ნიკოლოზ რაჭველი: ,,მინდა, ეს საქმე დავასრულო”

ნიკოლოზ რაჭველი: ,,მინდა, ეს საქმე დავასრულო",,რა გინდათ, მოასწროთ 50 წლამდე?” – ,,სარკის” ამ კითხვას დირიჟორმა და კომპოზიტორმა, ნიკოლოზ რაჭველმა ასე უპასუხა:

– მინდა, შემოდგომაზე დავასრულო ოპერა ,,მედეა”, რომლის დადგმაც რამდენიმე ევროპულ თეატრს უკვე სურს. მინდა, სიმფონიური ორკესტრი ნელ-ნელა გადავაბარო ახალგაზრდა თაობის ნიჭიერ დირიჟორებს. ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ვადით ვარ არჩეული და, ორ წელიწადში, როცა ეს ვადა ამოიწურება, ამ თანამდებობაზე კენჭისყრას აღარ ვაპირებ. მინდა, ჩემი ცხოვრების დიდი დრო საკომპოზიტორო ცხოვრებას დავუთმო.

არ მინდა, ისე დავტოვო ეს თანამდებობა, მთავარი საქმე ბოლომდე არ მივიყვანო და ორკესტრი არ დავაბინავო თავის ან ახალ შენობაში. გამიხარდება, 50 წლის ასაკში თუ მექნება საამაყოდ, რომ ეს საქმე დავასრულე.

მინდა, ჩემი ნაწარმოებები სულ უფრო ხშირად ჟღერდეს ევროპის საკონცერტო დარბაზებში.

ავთო ჩიტიძე