ნანა შონია თეატრში ინტრიგის მსხვერპლი გახდა – “მეც უმუშევარი ვარ და ჩემი ქმარიც”

ნანა შონია თეატრში ინტრიგის მსხვერპლი გახდა - "მეც უმუშევარი ვარ და ჩემი ქმარიც"მსახიობი ნანა შონია “სარკესთან” ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა:

– მე მსახიობი ვარ, ჩემი მეუღლე – თეატრის მხატვარი. ორივე უმუშევარი დავრჩით. ძალიან ვდარდობთ, მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული. ადამიანისთვის ძვირფასი თვისებაა მოთმინება, უნდა დავითმინოთ, ჯერჯერობით ეს არის ჩვენთვის გამოსავალიც და გადარჩენაც.

– ორი ვაჟი გყავთ, უკვე დედამთილი ხართ. დედები ხშირად თვლიან, რომ რძლები შვილების სიყვარულში ეცილებიან და თავიდანვე უარყოფითად არიან განწყობილი. როგორ არის თქვენს შემთხვევაში?

–  ძალიან გამიმართლა, რომ გოგონას, რომელიც ჩემი რძალი გახდა, დიდი ხანი ვიცნობდი. როცა თომამ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სწორედ თავის კურსზე აღმოაჩინა გულისსწორი თათია და მალე ჩვენც გაგვაცნო. ჩემი შვილი ქვეყანას მირჩევნია და ბედნიერი ვიყავი, როცა დავინახე, როგორი გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. ეს საოცარი საყურებელი იყო! ძალიან კარგი გოგონაა, მოვახერხეთ და დავმეგობრდით.

– მსახიობის პროფესია ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თეატრი სავსეა ინტრიგებით, თქვენც არ აგივლიდნენ ისინი გვერდს.

– მეც გავხდი ინტრიგის მსხვერპლი და მივხვდი, რა საშინელ დღეში უნდა იყო ადამიანი, რომ როლისთვის მსგავსი რამ გააკეთო. შეიძლება არ უნდოდეს, რომ სხვას დაანახოს, რა უსინდისობა ჩაიდინა, მაგრამ, როცა მარტო რჩება საკუთარ თავთან, არ მგონია, სინდისმა არ შეაწუხოს. მას მაშინვე ვაპატიე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, რომ ეს შევძელი. მიტევება საუკეთესო თვისებაა ადამიანის. თავად შენ ხდები ბედნიერი, როცა სხვას შეცდომას პატიობ.

– თეატრი თუ კინო, სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– როცა სცენაზე ვდგავარ და ვხვდები, რომ როლი კარგად გამომდის, ვფიქრობ, ეს არის ჩემი სამყარო. მერე კამერა აინთება, მეტყვიან, დაიწყე, ნანაო და მთელი არსებით კინოში ჩავეფლობი. ორივე ჩემია, ორივე მიყვარს, სხვა საქმის კეთება არ შემიძლია.

 ია ქუთათელაძე, სარკე