კახა ბასილიას სახლში ,,წინასწარმეტყველი” ძაღლი ჰყავს

,,სარკე”, ნანა კობახიძე

კარატეს ლიდერს, კახა ბასილიას, ცხოველებს შორის ყველაზე მეტად ძაღლები უყვარს, რადგან მათში საუკეთესო და იშვიათ თვისებებს ხედავს, რომლებიც თვით ადამიანებშიც იშვიათია – უანგარო სიყვარული, ერთგულება და თავგანწირვის უნარი.

კახა თბილისში, ელიას მთაზე, კერძო სახლში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მათ კარმიდამოს სხვადასხვა დროს იცავდნენ – პიტბული, დობერმანი, ქართული ნაგაზი… ყველაზე ჭკვიანი კი ახლანდელი ბინადარი, მაქსი, გამოდგა.

კახა ბასილია:

– ძაღლი ერთადერთი არსებაა შემორჩენილი დედამიწაზე, რომელსაც უანგარო  სიყვარული შეუძლია, რაც ასე აკლია ადამიანებს და ჩვენს ცივილიზაციას.

–  რომელი ძაღლი იყო თქვენს ხასიათთან ახლოს?

– ქართული ნაგაზი, ლომა ერქვა. ვაჟკაცური იყო, ქართული ხასიათით.

– ერთხელ ლომამ კბილი გაგკრათ. რატომ მოხდა ეს?

– ქართულ ნაგაზს ისე უნდა მოექცე, როგორც ადამიანს. ლომას ბრძანებები არ უყვარდა და არც ემორჩილებოდა. იმ დღეს საქმეზე მაგვიანდებოდა. ეზოში არ შემოდიოდა და მოვქაჩე – ავტომატურად მოვექეცი ისე, როგორც ძაღლს, კბილი გამკრა. ძლივს შევრიგდით. ლომა 5 წლის მოგვიკვდა. მერე მაქსი მოვიყვანეთ. მაქსი ჭკვიანი და ინტელექტუალია,

აქვს მოვლენების წინასწარ შეგრძნების უნარი, მძაფრი ყნოსვა და ინტუიცია. საქართველოში მცირე მიწისძვრები რომ ხდებოდა, მაქსი წინდაწინ იწყებდა ფორიაქს.

– ორთაბრძოლების დიდოსტატს, ძაღლების ჩხუბთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება გაქვთ?

– ერთხელ თბილისის ზღვაზე ლომას ვასეირნებდი. შემომხვდა ბიჭი ბულტერიერით. მითხრა, ვაჩხუბოთო. მივუგე, ძაღლები რატომ უნდა ვაჩხუბოთ, მე და შენ ვიჩხუბოთ-მეთქი. გამეცალა.

ძაღლების ჩხუბი საშინელი სანახაობაა! ეს იგივეა, შენი ერთგული მეგობარი გაიმეტო და ფულზე აჩხუბო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”