ქუთაისელი ლუკა ნიკოლაძის ტრაგედია – ,,იქნებ დედამიწის საკრალურ ადგილას გვაქვს საქმე ან რაღაც ბნელ ძალებთან?”

ქუთაისელი ლუკა ნიკოლაძის ტრაგედია - ,,იქნებ დედამიწის საკრალურ ადგილას გვაქვს საქმე ან რაღაც ბნელ ძალებთან?",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

10 ივნისს ქუთაისში უბედურება დატრიალდა. მდინარე წყალწითელაში 15 წლის ბიჭი, ლუკა ნიკოლაძე, დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, იქვე მყოფმა თანატოლებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მეზობლები ყვებიან, რომ ზაფხულის ცხელ დღეს მოზარდები მდინარეზე გაიპარნენ და ტრაგედიაც მაშინ დატრიალდა. ,,სარკეს” ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუმარტეს, რომ ადგილზე მისულ ექიმებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ (მასალა მომზადებულია ტრაგედიის დღეებში).

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ხდება. დაღუპულის ახლობლები და  ქუთაისის მოქალაქეები მდინარის საბანაო პერიმეტრზე,  უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამაშველო სამსახურის პოსტების განთავსებას მოითხოვენ. ქუთაისში ამბობენ, რომ წელიწადი არ გავა, მდინარემ ახალგაზრდის სიცოცხლე არ შეიწიროს.

,,სად გვყავს ჩვენ სასიკვდილო ბავშვები?! წელი არ გავა, ქუთაისის მახლობლად, მდინარე წყალწითელადან გლოვის, ტირილის და კივილის ხმა არ გავიგონოთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები იპარებიან და მერე ასეთი ტრაგედიები ხდება.

ერთ წელიწადს არასრწულოვნებს საკუთარი თანატოლი  რომ მდინარეში დაეხრჩოთ, შიშით ვერ გაამხილეს სახლში, გამოიპარნენ და მთელი ქალაქი გაუჩინარებულ ბავშვს ეძებდა, რომელიც თურმე მდინარემ იმსხვერპლა.

ზაფხულის ცხელ დღეებში მთელი ქუთაისი ამ მდინარეზე დადის. როგორ, არ შეიძლება, რომ სამაშველო ჯგუფმა თუნდაც ორი მაშველი გამოყოს და ეს პერიმეტრი აკონტროლოს?!” – თანამოქალაქეების აზრს ქუთაისის მკვიდრი ნატო  ბალანჩივაძე გამოხატავს.

– 22 წელი ვმუშაობდი მდინარე წყალწითელას სანაპიროზე არსებულ ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორად. ამ ხნის განმავლობაში ერთი წელიც არ ყოფილა ისეთი, რომ ცურვის სეზონზე ორი-სამი ადამიანი არ დამხრჩვალიყო, განსაკუთრებით ბავშვები და ისიც ერთსა და იმავე ადგილზე, სადაც არც ისე ღრმა წყალია. ზოგადად წყალწითელა ღრმა საერთოდ არ არის.

არაერთხელ მივმართე ქალაქის ხელისუფლებას, რომ აღნიშნულ ადგილზე დადგან სათანადო გამაფრთხილებელი სტენდი, რომ იქ ბანაობა აიკრძალოს, მაგრამ ამისი გაკეთება ვერ უზრუნველყო მან, ვისაც ეს ეხებოდა, – ყვება გიული მუშკუდიანი, –  ტრაგედიები  გრძელდება. ვუთანაგრძნობ დაღუპული მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს და მოვუწოდებ ქალაქის ყველა მცხოვრებს, მოითხოვონ მდინარესთან, იმ ტრაგიკულ ადგილას გამაფრთხილებელი სტენდის დადგმა, წარწერით: ,,ცურვა აკრძალულია!”.

არავინ იცის, რა ძალაა ისეთი, რომ ყოველ ზაფხულს ასეთი უბედური შემთხვევები ხდება. იქნებ დედამიწის რაღაც საკრალურ ტერიტორიასთან გვაქვს საქმე ან რაღაც ბნელ ძალებთან. ბევრი ამოუხსნელი კითხვა იბადება, ამიტომ უნდა აიკრძალოს იქ ბანაობა, რისთვისაც სათანადო ზომებია გასატარებელი. ნუ გაწირავთ ადამიანებს დასახრჩობად!