ყაბაყი ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელს უწყობს

ყაბაყი ბავშვის ზრდა-განვითარებას  ხელს უწყობს,,სარკე”, ნათია ტოტიკაშვილი

ყაბაყი დაბალკალორიული ბოსტნეულია. მისი ყოველი კილოგრამი მხოლოდ 270 კკალ-ს შეიცავს, ამიტომ, თუ თქვენი შვილი ჭარბ წონას ებრძვის, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოთ მის რაციონში.

ნაზი სტრუქტურის წყალობით, ყაბაყი არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ადვილად მოინელება და ორგანიზმის მიერ კარგად შეითვისება  მოხარშულიც და შემწვარიც, ამიტომ ბავშვთა კვებისათვის იდეალური პროდუქტია.

ყაბაყის შემდგენლობაში 90% ბუნებრივად კრისტალიზებული წყალია. აქვს შარდმდენი ეფექტი, რის გამოც განსაკუთრებით სასარგებლოა საშარდე გზების დაავადებების დროს.

შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც აუცილებელია უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვას, გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. ცოტაა პროდუქტი, რომელიც ისეთი რაოდენობით შეიცავს მიკროელემენტებს, რამდენსაც ყაბაყი. ის მდიდარია ტიტანიუმით, მოლიბდენით, ლითიუმით, თუთიით. მასში შემავალი კალციუმი და ფოსფორი კი ხელს უწყობს ბავშვის ძვლოვანი სისტემის და კბილების განვითარებას.

ა და ცე ვიტამინები, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ყაბაყის შემადგენლობაში, აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის, მისი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.

გახსოვდეთ, ყაბაყი, ისევე როგორც კიტრი, ზრდისას ნიადაგიდან აქტიურად იწოვს პესტიციდებს, მძიმე ლითონებს, ამიტომ საკვებად მხოლოდ საიმედო პროდუქტი უნდა შეარჩიოთ.

როგორ მოვამზადოთ ყაბაყი ბავშვისთვის

ყაბაყის პიურე (6 თვიდან)

მომცრო ზომის ყაბაყი გარეცხეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად. მოხარშეთ (სწრაფად იხარშება, ამიტომ დაახლოებით 7-10 წუთი საკმარისია).

ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავთ, მაშინ დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ისე, რომ დაიფაროს.

მოხარშული ყაბაყი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გამოწველილი დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და პიურე მზადაა.

ყაბაყის ოლადები (1 წლის და უფროსი ბავშვებისთვის)

2 საშუალო ზომის ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეათქვიფეთ 2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი რძე, დაუმატეთ პურის ფქვილი იმდენი, რომ არაჟნისებური მასა მიიღოთ. ეს მასა კოვზით, მცირე ულუფებით ზეთიან ტაფაზე დაასხით და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.