ლადო კუჭუხიძე: ,,მეოჯახე კაცი ვარ, სახლში ფუსფუსი მიყვარს” – ფარცხანაყანევი იუმორისტის სიყვარულის ამბავი

ლადო კუჭუხიძე: ,,მეოჯახე კაცი ვარ, სახლში ფუსფუსი მიყვარს" - ფარცხანაყანევი იუმორისტის სიყვარულის ამბავი,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

ლადო კუჭუხიძე უკვე 15 წელია, ,,რუსთავი 2″-ის იუმორისტული გადაცემების სცენარისტი, მსახიობი და მუსიკალური ნომრების შემსრულებელია. ყველაფერი კი ქუთაისის იუმორისტულ გუნდ “პიკასოს ბიჭებიდან” დაიწყო. ისინი “რუსთავი 2”-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ და “შაბათის შოუში” მიიწვიეს.

...

ლადოს მას შემდეგ სამუშაო ადგილი არ შეუცვლია. წასვლაზე არც მაშინ უფიქრია, როცა მისმა კოლეგებმა ტელეკომპანია დატოვეს და ახალგახსნილ არხზე გადავიდნენ. იუმორისტი ახლა თბილისსა და მშობლიურ ფარცხანაყანევის გზაზეა გაკრული. როცა დავურეკეთ, თავის კარმიდამოს ალამაზებდა და ინტერვიუც (ჩაწერილია მაისში) მშობლიურ კუთხეზე საუბრით დავიწყეთ.

– ლადო, ახლაც მშობლიურ კუთხეში ხართ და, მგონი, პანდემიის პერიოდიც მანდ გაატარეთ.

– დიახ, კარანტინი მშობლიურ სოფელ ფარცხანაყანევში გავატარე. ნიკა არაბიძისთვის მუსიკალური ნომრები სოფლის ეზოში გადავიღე. მოგეხსენებათ, იმ დროს მარტო აფთიაქი და მარკეტები მუშაობდა და მაყურებელს შევთავაზე, როგორ უნდა ჩაიცვა მაღაზიაში. ლუდის ბოთლებისგან ფეხსაცმელები გავაკეთე, მაკარონის ყუთისგან პერანგი გამოვჭერი და ჩავიცვი. მიწის თხილის პარკისგან სათვალეები გავაკეთე და ასე შევასრულე ნომერი, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოეწონა.

იუმორისტი თემო ნიქაბაძეც თავის ეზოში იღებდა სხვადასხვა ვიდეორგოლებს და საზოგადოების დიდ მოწონებასაც იმსახურებდა.

– ანუ სოფელში გატარებული კარანტინი საკმაოდ შემოქმედებითად გამოიყენეთ.

– კი, ძალიან. მსიამოვნებდა, რომ ჩემს საყვარელ სოფელში ვიყავი, თან სცენარებზე ვფიქრობდი, თან ფიზიკურად ვმუშაობდი.

– სოფელში სხვა დროსაც შრომობთ ხოლმე თუ ახლა დაიწყეთ მიწის დამუშავება?

– კი, როგორ არ ვშრომობ. ახლაც იმერეთში ვარ და სანამ თქვენ დამირეკავდით, დაფნის ბუჩქის ღობეს ვკრეჭდი. ძალიან მწვანე ეზო მაქვს და მოვლა მიყვარს.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდი გამოვიყენე და მონატრებულ სოფელში დიდი დრო გავატარე. ერთხელ ვიხუმრე, კორონავირუსის სადღეგრძელო უნდა დავლიო-მეთქი. ვიმეორებ, ვიხუმრე, თორემ ეს ვირუსი ბევრ ადამიანს ძალიან ცუდად შეეხო.

– როგორ აუღეთ ალღო დისტანციურ მუშაობას?

ერთმანეთთან ონლაინ კავშირი გვქონდა,   ვმსჯელობდით, რა უნდა გაგვეკეთებია, სცენარისტები ვთათ-ბირობდით და ა.შ. კარანტინის პირობებში რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. ბუნებრივია, ადგილზე, “რუსთავი 2”-ში ჯობია თათბირი, მაგრამ ასე დისტანციური მუშაობაც რაღაცნაირად საინტერესო იყო.

– ნიკა არაბიძეც ონლაინ რეჟიმში მუშაობდა?

დიახ, ყველა, მათ შორის – ნიკა არაბიძეც. ის ნახშირღელეში, თავის სოფელში იყო. იქ მარანი გააკეთა, ფოტოები გვაჩვენა და ძალიან მოგვეწონა. მასთანაც უნდა ჩავიდეთ. ჩვენი სოფლები ძალიან გვიყვარს.

– გამოდის, როგორც კი თავისუფალი დრო გაქვთ, იმერეთში ჩადიხართ.

– რთულია მშობლიური ადგილის დავიწყება, კუთხურ კილოსაც კი ვერ იშორებ. შენი სახლის მონატრება მუდმივად დაგყვება. მე რომ თბილისში წავედი, 30 წლის კაცი ვიყავი და ამ დროს საცხოვრებლის შეცვლა ძალიან რთულია. როცა იმერეთში მივდივარ, მშობლებთან მიმიხარია, როცა თბილისში ვბრუნდები – ჩემს მეუღლესთან და ბავშვებთან მიმიხარია. სიმღერ-სიმღერით მოვდივარ იმერეთში. მიყვარს ჩემი სოფელი, ჩემი უბანი და, რასაკვირველია, მშობლებიც.

– მგონი, თქვენი დიდი იმერული იუმორისტული ოჯახიდან პირველი ნიკა არაბიძე წავიდა თბილისში.

– გადაცემა ,,შმატრული” რომ იყო, ნიკა არაბიძე მაშინ უკვე თბილისში ცხოვრობდა. ჩვენ, ,,პიკასოს ბიჭების”,   გუნდს მაშინ გვიერთდებოდა, როცა სცენარს დავწერდით. მის გარეშე კონცერტებს არ ვმართავდით. შემდეგ “პიკასოს ბიჭებს” შემოგვთავაზეს ,,რუსთავი 2″-ის იუმორისტულ კლუბში მონაწილეობა. მაშინ ხელმძღვანელი დათო გოგიჩაიშვილი იყო და მან მალევე ,,შაბათის შოუში” ჩართვა შემოგვთავაზა.

– არ გაგიჭირდათ ქუთაისსა და “პიკასოს ბიჭებზე” უარის თქმა?

– ძალიან გაგვიჭირდა. “პიკასოს ბიჭებიდან” ყველას არ დაუძახეს და დიდი გულისწყვეტა იყო, მაგრამ ბოლოს მაინც წასვლა გადავწყვიტეთ. 5 წევრი გავემგზავრეთ, 3 დარჩა და გუნდიც დაიშალა. ახალ წელს ქუთაისში მაინც ჩავდიოდით და კონცერტებს ვაკეთებდით.

იუმორისტულ გადაცემებს შორის დიდი კონკურენციაა, მაყურებელი უკვე ძალიან სახალისო ნომრებს ითხოვს. არ გიჭირთ ასეთ რეჟიმში მუშაობა?

– როცა კონკურენციაა, ცდილობ, ხარისხიანი გადაცემა გააკეთო და, როცა არ არის, დინებას მიჰყვები. ასე რომ, კონკურენცია კარგია.

– პარასკევს ,,მთავარ არხზე” იუმორისტული გადაცემა ,,ვანოს შოუ” გადის. ,,ნიკა არაბიძის” შოუ კი პარასკევის ნაცვლად ოთხშაბათს გადაიტანეთ. რამ განაპირობა ეს ცვლილება, კონკურენციის შიშმა ხომ არა?     

– არხის დირექტორმა გვითხრა, რომ სამუშაო კვირის ბოლოს, პარასკევს, ,,კურიერის” შემდეგ, პოლიტიკური ტოქ შოუს ჩასმა სურდათ და ამის შემდეგ 23:00 საათზე “ნიკა არაბიძის” შოუ დაიწყებოდა. ვითათბირეთ და ვიფიქრეთ, რომ ეს ტოქ შოუ ზუსტად თავის დროზე ვერ დამთავრდებოდა და მაყურებელიც დაიბნეოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ოთხშაბათს გადასულიყო და “კურიერის” შემდეგ დაწყებულიყო.

– გაამართლა დღის შეცვლამ?

– გაამართლა. ჩვენ პარასკევის რეიტინგსაც არ ვემდუროდით. ,,რუსთავი 2″-დან წავიდნენ იუმორისტები, ,,ვანოს შოუ” და, როცა ბრენდი სხვაგან გადადის, მას მაყურებელიც მიჰყვება, თუმცა ეტაპობრივად ჩვენც   ვიკრებდით ძალებს და რეიტინგს არ ვუჩიოდით.

– თქვენ რატომ გადაწყვიტეთ ,,რუსთავი 2″-ზე დარჩენა?

– ,,რუსთავი 2″-ში დირექტორი ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ვრჩებოდით და მუშაობას ვაგრძელებდით. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. განსაკუთრებულ საჭიროებას ვერ ვხედავდით, რომ წავსულიყავით.

– გუნდში სიახლე გაქვთ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლის შემსრულებული გამოჩნდა. ვინ არის ის?

– ჩვენი გუნდის ახალი წევრი ხათუნა ბერძენიშვილია. ჩვენმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, სადაც პრეზიდენტს ხმით ძალიან ბაძავდა. რაც შეეხება ვიზუალს, ჩვენ ისეთი ვიზაჟისტები გვყავს, რომ სასწაულებს აკეთებენ. ამ მიმართულებით გვიჭირდა, რადგან ყველა პაროდისტი “მთავარ არხზე” გადავიდა.   პაროდისტებს ახლაც ვეძებთ.

– საინტერესოა, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები, როგორი ხართ შინაურ გარემოში.

– მყავს მეუღლე და ორი შვილი – 10 წლის გოგო და 4 წლის ბიჭი. იუმორი სახლშიც მიმყვება. ბავშვებს ვართობ, ვეთამაშები. თუ გვიან მივდივარ, შვილებს სძინავთ და მარტო ხომ არ ვითამაშებ?!

– თქვენი სიყვარულის ამბავი გვიამბეთ.

– თბილისიდან გავიცანი ქუთაისელი გოგო სოციალურ ქსელ ,,ოდნოკლასნიკით”. მაშინ ეს ქსელი ძალიან მოდაში იყო. თამუნა როცა გავიცანი, მეტალოპლასტმასის საწარმოში მუშაობდა. მის მეგობარს დავუმეგობრდი, რომ თამუნასთან   დავახლოებულიყავი. მისი მეგობარი მიწყობდა ხელს და მისი დახმარებით შევხვდი. გაცნობიდან 6 თვეში ოჯახი შევქმენი. თამუნა ახლა ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის სათაო ოფისში მუშაობს.

– რით მოგხიბლათ, რატომ მიაქციეთ ყურადღება?

– სოციალურ ქსელში ჰქონდა ატვირთული ფოტო, რომლითაც მოვიხიბლე. ამის შემდეგ ძალიან დამაინტერესა და ვწერდი, შემდეგ შეხვედრაც ვთხოვე. მე უკვე თბილისში ვიყავი, მაგრამ შესახვედრად ქუთაისში ჩავედი.

– როგორი ქმარი ხართ?

უკეთესიც შეიძლება ვიყო. მთლაც ცუდიც არ ვარ. სამსახურის გამო გვიან მიწევს ოჯახში დაბრუნება და ეს დისკომფორტს ქმნის. ოჯახის ერთგული ვარ, მეოჯახე კაცი ვარ, სახლში ფუსფუსი მიყვარს.