ცოტნე ბარბაქაძე: ,,მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ეს უცხო ადამიანი დედაჩემი იყო”

ცოტნე ბარბაქაძე: ,,მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ეს უცხო ადამიანი დედაჩემი იყო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

16 წლის ცოტნე ბარბაქაძე ,,დიდი სცენის” ყველაზე პატარა მონაწილე იყო. მისი გვარი სინამდვილეში ცოტნე კაკუშაძეა, ბარბაქაძე კი დედის გვარია, რომელიც ფსევდონიმად აიღო. ბიჭის ოჯახური ისტორია რთულია. ამის შესახებ ,,სარკესთან” საუბრობს:

– დავიბადე გერმანიაში. 3 თვის ვიყავი, როდესაც პაპასთან და ბებიასთან ჩამომიყვანეს სოფელ გომში. მშობლები გაშორდნენ. 5 წლამდე ისე ვიზრდებოდი, რომ არაფერი ვიცოდი მათზე, ბებიას დეიდას ვეძახდი. 5 წლის შემდეგ დედა რომ ჩამოვიდა, ცოტა გამიჭირდა მისი მიღება. ჩემთვის უცხო ადამიანი იყო. მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ეს უცხო ადამიანი დედაჩემი იყო.

ეს ბარიერი მალე გადაილახა და მას შემდეგ სულ ერთად ვცხოვრობთ. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში.

– მამასთან ურთიერთობა გაქვს?

– თვითონ არ აქვს ურთიერთობა. ადრე მქონდა მიმოწერა. ერთხელ ვკითხე, სად იყო, მომწერა, რომ გერმანიაშია, მეორე დღეს გავიგე, სვანეთში იყო თავის მეორე ოჯახთან ერთად. ამის შემდეგ კონტაქტის სურვილიც აღარ მქონია.

– მამას არასდროს უნახიხარ?

– არასდროს. არანაირი გრძნობა აღარ გამაჩნია მის მიმართ. მთელმა ჩემმა ბავშვობამ ისე ჩაიარა, რომ არაფერი დამკლებია. მე და დედა ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთად ძლიერები ვიქნებით და ასე მოვდივართ.

– ამ დანგრეულმა ურთიერთობამ რა გავლენა იქონია შენზე?

– ჩემი მშობლების ისტორიას დანგრეულ ურთიერთობას ვერ ვუწოდებ, რადგან ყველაფერი ცალმხრივად მოხდა. მამაჩემმა ისეთი რაღაც გააკეთა, არა მგონია, ვაჟკაცური ყოფილიყო. დრო მოვა და ამ საკითხზე მას მკაცრად მოვთხოვ პასუხს. აუცილებლად მივალ და ვკითხავ: ,,მიცანი? მე შენი შვილი ვარ”.