თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლიც

თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლიც თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ საბერძნეთის კუნძულ სამოსის სიახლოვეს ორი არასრულწლოვანი იმსხვერპლა – მოსწავლეები კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ.

17 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ მიწისძვრის შემდეგ, მათ ძალიან ვიწრო ქუჩაზე ნახევრად დანგრეულ შენობასთან ახლოს გაიარეს, რომელიც სწორედ მაშინ ჩამოიშალა და მოსწავლეები ქვეშ მოიყოლა. მაშველების მცდელობის მიუხედავად, ისინი ნანგრევებიდან ცოცხლები ვერ ამოიყვანეს.

თურქეთის დასავლეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტომ გაავრცელა. დაიღუპა 4 ადამიანი, 120-მდე დაშავდა. რყევა 15 წამი გრძელდებოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში მდებარეობდა. თურქული მედიის და თვითმხილველების ინფორმაციით, ბიძგები ქვეყნის დასავლეთით მდებარე სხვადასხვა პროვინციასა და სტამბოლშიც  იგრძნობოდა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა, იზმირში 20 შენობა ჩამოინგრა, 70 ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ბიძგების დროს „ზღვა ნაპირებიდან გადმოვიდა“, „ეს პატარა ცუნამს ჰგავდა” – ყვებიან ადგილობრივები.

ნოსტალ.ჯი