დათო დარჩია: ,,მე და ჩემი ცოლი ერთმანეთისგან ვისვენებთ”

დათო დარჩია: ,,მე და ჩემი ცოლი ერთმანეთისგან ვისვენებთ",,სარკე”, ია ქუთათელაძე

25 წელი რუსთაველის აკადემიური თეატრის სცენაზე და წარმატებით შესრულებული როლები სპექტაკლებში, მხატვრულ ფილმებში, ტელესერიალებში – ეს მსახიობ დათო დარჩიას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სრულიად ახალგაზრდამ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმში ,,წარსულის აჩრდილები” და მაშინვე ცხადი გახდა, რომ მისი სახით ღირსეული წევრი შეემატა ქართველ მსახიობთა დიდ ოჯახს. ერთი წლის წინ ამბობდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ახლა რა მდგომარეობა აქვს, ,,სარკეს” ესაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია ივლისში):

– საბანკო ვალდებულები მქონდა, რომლებსაც ვერ ვიხდიდი. რემონტისთვის გამოვიტანეთ თანხა. მერე მის დასაფარად მეორე სესხი ავიღე და ბოლოს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

ეს პრობლემა გარკვეულწილად მოვაგვარე. სახლის ნახევარი გავყიდე და ნაწილობრივ გადავიხადე. დედა წავიდა ამერიკაში. ისიც მეხმარება.

– იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, რომელმაც 90-იანი წლები გამოიარა…

–  ამ ქაოსმა მეც ჩამითრია. დავდიოდი ავტომატით, რომელიც თავდაცვის მიზნით ვიშოვე. თავისებური ხიბლიც ჰქონდა იარაღის ტარებას.

ბიჭები სროლით შევსულვართ პურის ქარხანაში, პური წამოგვიღია და მერე უბანში დაგვირიგებია. ძირითადად მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს ვაწვდიდი. არ ვიცი, სადამდე მივიდოდი, ოჯახი რომ არ შემექმნა. ცოლი ძალიან მიყვარდა და ვეცადე, როგორც მოეწონებოდა, ისეთი ცხოვრება დამეწყო.

– თანაცხოვრებისთვის 25 წელი ცოტა არ არის. არ ხუნდება სიყვარული?

-ერთმანეთი გვიყვარდა და ბევრ სიძნელეს მოვერიეთ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, ერთმანეთისგან დასვენება ხდება საჭირო. სამწუხაროდ, ჩემს ოჯახში ახლა ასეთი პერიოდია. დრო გვიჩვენებს, რამდენად გვეძვირფასება ერთმანეთი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”