სერგო ოვჩარენკო: ,,ჩემი ცოლი მიმტანი იყო, ფილმებში როგორც არის, ყველაფერი ისე მოხდა”

სერგო ოვჩარენკო: ,,ჩემი ცოლი მიმტანი იყო, ფილმებში როგორც არის, ყველაფერი ისე მოხდა",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

კულინარიული ტელეშოუ ,,მასტერშეფის” გამარჯვებული, სერგო ოვჩარენკო ,,სარკეს” თავის სიყვარულზე უამბობს:

– ჩემი მეუღლე ნინი ვაშაკიძეა. ერთ-ერთ რესტორანში მუშაობისას გავიცანი. მე მზარეული ვიყავი, ის – მიმტანი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებშია ხოლმე. თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. პირველი შეხვედრიდან ერთ წელიწადში ცოლად მოვიყვანე და შვილიც გვყავს – 2 წლის ანასტასია.

ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთად უნდა გვეცხოვრა. სიყვარული არამხოლოდ ერთი თვისების გამო მოდის, ეს რამდენიმე კომპონენტის შერწყმაა, რომელსაც არც არაფრის დამატება სჭირდება და არც მოკლება.

– სახლში რომელია შეფ-მზარეული?

– ნინი, რადგან დრო ფაქტობრივად არ მაქვს. საკმაოდ გემრიელად ამზადებს, მაგრამ ტრადიციულ კერძებს, რომლებიც მეც მომწონს. სარესტორნო საჭმელები შეიძლება დღეგამოშვებით ჭამო. მნიშვნელოვანი ის კერძებია, რომლებსაც ბავშვობაში გვიმზადებდნენ სახლში და ნინი ამას მივსებს. ოჯახში გაკეთებული კერძი მაინც ყველაზე გემრიელია, რომელიც შეგიძლია ხანდახან ხელითაც ჭამო.

– ცოლს რჩევას ან შენიშვნას არ აძლევთ?

– კი, პირდაპირ ვეუბნები. ის ერთადერთია, ვისთანაც ასეთი გულღია ვარ, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ჩემს რჩევებს ითვალისწინებს. თავის გემოზე უფრო აკეთებს და ეს კარგი თვისებაა.

– კულინარიის გარდა, რა გამოგდით კარგად?

– წარსულში სპორტსმენი, მოკრივე ვიყავი. ეს ჩემთვის კულინარიაზე დიდი გატაცება იყო. 4-5 წელი პროფესიონალურ დონეზე ვვარჯიშობდი. მერე დიეტოლოგიით დავინტერესდი, შევისწავლე პროდუქტები და მათი შემადგენლობა. ერთი პერიოდი ჭადრაკითაც ვიყავი დაკავებული, ოღონდ მოყვარულის დონეზე.