მამულიჩა: ,,შეიძლება გავრეკო, ამაზე რომ ვიფიქრო”

მამულიჩა: ,,შეიძლება გავრეკო, ამაზე რომ ვიფიქრო",,ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა” – განაცხადა პროდიუსერმა, ლელა წურწუმიას ქმარმა, კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ ეკა მიშველაძის გადაცემაში.

-მინდა, რომ მუშაობის საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარება. 200 ლარი არავის ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც რამეში დაეხმარა. არ ვაპირებ იმ სოციუმში დაბრუნებას, რაშიც ვიყავი. ძალიან ბევრი ადამიანი თავის სათქმელს იტყვის…

ამ ვირუსისი ყველაზე ერთგული მოკავშირე არის ის ფსიქოზი, რაც ხდებოდა იმ სამი თვის გაბნმავლობაში. ახლა რას გვეუბნებიან, რომ ისევ ვიკეტებით?!  როდემდე? ზაფხულამდე, გაზაფხულამდე…

ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობა მაქვს, მყავს უფროს ასაკის დედა, მამა, შვილები, შვილიშვილი. რასაც მეუბნებიან, ვასრულებ, ვისპირტები, პირბადით დავდივარ… ცალკე იმაზე ვიფიქრო, სიმპტომები არ მქონდეს და მაინც რაღაცა მჭირდეს… მაგაზე რომ ვიფიქრი, შეიძლება საერთოდ გავრეკო, -განაცხადა კახა მამულაშვილმა გადაცემაში.

რამდენიმე თვის წინ, მაისში კი მან ,,სარკესთან” ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც შოუბიზნესი აღმოჩნდა.

კახა მამულაშვილი:

– ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. მთელი ქვეყანა ამუშავდა, მაგრამ ჩვენ კვლავ შეზღუდვებისა და მკაცრი რეგულაციების ჩარჩოებში აღმოვჩნდით. შოუბიზნესის წარმომადგენლები შეხვედრებს ვგეგმავთ კომპეტენტურ ადამიანებთან, რომლებსაც ეს საკითხი ეხებათ. გვინდა, ჩვენი მდგომარეობა ავუხსნათ და მოვისმინოთ მათი აზრი, თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა.

– ყველაზე დაჩაგრულ სიტუაციაში შოუბიზნესი აღმოჩნდა, არა?

– ყველაზე პრობლემატურები აღმოვჩნდით, რადგან მოთმინებით ველოდეთ, თუ როდის დადგებოდა ჩვენი ამუშავების დრო. პასუხად კი მივიღეთ, ჯერ არაო.

აღმოჩნდა, რომ შოუბიზნესს არასერიოზულად უყურებენ, არადა რეალურად ამ სფეროდან დიდი ფული შედის ბიუჯეტში. სახელმწიფომ ამ მხრიდან უნდა შეხედოს საკითხს და არა ისე, რომ ვიღაცას სიმღერა უნდა და თავისი შრომით ფულის გამომუშავება. აქტიური შეხვედრები უკვე დავიწყეთ და იმედი მაქვს, რამე კონკრეტულ შედეგამდე მივალთ.

– როგორია თქვენი ხედვა ამ კრიზისის მოგვარების თაობაზე?

– ჩვენ უნდა შემოგვხედონ ისე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას. შოუბიზნესი არამხოლოდ გართობა და ტანკლიტუნკლია. გართობა, კარგი გაგებით, ნიშნავს ჯანმრთელობისთვის დადებით თერაპიას.

ამ მძიმე მდგომარეობიდან უნდა ამოვიდეთ, რაშიც ბოლო თვეები ვართ. ადამიანებმა უნდა შეძლონ, ენერგია პოზიტიურად დახარჯონ. ამისთვის საჭიროა ან კონცერტზე, ან ქოწილში, ან თეატრში წავიდეს.

არ მესმის, ადამიანები თუ ტრასპორტში აუშვეს, მეტროში ჩასვლის უფლება მისცეს, მომღერალს და ბენდს მუშაობის უფლება რატომ უნდა შეუზღუდო ან ისეთი რეგულაციები რატომ უნდა დაუწესო, რომლებსაც ვერ შეასრულებს?!

რესტორნებსაც უჭირთ ამუშავება, რადგან ადამიანები იქ გასართობად და მუსიკის მოსასმენად დადიან. ასე თუ გაგრძელდა, ბანკეტები და დაბადების დღეები გადაინაცვლებს სახლებში და რესტორნებს ხალხი აღარ ეყოლება. ამხელა ინდუსტრიიდან თუ ბიუჯეტში ფული არ შევიდა, აბა, როგორ უნდა შეივსოს?!

პრობლემა ისაა, რომ ძალიან ბევრ მუსიკოსს მუშაობის იურიდიული ფორმა არ გააჩნია. საჭიროა რაღაც იურდიული ფორმის მოძებნა, რომლის შემდეგაც სახელმწიფო ამ ადამიანებთან უფრო ადვილად შეძლებს ურთიერთობას, დახმარებას.

ამ ყველაფერზე მინდა კომპეტენტურ პირებთან შეხვედრა და საუბარი, რადგან შოუბიზნესი ძალიან დიდია და მასში ბევრი ადამიანია თავმოყრილი. გაიგეთ, რომ ბიუჯეტისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან საჭირო ადამიანები ვართ!

მართლა აპირებთ პროფკავშირების მსგავსი ორგანიზაციის გაკეთებას შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის?

– პროფკავშირების – არა, მაგრამ შეიკრიბება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შექმნის გარკვეული სახის ორგანიზაციას თუ ასოციაციას და მისი საშუალებითაც გვექნება საუბარი სახელმწიფოსთან იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს სფეროშია. არ შეიძლება ქვეყანამ განვითარება დაიწყოს და ჩვენი ბიზნესი გაჩერებული იყოს.

– ინტერნეტში გავრცელდა ლელა წურწუმიას ციტატა, რომ კრედიტებს ვერ იხდით. რა ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა თქვენი ოჯახი?

– ეს არასწორად გაჟღერებული ფრაზაა. მაგალითად მოვიყვანე ის, რომ ამ სფეროში ყველას ბანკის ვალი აქვს. როცა მუშაობის საშუალებას არ გაძლევენ, საიდან უნდა გადაიხადო კრედიტი?! მე არა მხოლოდ ლელაზე ვლაპარაკობ, ჩემ გვერდით არის ბენდი ,,ნონ სტოპი” უზარმაზარი შემადგენლობით, რომელსაც აღარ აქვს ის შემოსავალი, რაც ჰქონდა. ჩემი ოჯახური ბიუჯეტის გამო არასდროს დამიწუწუნია, მაგრამ ვერ იქნები კარგად, შენ გქონდეს და მუსიკოსი უფულობის გამო რეპეტიციაზეც ვერ მოდიოდეს.

– რეალურად თქვენი ოჯახიც ხომ აღმოჩნდა ფინანსური პრობ-ლემების წინაშე?

– როგორც ბევრი ოჯახის შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ უძრაობის პერიოდმა ჩვენს ბიუჯეტსაც შეუქმნა პრობლემა. რამდენიმე თვე თუ კიდევ ასე გაგრძელდა, მაშინ უკვე სერიოზული პრობლემები იჩენს თავს.

– თქვენთვის, პირადად, რამდენად რთული იყო ამ პანდემიის პერიოდში ცხოვრება?

– კარგად იცით, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ, ვცდილობ, ყველაფერში იმედი დავინახო. ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობ და არა – ხვალინდელით. კარანტინის პერიოდში ჩემი კლასტერები მყავდა და მათ გარემოცვაში ვიყავი. ვცდილობდი, ჩემ ირგვლივ დადებითი ფონი შემენარჩუნებინა, რადგან, სახეზე რომ იმედგაცრუება და სასოწარკვეთა გამომსახვოდა, ეს ბევრ ადამიანში უიმედობას გამოიწვევდა.

– ამ რთულ პერიოდში მეუღლე ახალი კუთხით ხომ არ დაინახეთ?

– ლელა ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ყველა სირთულეს და ეს ძალიან მომეწონა. არ დაკარგა ფორმა, არ ჩავარდა დეპრესიაში. სულ საქმით იყო დაკავებული სახლში, ვარჯიშობდა და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.

– როგორი თანამებრძოლი გყავთ გვერდით ლელას სახით, რა ძალას გაძლევთ?

– ლელა ჩემთვის, ჩემი ჯგუფის წევრებისთვის და მეგობრებისთვის სტიმულია. ვერასდროს ნახავთ ისეთ ლელას, რომელმაც შეიძლება თავისი პრობლემა მოგახვიოთ თავს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება ოჯახის წევრებთან ურთიერთობასაც და მეგობრებთანაც.

– ძალიან მყარი და სტაბილური ოჯახი გაქვთ, რომელიც თითქმის 20 წელს ითვლის. რაზე დგას ეს ოჯახური ურთიერთობა?

– ერთმანეთის მიმართ ნდობაზე. პირველ რიგში, ჩვენ ვართ მყარი და სანდო მეგობრები, მეორე – შრომისმოყვარეები და მესამეა იღბალი. მივხვდი, რომ თუ კარგი ადამიანი ხარ, იღბალიც გაქვს.

– სოციალურ ქსელში ლელას ყოველთვის თამამად უწერთ კომპლიმენტებს, უხსნით სიყვარულს. მაგალთად, მახსენდება სიტყვები: ,,ჩემი ქალბატონი”. როგორ გამოხატავათ თქვენს გრძნობებს?

– ჩვენი ქმედებებით და დამოკიდებულებებით. საერთოდ არ მიყვარს ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკი, რადგან ხანდახან სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ძალიან თავისუფლები ვართ ურთიერთობებში და ერთმანეთს ძალიან ვენდობით. ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, გვიყვარს ცხოვრება და მეგობრებთან ურთიერთობა.

– დაბოლოს, მალე ვიხილავთ ლელა წურწუმიას სცენაზე?

– ყველა ვარიანტში, ბათუმში ბევრი კონცერტი უნდა გავაკეთო. ბევრ სასტუმროსთან მაქვს მოლაპარაკებები და ვიძლევი პირობას, რომ ჩვენი ხმები, ლელასი და “ნონ სტოპის”, ყველა კურორტზე გაჟღერდება!

 ავთო ჩიტიძე