მანიკა ასათიანი: ,,მე და ჩემმა ქმარ-შვილმა ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ”

მანიკა ასათიანი: ,,მე და ჩემმა ქმარ-შვილმა ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ",,სარკე”, ლელა დევდარიანი

ჟღალთმიანმა მოდელმა და ტელეწამყვანმა, მანიკა ასათიანმა, ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალური მობილიზება შეძლო და ქმარ-შვილს, კალათბურთელ ბექა წივწივაძეს და პატარა გიოს, რომელიც სკოლის მოწაფეა, მშვიდი გარემო შეუქმნა, რომ ნაკლები სტრესი მიეღოთ.

პანდემიის დროს მანიკას არც მუშაობა შეუწყვეტია და არც საჭირო ზომების დაცვა დაზარებია. დღემდე ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ და იმ ახალ რეალობასაც სტრესის გარეშე იღებს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა.

შექმნილმა ვითარებამ  მანიკას ის ასწავლა, რომ შორეული გეგმები არ დააწყოს. ისიც კი არ ვიცი, ერთ კვირაში რა იქნებაო, გვითხრა (ინტერვიუ ჩაწერილია ივნისში).

– მანიკა, როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი?

– როგორც ყველა მოაზროვნე მოქალაქე, მეც ვიცავდი ყველანაირ წესს, რომლებსაც ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები გვაძლევდნენ. ძირითადად სახლში ვიყავით. ჩემი სამსახური არ გაჩერებულა და ვმუშობდით, შაბათ-კვირას სულ ეთერში ვიყავით, დანარჩენ დღეებში  დისტანციურად ვმუშაობდით. სამსახურშიც ყველანაირ წესს ვიცავდით.

– ამ შიშმა გაიარა, დამშვიდდით?

– დღემდე ამ გამოწვევის წინაშე ვართ და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. პასუხისმგებლობა გვმართებს არამარტო საკუთარ თავის, არამედ გარშემომყოფების მიმართაც. შიში, პლუს სიფრთხილე – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავითავისოთ.

საბედნიეროდ, ჩემ გარშემო არავინ დაინფიცირებულა. ყველანი მშვიდად, ჯანმრთელად ვართ და იმედია, სულ ასე იქნება. ჯერ არავინ იცის, ვირუსის მეორე ტალღა იქნება თუ არა, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ამას უნდა შევეგუოთ ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

– რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?

-ზოგადად ცხოვრების რიტმი შეიცვალა ყველასთვის. რაღაცები მქონდა დაგეგმილი და, ბუნებრივია, გადაიდო. უცხოეთში კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, რომელსაც მე წავიყვანდი, მაგრამ გაუქმდა.

ამ ყველაფრის გამო საერთოდ არ ვნერვიულობ, მთავარია, ერთად დგომით შევძლოთ ამ ყველაფრის გადალახვა. დადგენილ წესებს ვემორჩილები. დღის ძირითად ნაწილს სახლში ვატარებ. თავიდან ეს უცხო შეგრძნება იყო, რადგან ცხოვრების ქაოსურ ტემპს ვარ მიჩვეული. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადგილას მიწევდა მისვლა-მოსვლა. პანდემიის დროს კი ჩემი ყოველდღიური რუტინა შეიცვალა, გადმოვერთე სახლზე, ოჯახზე, შვილის ონლაინ გაკვეთილებზე.

ვერ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აღვიქვი. თავიდან იყო შეგუების მომენტი და სირთულეები, მერე კი შევეჩვიეთ. მგონია, რომ რაღაც მხრივ კარგიც იყო. ასეთი თვისება მაქვს: ნებისმიერი ფაქტის და მოვლენის დადებითი მხრიდან დანახვა მიყვარს. ეს ძალიან მეხმარება ყოველდღიურობაში და ზოგადად ცხოვრებაში.

პანდემიასაც მივუდექი ისე, როგორც უკეთესი იქნებოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. შვილთან, მეუღლესთან, ოჯახის წევრებთან ვიყავი და რატომ უნდა მენერვიულა?!  ძალიან კარგი იყო სახლში ყოფნის პერიოდიც, მეტი დრო მქონდა ოჯახის წევრებისთვის. ერთმანეთი კიდევ უფრო ახლოს გავიცანით, ბევრი რაღაც ვასწავლეთ ერთიმეორეს.

გიოც ძალიან ბედნიერია. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ინერვიულა სკოლის ამ პერიოდზე, რომელიც სახლში გაატარა-მეთქი. მეგობრებთან კომუნიკაცია მაინც ჰქონდა,  ონლაინ გაკვეთილები უტარდებოდა, თანაც სახლში იყო საყვარელ ადამიანებთან ერთად და მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის.

გართობის თვალსაზრისით, ის პრობლემა იყო, რომ მეტ დროს ატარებდა ტელეფონთან და ტელევიზორთან. ბუნებრივია, რაღაცების დათმობა გვიწევდა, რადგან სახლში იყო გამოკეტილი.

– რას აკეთებდით იმისთვის, რომ ქმარ-შვილის განწყობაზე, ნერვულ სისტემაზე ამ ყველაფერს ცუდად არ ემოქმედა?

– ეს სტრესული მომენტები ყველამ ერთად გადავიტანეთ. როგორც გითხარით, თავიდან იყო სირთულეები, რადგან უცებ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლა. მით უმეტეს, სპორტსმენისთვის ეს რეჟიმი ძალიან ძნელია. ჩემი ქმარი ყოველდღიურ ვარჯიშს, ფიზიკური დატვირთვას ვეღარ ახერხებდა ისე, როგორც ადრე. ბექასაც ჰქონდა რთული მომენტები, მაგრამ ერთად ყოფნით და ოჯახური გარემოთი ყველაფერი გადავლახეთ.

ოჯახში როცა ჰარმონია, ბალანსი და ერთმანეთის გაგებაა,  შედარებით მარტივია ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ალბათ შეუძლებელია, 24 საათი ისეთ გარემოში გაატარო და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვერც უგებ და არც არაფერი გაქვს  მათთან საერთო. მგონია, რომ ჩვენთვის პირიქით იყო, ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ეს პერიოდი.

– რა შეიცვალა შემოქმედებითი საქმიანობის კუთხით?

– ტელეკომპანიაში კონკრეტული გადაცემები გაჩერდა, მაგრამ ჩვენი დარჩა. ასე რომ არ მომხდარიყო, უსაქმოდ ყოფნა ჩემთვის დამატებითი სტრესი იქნებოდა. საქმემ ხელი შემიწყო, უფრო მარტივად გადამელახა ყველაფერი. ტელეკომპანიაში ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშობას.

– რას გააკეთებთ, როცა ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება?

ტელეკომპანიაში ყოველდღე რამდენიმე სტუმარს ვხვდებით და სულ არის ამის განხილვა. ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გეგმის დასახვა ძალიან რთულია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. ამიტომ ამ რეალობას ბოლომდე არავინ ვართ მორგებული.

ვერ ვიტყვი, რომ ერთ თვეში წავალ აქ და იქ და გავაკეთებ ამას და იმას, რადგან არ ვიცი, ერთ კვირაში რა იქნება. ასე რომ, გეგმებს არ ვაწყობ.

– ივლისიდან საზღვრები იხსნება, ქვეყნებს შორის მიმოსვლა აღდგება. უცხოეთში ხომ არ გაემგზავრებით დასასვენებლად?

– ნამდვილად არ ვაპირებ უცხოეთში დასასვენებლად წასვლას. მგონია, რომ ამ ეტაპზე სარისკოა ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც. თუ აუცილებელი მიზეზი და გადაუდებელი საქმე არ იქნა, უბრალოდ გასართობად და დასასვენებლად ქვეყანას არ დავტოვებ. შემიძლია საქართველოშიც დავისვენო იგივენაირად, თუ უკეთესად არა.

ერთადერთი ის მსურს, რომ მთელი ზაფხული თბილისში არ შემოვრჩე. მინდა, რომ გიოსთან და ბექასთან ერთად  საქართველოს კუთხეები მოვინახულო, გიოს ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინო და ეს პერიოდი საინტერესოდ გავატაროთ ჩვენს ქვეყანაში.

მგონი, საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ სიამოვნების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა არ დაგვჭირდეს. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგად დავისვენოთ. ჩემი აზრით, საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ შიდა ტურიზმი განვითარდეს და ამაში საკუთარ წვლილსაც შევიტანთ.