბობ იმას, რაც,  ჩემი აზრით, სწორია და ვერავინ მაიძულებს ტყუილის თქმას, განსაკუთრებით, ჯანდაცვაზე როდესაც ვლაპარაკობ.

– რა გვიხსნის ამ სიტუაციიდან, საკუთარ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ და ვინც გადავრჩებით, გადავრჩებით. ესაა რეალობა?

– სამწუხაროდ, არჩევნები ძალიან ცუდ დროს დაემთხვა. პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვიცი, ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ნოემბრის პირველი ორი კვირა რომ უმძიმესი იქნება საქართველოში, ეს ვიცი. ძალიან ვნერვიულობ ჩემს ახლობლებზე, ნათესავებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

ყველას ვთხოვ, რეკომენდაციები დაიცვან და იმუნიტეტი გაიძლიერონ. რთულია, ამ სიტუაციაში არ ინერვიულო, მაგრამ შეეცადეთ მაინც, ნაკლებად ინერვიულოთ. ივარჯიშეთ, სუფთა ჰაერი ყლაპეთ. რა თქმა უნდა, სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება ძალიან კარგია.

რაც შეეხება კოვიდის ვაქცინას, საქართველო მას ვერც ამ წელს მიიღებს, რომც იყოს მსოფლიოში და ვერც მომავალ წელს. შესაბამისად, დასკვნები თავად გააკეთეთ. შეიძლება ვიღაცამ გითხრათ, მალე იქნება ვაქცინაო, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა მაინც არ ექნება. მომავალი წლის ბოლოსათვის თუ შემოვიდა მანდ, ეს სასწაული იქნება, რადგან ვაქცინის მიღების რიგში საქართველო ალბათ ერთ-ერთი ბოლოა.

– ჩვენი ეპიდემიოლოგები თავიდან “პლაქვენილს” იყენებდნენ, მერე სხვა წამლებსაც და ამბობდნენ, რომ კარგად გათვალეს, რითი უნდა ემკურნალათ. შედეგებიც იყო – ნაკლები მსხვერპლი.

– პირველი ვიყავი, ვინც ამ წამლების გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა. სიმართლე ის არის, რომ მე არც ერთი ფარმაკომპანია ფულს არ მიხდის. ბევრი ექიმი იღებს დაფინანსებას ფარმაკომპანიიდან. მე კი დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ მხოლოდ.

რაც შეეხება საქართველოში ამ წამლების გამოყენებას, ეს იყო სამედიცინო ექსპერიმენტი, რომელსაც ძალიან ვეწინააღმდეგები. სამედიცინოზე უამრავი წელი ვსწავლობდი, ახლაც ვსწავლობ და მაინც ვთვლი, რომ არაფერი ვიცი. აქ გამოდიან და ეს წამალი ხომ არ არის კარგი, ის წამალი ხომ არ გამოვიყენოთო… ეს ექიმების კი არა, მეცნიერების საქმეა.

ფული და პოლიტიკაა ამ ყველაფერში გარეული. მხოლოდ საქართველოში კი არ არის არჩევნები, დიდი ფინანსური ინტერესებია ამ ყველაფერში. ამერიკაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო ერთი მილიარდი დოლარი ვაქცინის გასაკეთებლად, რომელიც ჯერჯერობით არც არსებობს. ხვდებით, რამხელა ფულზეა საუბარი?! შესაბამისად, ძალიან ბნელი ინტერესებია ამ ყველაფერში. ნოემბერში გარდაცვლილთა რიცხვი დრამატულად გაიზრდება. ეს იქნება კატასტროფული რიცხვები!

– ჩვენი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ დრო მოიგეს და ახლა იციან, როგორ უნდა მართონ პროცესი.

– თქვენ რას ფიქრობთ, მართვადი იქნება ეს პროცესი? თუ ფიქრობთ, რომ სასწრაფოს 1 საათი რომ ელოდება ადამიანი, ეს ნორმალურია, ლაპარაკი ზედმეტია. მზად კი არ არის მანდ სისტემა, არამედ მთლიანად ჩამოშლილია.

ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ვინც განიკურნა ამ ვირუსისგან, ბევრი თანმხლები დაავადება დარჩა, გული, თირკმელი, ღვიძლი… გაიხსენეთ ზიკას ვირუსი. ბრაზილიაში რა მოხდა? 9 თვის შემდეგ განუვითარებელი თავებით იბადებოდნენ ბავშვები. მთავარია, რა იქნება 1 წლის მერე. უმრავლესობა, ვინც კოვიდი გადაიტანა, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები გახდნენ.

მაგალითად, კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვითარდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. ჯერჯერობით იშვიათი, მაგრამ რეალური გართულებაა, რომლის დიაგნოსტიკაც დროულად უნდა მოხდეს. საქართველოში ოფიციალურად არ არის არც ერთი შემთხვევა აღრიცხული, თუმცა ყველა პედიატრმა და მშობელმა უნდა იცოდეს ამ სინდრომის შესახებ. კვლევების ანალიზს ვაკეთებდი და თანმხლები დაავადებების ჩამონათვალი ისეთია, გული გაგისკდება ადამიანს, ზიკა მოგონებაა.

შესაბამისად, ჯოგურ იმუნიტეტზე საუბარი არაეთიკურია. ჯოგური იმუნიტეტი კარგია, ყველა გავხდებით ავად და ყველა გადავიტანთო – ასეთი მიდგომა კრიმინალია. ეს პირდაპირი ტერორია. ჯოგური იმუნიტეტი გამოსავალი არ არის. გამოსავალი ეპიდემიის მართვაა.

– ტრამპი ოთხ დღეში გამოჯანმრთელდა და კონკრეტული მედიკამენტიც დასახელდა. ეს როგორ გახდა შესაძლებელი?

– იმავე პარაცეტამოლზე იყო საუბარი. ტრამპს ჰქონდა ძალიან იოლი ფორმის კოვიდი. როცა იოლი ფორმაა, სიცხის დამწევი ძალიან კარგად შველის. ფარმაკომპანიები ჩაერთვნენ ამ კამპანიაში და მოხდა რეკლამირება. ვიღაც იტყვის წამლის სახელწოდებას, მერე იმ წამლის ფასი რამდენჯერმე იზრდება და კომპანია მილიონობით მოგებას ნახულობს. სულ ესაა.

ყველა ვხვდებით, ტრამპს როგორც კვებავენ. ასე რომ, ვიტამინებიც ბლომად ჰქონდა მიღებული, კარგი გარუჯულიც იყო და ძლიერი იმუნიტეტით იოლი ფორმა ექნებოდა. აქ წამალი არაფერ შუაშია.

– ჟენევაში, სადაც ცხოვრობთ, როგორი სიტუაციაა ამჟამად? ინფიცირების შემთხვევები მანდაც მაღალია, როგორც ვიცით.

– ყველაფერი მუშაობს და ყველა პირბადითაა. არის დაინფიცირება, მაგრამ აკონტროლებენ. რეანიმაციული განყოფილებები მოამზადეს და მართავენ სიტუაციას. მაგალითად, საფრანგეთიდან რომ ჩადიხარ, კარანტინში უნდა ჩაიკეტო 10 დღე. თვითიზოლაცია სახლშიც შეგიძლია და საავადმყოფოებიც მომზადებულია. აუცილებელია ყველგან პირბადით სიარული – გარეთაც და დახურულ სივრცეშიც.

– ჩვენი ეპიდემიოლოგები, მთავრობა, ფაქტობრივად იხვეწებიან, რომ ხალხმა ატაროს პირბადე, დაიცვან დისტანცია და ა.შ.

– რატომ უნდა იხვეწებოდნენ?! მთავრობა, აბა, რისთვის არსებობს?! პარიზში რომ პირბადის გარეშე გახვიდეთ ქუჩაში, 135 ევროიან ჯარიმას გადაიხდით. რატომ უნდა სჭირდებოდეთ ხვეწნა?! ხვეწნა ცუდი ფორმაა. კანონით უნდა რეგულირდებოდეს. როგორც კი 100-ს ასცდა ინფიცირებულთა რიცხვი და დაინახეს, რომ ეპიდემია გაექცათ, მაშინვე შესაბამისი კანონი უნდა გამოეცათ.

 რუსუდან ადვაძე, სარკე