ნანკა კალატოზიშვილი: “ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანის შემოყვანა არ მეჩქარება”

ნანკა კალატოზიშვილი: "ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანის შემოყვანა არ მეჩქარება"მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი “სარკეს” პირად საკითხებზე ესაუბრა.

– როცა თქვენ და დანიელის მამა, ირაკლი კედია, ერთმანეთს გაშორდით, ამბობდით, რომ იგი მაინც თქვენი ოჯახის წევრად დარჩა. როგორი ურთიერთობა გაქვთ ამჟამად?

– ჩვენ დავიდარაბით არ დავცილებივართ ერთმანეთს, ცივილურად დავასრულეთ თანაცხოვრება, მაგრამ ურთიერთობა არ დაგვისრულებია. საერთო საზრუნავი გვყავს – ჩვენი შვილი, ამიტომ იგი ყოველთვის იქნება ჩემი ოჯახის წევრი.

– რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ დაგეგმილი პირად ცხოვრებაში?

– არასოდეს ვგეგმავ პირად ცხოვრებას. არც ის მაწუხებს, რომ მარტო ვარ. ჩემს თავთან კომფორტულად ვარ და იმისთვის, რომ მარტო არ ვიყო, სხვა ადამიანის შემოყვანა არ მჭირდება. არსად მეჩქარება, არც მაგვიანდება. თუ ვიგრძნობ, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვინც ჩემია, ვისთანაც სულიერ სიახლოვეს ვიგრძნობ, ის თავისთავად შემოვა ჩემს სამყაროში.

– ნანკა კალატოზიშვილი აღიარებულ ლამაზმანად ითვლება. როგორ მოქმედებს თქვენზე ეს სტატუსი?

– არასოდეს მიფიქრია, რომ ლამაზი ქალი ვარ. ალბათ უფრო შემეფერება, რომ კარგი ტიპი ვარ, კარგი პერსონაჟი. ლამაზი ქალი ჩემთვის ძალიან ეპითეტია. შეიძლება როგორც ადამიანი, მოვწონვარ საზოგადოებას, ამიტომ ველამაზები კიდეც.

– წონასა და თავის მოვლის საშუალებებზე რას იტყვით?

– სულ ვფიქრობ, რომ ორი-სამი კილო ყოველთვის მაქვს დასაკლები. ძალიან მიყვარს ტკბილეული და ხილი. მეგონა, ხილი არ ასუქებდა, მაგრამ მითხრეს, რომ გვიან არც ხილის ჭამა შეიძლება.

ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი პლასტიკური ქირურგიის, მაგრამ ჩემს თავზე არც გამომიცდია და ვფიქრობ, ვერც გამოვცდი. ძალიან მშიშარა ვარ, ნემსის და ქირურგიული პროცედურის ატანა არ შემიძლია, არც ბოტოქსი გამიკეთებია. ვცდილობ, ბუნებრივი საშუალებები გამოვიყენო, კრემები, ნიღბები.

 ია ქუთათელაძე, სარკე