,,სამი წინდა გამოიცვალა, უხდება თუ არა ფეხსაცმელს და შარვალსო – დედას ეკითხებოდა” – გიორგი შაქარაშვილის საბედისწერო დღე

,,სამი წინდა გამოიცვალა, უხდება თუ არა ფეხსაცმელს და შარვალსო - დედას ეკითხებოდა" - გიორგი შაქარაშვილის საბედისწერო დღე,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

იურისტი მირიან ნიკოლაძე ,,სარკეს” გიორგი შაქარაშვილის უკანასკნელ დღეზე უამბობს:

– ისე სათანადოდ მომზადებულა… დედამისი, თამუნა, მიყვებოდა, სამი  წინდა გადმოიღო და კითხულობდა, ამ შარვალს რომელი მოუხდება, ამ ფეხსაცმელზე როგორ იქნებაო. დავცინეთ კიდეც, დროულად მოემზადეო.

ამ დაბადების დღისთვის ისე ემზადებოდა თურმე… და აღმოჩნდა არაგვში…

მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. დედამისი, თამუნა,  ჩემი ტოლია – 1976 წელსაა დაბადებული. ლევანი კი ჩემზე 4 წლით უფროსია. უწესიერესი ადამიანები არიან.  კარგი ოჯახი აქვთ, ფინანსურად გამართული და მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული. გიორგი მორიდებული იყო, ლაპარაკის დროსაც სულ ძირს იყურებოდა.  ვერავინ გაიხსენებს, რომ სადმე უზრდელად მოქცეულიყო. მამამისს ცხოვრებაში  კაციშვილისთვის არ უწყენინებია. დედაც ასეთივეა.

ოჯახს პირადში სწერენ ტროლები და რობოტები, გაყიდეთ, ფული აიღეთო. ეს მესიჯები რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ! დასაც სწერენ ასეთ მესიჯებს, დედასაც, მეც – არ გრცხვენიათ, რამდენი გადაგიხადესო. ზოგი იწყევლება, თქვენ არ გაიხარეთ, ბავშვის სახელი გაყიდეთო და ამის არსი ის არის, თუ რატომ არ მივეცით გამოძიების უფლება ამ ადამიანებს და რატომ ვენდობით საგამოძიებო ორგანოებს.

– მეგობრებს უწუნებენ, როგორ მოხვდა ასეთი კარგი ბავშვი ამ გარემოშიო.

– იმ გარემოში გიორგი მხოლოდ რამდენიმეს იცნობდა. ვისთანაც მეგობრობდა, ისინი დღე და ღამე მათ ოჯახში არიან. ფეხბურთის გუნდის ბიჭები უდგანან გვერდით და განსაკუთრებით კლუბ ,,საბურთალოს” მფლობელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი. ის ოჯახის წევრივითაა და რითიც შეუძლია, ამ ოჯახს ყოფას უმსუბუქებს. საოცარი ადამიანი ყოფილა.

ინტერვიუები სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”