ლანა ბერძენიშვილი: ,,სოფის საფლავზე ერთი ყვავილიც არ მოუტანიათ”

ლანა ბერძენიშვილი: ,,სოფის საფლავზე ერთი ყვავილიც არ მოუტანიათ",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე ექსკურსიაზე ყოფნისას დაღუპული 16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ბერძენიშვილი ,,სარკესთან” ყვება:

-წინა დღეს სოფი რომ მოვიდა სახლში, მითხრა, ერთი ლაგოდეხელი გვყავს კლასში და მან თქვა, ვიბანაოთ, იქ ყოველ წელს დავდივართ და ვბანაობთ, საშიში არაფერია, მუხლამდეა წყალიო. არ ვიყავი ნამყოფი და ჩემს ლაგოდეხელ თანამშრომელთანაც ვთქვი, სად ვუშვებ ბავშვს, ჩანჩქერია, წყალია და არ დამეხრჩოს-მეთქი. მიპასუხა, რა სისულელეა, მუხლამდე წყალიაო…

ასეც არის – მუხლამდე წყალია. ცოტა ღრმა წყალი სადაცაა, ბიჭები თავით ხტებოდნენ, გოგოები კი მხოლოდ ვსველდებოდითო, ერთი გოგო მომიყვა.

თითქმის ყველამ იბანავა. სოფი კი წყალზე დაწვა. არ ჩანდა გადასავარდნი, გადაჰყვა წყალს და დიდ ქვაზე თავი დაარტყა, თორემ არაფერი დაემართებოდა. ის ლოდი რომ არ ყოფილიყო, ჩანჩქერს გადაჰყვებოდა და მერე ამოყვინთავდა.

არ ვამბობ, რომ განზრახ უნდოდათ, ეს მომხდარიყო და კარგ დღეში არიან. ჩემს შვილს ორივე მასწავლებელი უყვარდა, მაგრამ რა გავაკეთო, როცა მათი ბრალეულობა იკვეთება?! დამრიგებელს სიარული დაეზარა და ავტობუსში დარჩა, ფიზკულტურის მასწავლებელი კი, როცა ჩემი შვილი წყალში იყო, სელფებს იღებდა. იქ რომ ვინმე მდგარიყო, სოფის გააფრთხილებდა და გადაარჩენდა.

ახლა რომ ცრემლებს აღვარღვარებენ, მკითხეთ, რომელიმე მასწავლებელი მოვიდა ჩემთან, ჩამივარდა მუხლებში და მითხრა, მომკალით, რა გავაკეთოო?! ერთი ყვავილიც კი არ მიუტანიათ ჩემი შვილის საფლავზე.

როგორ იკადრეს, ის ეთქვათ, რომ დაუმორჩილებელი შვილი მყავდა! სითბოთი და სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ცუდს არავისზე იტყოდა. ნარნარა და წყნარი არ ყოფილა, ფეხბურთზე დადიოდა, დამოუკიდებელი გოგო იყო, მაგრამ, რა მერე, ასე უნდა თქვა?!

– ბოდიში რომ მოეხადათ, სინანული გამოეხატათ, შეიცვლებოდა თქვენი პოზიცია?

– ყველაზე მეტად იმაზე ვარ გამწარებული, ყრუ კედელი რომ აღმართეს და ალბათ ფიქრობდნენ, არაფერიც არ იქნებოდა და იტყოდნენ, რომ ის უბედური შემთხვევა ჩემი შვილის ბრალი იყო, მაგრამ გაირკვა ყველაფერი. რეინჯერების ჩვენებაც დევს საქმეში – დაბრუნდითო, მაგრამ ფიზკულტურის მასწავლებელმა უთხრა, ამ გზას კარგად ვიცნობ და არაფერი იქნებაო…

არანაირ პატიებაზე ლაპარაკი არ შემიძლია. შევდიოდი მათი სკოლის ფეისბუქგვერდზე და ყველაფერს ვხედავდი. დანაშაულსაც არ აღიარებენ და რომელ პატიებაზეა საუბარი?!

ინტერვიუ ქვეყნდება შემოკლებით