იასონ ბესელია: “84 წლის ავთანდილ მოსეშვილმა 28 წლის მამაკაცი მოკლა, მოკლულის ოჯახს კი ამის არ სჯერა”

იასონ ბესელია: "84 წლის ავთანდილ მოსეშვილმა 28 წლის მამაკაცი მოკლა, მოკლულის ოჯახს კი ამის არ სჯერა"ადვოკატ იასონ ბესელიას ბევრ საინტერესო საქმეზე უმუშავია. მათ შორის ერთ-ერთი ბურუსით მოცული მკვლელობაა, რომელიც ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ოფიცილური ვერსიით, 84 წლის მამაკაცმა 28 წლის თანასოფლელი იმიტომ მოკლა, რომ მის ჭიშკართან რეზინის ტყვიებიანი პისტოლეტით ისროდა და ხმაურობდა.

იასონ ბესელიამ „პრაიმტაიმთან“ ამ საქმის დეტალებზე ისაუბრა:

– 2019 წლის ბოლოს, ქართლის ერთ-ერთ სოფელში, უბნის ბირჟაზე ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი და სათამაშო თოფს აჩხაკუნებდნენ, რომელიც რეზინის ტყვიებს ისროდა. ეს ამბავი ავთანდილ მოსეშვილის ჭიშკართან ხდებოდა. ავთანდილი 84 წლის გახლდათ და როგორც გაირკვა, ბავშვობიდან აღიზიანებდა თურმე ხმაური – საახალწლო შუშხუნების ხმაც კი.

ავთანდილ მოსეშვილმა გამოიტანა სახლიდან სანადირო თოფი და გაისროლა. 84 წლის კაცმა 28 წლის ბიჭს შუბლში დააჭედა ტყვია და მოკლა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ტყვია ნამდვილად მისი თოფიდან იყო გასროლილი, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მკვლელობა სხვამ ჩაიდინა და მოხუცმა დაიბრალა. ისინი მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს, მათი ადვოკატიც ვყოფილიყავი. კანონი ამას არ კრძალავს, რადგან თუ ეს სიმართლე იყო, დაკავებულიც და დაზარალებულიც ფაქტობრივად, ერთი მხარე იყო, მაგრამ უარი ვუთხარი.

მკვლელი ფსიქიკურად დაავადებული გახლდათ, ამის დამადასტურებელი ცნობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გასცა და მოსამართლემ გაითვალისწინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავთანდილ მოსეშვილი ციხის ნაცვლად, 4 წლით ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იძულებითი მკურნალობისთვის.

როცა მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, სასამართლო დარბაზიდან ძლივს გამოვასწარით, ბრალდებულის მხარემ. ისეთი ამბავი ატყდა, მეორედ მოსვლა გეგონებოდა. ისინი დღემდე მიიჩნევენ, რომ მკვლელი სხვაა, მე ექსპერტიზის პასუხი გავაყალბე, მოხუცი ფსიქიატრიულში გავამწესებინე და ნამდვილი დამნაშავე დაუსჯელი დარჩა.

ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ დღეს  ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხს ვერ გააყალბებ, ეს არის გამორიცხული. სოფელშიც ყველამ იცის, რომ მოხუცი იყო შეურაცხადი.

მოხუცი კლინიკაში მოკვდა. მკვლელი ნამდვილად ის გახლდათ და ამაში მე პირადად ეჭვი არც მეპარება. დაზარალებული მხარის კი მესმის. მათი ოჯახის წევრის მკვლელი, დასჯის მაგივრად, სამკურნალოდ გაუშვეს და ისინი ამის გამო დარჩნენ დაუკმაყოფილებლები.

პრაიმ ტაიმი