ნუგზარ ერგემლიძეს ამერიკაში მცხოვრებმა ქალმა ოცნება აუსრულა

ნუგზარ ერგემლიძეს ამერიკაში მცხოვრებმა ქალმა ოცნება აუსრულა,,სარკე”, ია ქუთათელაძე

კომპოზიტორმა ნუგზარ ერგემლიძემ მშობლიურ ქალაქ ბათუმსა და ბათუმელებზე სცენარი შექმნა. ,,ერთხელ ბათუმში” – ამ სათაურით აჭარის ტელევიზია იღებს მრავალსერიიან სატელევიზიო ფილმს.

ნუგზარ ერგემლიძე:

– გასულ წელს გავაკეთე სცენარი, რომლის ძირითადი მასალა ჩემი წიგნიდან ,,არმაგედონის მათრახიდან” ავიღე. ჩანაფიქრი ჩემს მეგობრებს გავუზიარე. მათ ეს იდეა აიტაცეს და პროექტი აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, მიუტანეს. შემდეგ სამხატვრო საბჭოზე გაიტანეს და დაამტკიცეს.

– რა ამბავს სთავაზობთ ტელემაყურებელს?

– ეს არის რეალური და ცოტა მისტიკური ამბავი ადამიანებზე, სიყვარულზე, ოცნებების ასრულებაზე, რაშიც გმირებს ოქროს თევზი ეხმარება.

– თქვენი ოქროს თევზი თავად თუ გისრულებთ სურვილებს?

– ჩემმა ოქროს თევზმა ერთი სურვილი უკვე ამისრულა. კარგა ხნის წინ დავასრულე მეოთხე წიგნი ,,მეამინე”. მოგეხსენებათ, გამოსაცემად ფინანსები არ მქონდა.

საახალწლოდ მე, ნუგზარ კვაშალი და ზურა კობეშავიძე ამერიკაში მიგვიწვიეს. ნუგზარ კვაშალს იქ დიდი ხნის მეგობარი ჰყავს, ქალბატონი ნინო ჩეხოშვილი, რომელმაც ნიუ იორკში დაგვპატიჟა ვებერის ოპერაზე ,,ოპერის აჩრდილი”. სანამ წარმოდგენა დაიწყებოდა, რესტორანში მიგვიპატიჟა.

მანჰეტენზე საუცხოო რესტორანი იყო – ,,გოლდ ჰოლივუდი”. იქ ყველაფერი ჰოლივუდის ცნობილი ფილმების მიხედვით იყო მოწყობილი – მფრინავი თეფშები, ვარსკვლავური ომები… მოკლედ, ზღაპრული სამყარო დაგვხვდა.

უცებ  ოქროს თევზი გამახსენდა და გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, ქალბატონმა ნინომ თქვა, მინდა, რამდენიმე ქართველ მწერალს წიგნის გამოცემაში დავეხმაროო. ვუთხარი, ხომ არ შეგიძლიათ, ჩემი წიგნის გამოცემა დააფინანსოთ-მეთქი. წაიკითხა და დამთანხმდა. წიგნი უკვე დაიბეჭდა.

ასე რომ, ზღაპარი ოქროს თევზზე მართალია! იოცნებეთ და შეგისრულდებათ!