“ის მაინც გვითხრან, რა პრეპარატი მივიღოთ” – 20 წლის ხატია მუკბანიანი ექიმებისგან პასუხს ელის

"ის მაინც გვითხრან, რა პრეპარატი მივიღოთ" - 20 წლის ხატია მუკბანიანი ექიმებისგან პასუხს ელის“მთავარ არხს” 20 წლის ხატია მუკბანიანი დაუკავშირდა, რომელსაც უკვე 1 კვირაა, სიცხე აქვს და 17 წლის მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში იმყოფება. მისი თქმით, მასაც და მეგობარსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ და ბინის ქირაობა საკუთარი სახსრებით უწევთ.

რამდენჯერმე სცადა დარეკვა როგორც 112-ზე, ისე 144-ზე და ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცა, მათგან მიიღო პასუხი, რომ ოჯახის ექიმი თავადად დაუკავშირდებოდა.

“ველოდებოდით, ოჯახის ექიმი როდის დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ არ დაგვიკავშირდა. მერე მე მოვითხოვე ტელეფონის ნომერი, რომ მე მაინც დავუკავშირდე ოჯახის ექიმს-თქო, მომცეს არასწორი ნომერი, რომელზეც ზარი საერთოდ არ გადიოდა. შემდეგ მითხრეს, რომ გამოგვიგზავნიდნენ სასწრაფო დახმარებას, ეგეც არ მოვიდა”, – ამბობს ხატია მუკბანიანი.
112-ში მას საკუთარი სახსრებით კორონავირუსის ტესტის გაკეთება ურჩიეს, რაც ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული.

“პრეპარატები რა უნდა მივიღოთ, ეგეც არ ვიცით. მაგიტომ მინდოდა ექიმთან გასაუბრება, რომ იქნებ რაღაც მაინც ერჩიათ ჩვენთვის, რა გავაკეთოთ და რა მივიღოთ. 20 წლის ვარ და ჩემი მეგობარი არის 17 წლის. არ ვიცით მედიცინის მაგდენი. ის მაინც გვითხრან, რა პრეპარატი მივიღოთ. ელემენტარული, მაგაზე მაინც მოგვაქციონ ყურადღება და ელემენტარული, იზრუნონ იმაზე, რომ საცხოვრებელი ადგილი შეგვიქმნან და ასე, ყოველდღიურად, მეგობრებმა ბინის თანხა არ გვიხადონ”, – ამბობს ხატია მუკბანიანი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 5.450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი