,,საბერძნეთში დამირეკეს, შენმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩოო” – რას ყვებოდა ,,სარკესთან” ლია ადამაძე, რომლის ცხედარიც ათენში ნახეს

,,საბერძნეთში დამირეკეს, შენმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩოო" - რას ყვებოდა ,,სარკესთან" ლია ადამაძე, რომლის ცხედარიც ათენში ნახეს,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

,,არ ვიცი, ამ ტკივილს როდემდე გავუძლებთ”, –  უთხრა ერთი წლის წინ ,,სარკეს” ლია ადამაძემ, რომელიც დისშვილის თვითმკვლელობით იყო შეძრული. ივნისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლია ადამაძემ საბერძნეთში თავი მოიკლა. ის 21 წლის იყო.

ადამაძეების ოჯახში პირველი ტრაგედია გასული წლის სექტემბერში დატრიალდა. თერჯოლის სოფელ ჭოგნარში ლია ადამაძის დისშვილი, 14 წლის ლუკა ბასილაძე, სახლის ეზოში გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი მოიკლა. მაშინ ოჯახი სუიციდს ჯერ ინტერნეტთამაშ ,,ლურჯ ვეშაპს” აბრალებდა, შემდეგ კი თანაკლასელების ბულინგს.

-მე საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემი დაც სამი თვის წინ ჩამოვიდა აქ. დამირეკეს, შენმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩოო… ეს იყო ბულინგი, არანაირი ლურჯი ვეშაპი! სოციალურ ქსელში იყო გაკეთებული ჩატი, სადაც 8 ბავშვი აბულინგებდა. არ ვიცი, რაზე დასცინოდნენ, რადგან ბავშვი იყო უნაკლო, თბილი, კეთილი და საოცარი ადამიანი. შეიძლება შურდათ კიდეც მისი…

ერთ-ერთი კლასელი მე ამოვიცანი იმ ჩატიდან და მივწერე, რატომ დასცინოდით ჩემს დისშვილს, რატომ მიიყვანეთ თვითმკვლელობამდე-მეთქი. მისი პასუხი იყო გასაოცარი, არანაირი ტრაგედიის გაზიარება ან მწუხარება, მხოლოდ ის მითხრა, ვხუმრობდით და რა ვიცოდი, თავს თუ მოიკლავდაო.

არ ვიცი, ამ ტკივილს როდემდე გავუძლებთ. მინდა, ბოლო იყოს ასეთი ტრაგედია, რადგან ვიცი, რომ სკოლებში ხშირია ბავშვების ბულინგის შემთხვევები, – ყვებოდა ლია ,,სარკესთან”. რამდენიმე თვის შემდეგ კი მისი ტრაგიკული ამბავიც გავრცელდა.

ლია ადამაძეს საბერძნეთში 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლოს მისი ცხედარი მეგობრებმა ათენში, სახლში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 4 დღის გარდაცვლილი იყო.