მარტა ბარამიძე: ,,რაღაც პერიოდებს ამოვგლეჯდი ჩემი ცხოვრებიდან”

მარტა ბარამიძე: ,,რაღაც პერიოდებს ამოვგლეჯდი ჩემი ცხოვრებიდან'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მარტა ბარამიძეს, რომელიც საზოგადოებამ კულინარული შოუ ,,მასტერშეფიდან” გაიცნო, მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი. მშობელ დედაზე მხოლოდ ის იცის, რომ 3 500 მანეთად გაყიდა. ბათუმში დედობილ-მამობილთან ერთად ცხოვრობდა.

ფიზიკურ ძალადობასა და შიმშილში გაზრდილი გოგონა როგორც კი მიხვდა, დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა, ბათუმი მიატოვა და თბილისში ჩამოვიდა. ახლა ამბობს, რომ სამყაროს მადლიერია, თუმცა გადატანილმა ტრავმებმა თავისი კვალი მაინც დააჩნია.

მარტა ბარამიძე:

-რაღაც პერიოდებს ამოვგლეჯდი ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა, რაც ჩემს გზაზე შემხვდა, სამყაროს მიმართ მადლიერი ვარ. თითოეულმა ნაბიჯმა, გადატანილმა სიხარულმა თუ ტრავმამ ბევრი გამოცდილება და ცოდნა დამიგროვა.

ადამიანებს გვაქვს არჩევანი და შეგვიძლია ავირჩიოთ, რას როგორი კუთხით შევხედავთ. გადავწყვიტე, ყველაფერს მადლიერებით ვუყურო და მართლაც გულწრფელად მადლიერი ვარ იმისა, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება. სრულიად სხვა ეტაპი დგება ცხოვრებაში, როდესაც სამყაროს მიმართ ღია ხდები. ბევრ რამეს სწავლობ –  არ ხარ წუწუნა, არ ჯუჯღუნებ, არ ბრაზდები… პირიქით, მშვიდდები. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ არ ბრაზდები და იწყებ ფიქრს, იმას როგორ შეცვლი.

– ბავშვობის ტრავმები დავიწყებას მიეცით?

დიახ, მადლიერებით მივიღე ყველაფერი. კი, რაღაცები დამიტოვა… ყოველთვის ყველაფერი ტოვებს თავის ნარჩენებს სამყაროში, არც ერთი ენერგია არ იკარგება. დამიტოვა რაღაც სიმპტომები, ნიშნები, თუმცა ამის გადალახვასაც ვცდილობ და ამასაც მადლიერი ვიღებ, რომ ეს გზა უკვე გავიარე.