თიკა ჯამბურიას სახლში იშვიათი ჯიშის ძაღლები ჰყავს – ,,ექიმების დახმარებით გადავარჩინეთ ტერი”

თიკა ჯამბურიას სახლში იშვიათი ჯიშის ძაღლები ჰყავს - ,,ექიმების დახმარებით გადავარჩინეთ ტერი",,სარკე”, ნანა კობახიძე

მომღერალ თიკა ჯამბურიას მეგობრობა შინაურ ცხოველებთან ბავშვობიდან დაიწყო. 5-6 წლის იყო, მამამ რომ მცირე ტანის ძაღლი, სახელად ფაბი, მიუყვანა. ძაღლები უზომოდ უყვარს და განსაკუთრებით აფასებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოველები უყვართ.

ამჟამად ოჯახში იშვიათი ჯიშის ძაღლები ჰყავთ: საუცხოო თეთრი ბულტერიერი და თოჯინასავით ლამაზი, ოთხფერა შიცუ. ბულტერიერი თიკას დისშვილის, გუკას, ძაღლია, ხოლო შიცუ – თიკას შვილის, ნინას, ლეკვია. დედა და შვილი ულამაზეს ცუგას ერთად ზრდიან. თიკას ბულტერიერზეც დიდი ამაგი აქვს.

თიკა ჯამბურია:

–  ნინას ლეკვი ძალიან უნდოდა. ცხოველები უზომოდ უყვარს და სურვილი აქვს, ვეტერინარი გამოვიდეს. ძაღლების არ ეშინია, ყველას ეფერება და ეხუტება ქუჩაში.

მინდოდა, გამეხარებინა და კარანტინის პერიოდში შიცუ ვიშვილეთ. ნინას მამამისმა (ბექა ხოფერია – რედ.შენ.) მოუყვანა. აღმოსავლური ჯიშია, საგანგებოდ გამოყვანილი ბავშვებისთვის. ტოკიო დავარქვით. ულამაზესია, ოთხფეროვანი –  თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ჟღალი ფერები აქვს.

– მართლაც ძალიან ლამაზი და საყვარელია.  იშვიათი ჯიშის ჩანს.

– მეგონა, თბილისში ბევრს არ ჰყავდა, მაგრამ  გავწევრდი ფეისბუქჯგუფში და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრს ჰყავს.

რა თვისებებს ამჟღავნებს პატარა ტოკიო?

ყველა ძაღლისგან განსხვავდება. ძალიან მშვიდი და კეთილია. სიავის ნასახიც არ აქვს. არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის. 5 თვის ლეკვია, პატარა ბავშვივით არის, სულ უნდა, რომ შენთან იყოს და ხელში გყავდეს. როგორც კი დაგინახავს, მყისვე მორბის და გკოცნის. ზედმეტად არ გაწუხებს, ყოველმხრივ კარგი ძაღლია, უზომოდ თბილი და მოსიყვარულეა.

– როგორ შეხვდა ბულტერიერი შიცუს, დამეგობრდნენ?

– ჯერჯერობით ერთმანეთს ვარიდებთ, სიფრთხილეს ვიჩენთ. ბულტერიერი ძლიერი ჯიშია, შეიძლება პატარა ლეკვს თათი მოარტყას და უნებურად რაიმე დაუშავოს. ძალიან მინდა, იმეგობრონ.

– ნინა დამოუკიდებლად უვლის ტოკიოს?

– ჩემი შვილი ძალიან მზრუნველია, თვითონვე უკეთებს საჭმელს და სასმელს, დოზები იცის. ლეკვს სპეციალური ძაღლის საკვებით ვკვებავთ. ნინა ე.წ. კენგურუს ჩამოიკიდებს, ტოკიოს ბავშვივით ჩაისვამს და ასე ვასეირნებთ.

– ალბათ ცუგრუმელას ოჯახში ძალიან ანებივრებთ.

– კარანტინის დროს მისთვის ლოგინი ვერ ვიშოვეთ და ჩვენ შევუკერეთ. ლამაზი გამოვიდა. მე შევკერე, ნინა მეხმარებოდა.

მიხარია, რომ ოთხფეხა მეგობრები ჩემი ოჯახის ყველა წევრს უყვარს. თავიდან დედაჩემი კატეგორიულად უარს ამბობდა ახალი ლეკვის აყვანაზე, რადგან ბულტერიერი უკვე გვყავდა და სახლის პირობებში ამდენი ცხოველის ყოლა აღარ უნდოდა, თუმცა, ტოკიო რომ მოვიყვანეთ, იმ წამსვე შეუყვარდა. ოჯახის თითოეული წევრი უვლის და მის გამო ღელავს.

სახლიდან რომ გავდივარ, აუცილებლად უნდა მოვიკითხო, როგორ არის ტოკიო, ვიდეოთიც ველაპარაკები… განსაკუთრებით მე და ნინა ვუყვარვართ. ბედნიერია, რომ გვხედავს. საოცარი შეხვედრა აქვს, სიხარულისგან დახტის.

– ამ თოჯინასავით ლეკვს ალბათ ტანსაცმელს და აქსესუარებსაც ყიდულობთ.

– კი, ფეხსაცმელებიც აქვს, ვარდისფერი და წითელი კაბებიც. საყვარელი სანახავია.

– თეთრ ბულტერიერზეც ვისაუბროთ, როგორ მოხვდა თქვენს ოჯახში და რა თავისებურებები ახასიათებს.

– ჩემი დისშვილი ოცნებობდა ამ ჯიშის ძაღლზე. მეც ძალიან მომწონდა. ,,ფეისბუქზე” ერთმა ბიჭმა დადო ფოტო თეთრ ბულტერიერთან ერთად გადაღებული და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე. მერე მან ლეკვი შემომთავაზა, თუ გინდა, გაჩუქებო. სიხარულით ვიშვილეთ.

ლეკვს ენტერიტი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აღმოაჩნდა. ამის გამო მთელმა ოჯახმა ძალიან ვინერვიულეთ. ნინას ღამეები არ ეძინა განცდებისგან, კლინიკაში ლეკვს თავზე ადგა… შესანიშნავი ვეტერინარების, ირაკლის და მაშოს,  დამსახურებით გადავარჩინეთ. ტერი ახლა 11 თვისაა.

– ალბათ ავადმყოფობის შემდეგ სპეციფიკური მოვლა სჭირდება.

– სათუთი, სპეციფიკური მოვლა უნდა. თან ალერგიულია და მხოლოდ მაღალი ხარისხის, ანტიალერგიულ ძაღლების საკვებს ვაძლევთ. სპეციალურ ვიტამინებსაც ვამატებთ ბეწვის ცვენის დროს.

– ბულტერიერის ჯიშის ძაღლი, გარდა იმისა, რომ კარგი კომპანიონია, მებრძოლი ბუნებით გამოირჩევა, აქვს ჩავლების სპეციფიკური მანერა – კბილს თუ ჩაგავლებს, ვერაფრით მოიცილებ. ხომ არ იწვევს ტერის დანახვა ქუჩაში მოსიარულეთა შიშს?

– ტერი ძალიან მშვიდობისმოყვარე და კეთილი ძაღლია. მის მიმართ ოჯახის წევრები განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს ვიჩენთ – ის ხომ სიკვდილს გამოვტაცეთ ხელიდან. თბილი ოჯახური გარემო დადებითად მოქმედებს მასზე.

აღზრდასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ტერი აგრესიული კი არა, ზედმიწევნით კეთილშობილი, ადამიანების და ცხოველების მოყვარული, უთბილესი ძაღლია. ზოგჯერ ქუჩაში ისე უყურებენ, როგორც საშიშ, მკვლელ ძაღლს, რაც ძალიან მწყინს. ამის გამო ადამიანებთან შელაპარაკებაც არაერთხელ მომსვლია.

ტერი სხვა ძაღლების მიმართაც კეთილგანწყობილია. ჩემი ახლობლის მეტისთან მეგობრობს, სახელად მესისთან. თან ულამაზესია, თეთრი სხეულით, შავი თვალებით.

– თქვენი ბულტერიერი უსმენოა. ეს თავად მას და ოჯახის წევრებს დისკომფორტს არ გიქმნით? ამ პრობლემას როგორ უმკლავდებით?

– თავიდან არ ვიცოდით, რომ თეთრ ბულტერიერებს მიდრეკილება აქვთ სიყრუისადმი, თუმცა თავად ისინი ამას ვერ ხვდებიან. მწვრთნელმა,  გია მჭედლიშვილმა, ტერის ბევრი რამ ასწავლა. უსმენო ძაღლებისთვის არსებობს სპეციალური მეთოდი, ხელების მოძრაობით უნდა აუხსნა, რომ უნდა ჭამოს, რომ ძილის დროა და ა. შ.

– როგორც ვიცი, ბულტერიერიც გამოყვანილი ჯიშია. ამაზე რას გვეტყვით?

– დიახ. ცნობილია, რომ მე-19 საუკუნეში ბირმინგემელმა კინოლოგმა, ჯეიმს ჰინკსმა, ჩაატარა ექსპერიმენტი და სხვადასხვა ჯიშის შერევით გამოიყვანა ბულტერიერი. თვითონ ჰინკსიც უპირატესობას თეთრ ბულტერიერს ანიჭებდა. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს: მოუსყიდველია, შეუპოვარი, ბავშვების მოყვარული…

დიდ ბრიტანეთში მაშინ ეს თეთრი არსება არისტოკრატების ფავორიტ ძაღლად იქცა. დღემდე ინარჩუნებს მოდურობას. თუმცა თეთრმა ბულტერიერმა გამოავლინა მგრძნობელობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ამ მხრივ მზრუნველობა სჭირდება. ასევე – თავიდანვე საჭიროა მისი თანმიმდევრული, სწორი წვრთნა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ოთხფეხა არსებებთან მეგობრობა?

– სიხარული მოაქვს ჩემთვის, ბედნიერებას მანიჭებს. შემიძლია საათობით ვისეირნო მათთან ერთად, არ მბეზრდება. მინდა, მომავალში ოთხფეხა მეგობრებისთვის თავშესაფარი გავხსნა და ბევრ ძაღლს ვუპატრონო.