,,ჯონი მიხვდა, რომ დავიტანჯებოდი, თუ დედასთან არ ვიქნებოდი” – რას ყვება თაკო ჩარკვიანი დედაზე ,,სარკესთან”

,,ჯონი მიხვდა, რომ დავიტანჯებოდი, თუ დედასთან არ ვიქნებოდი" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი დედაზე ,,სარკესთან",,დედას დაუდასტურდა კოვიდი. აი, ახლა კი ცუდად ვარ”,  – დაწერა სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარმა კანდიდატმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფიცირებულია მისი ქმარი, ბიზნესმენი ჯონი გიგანიც.

თაკო ჩარკვიანი რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ,,სარკეს” უყვებოდა, რომ პანდემიის დროს ყველაზე მეტად დედას უფრთხილდებოდა და მასზე დარდობდა, რომ კორონავირუსი არ შეხვედროდა.

-როგორც შეგვიძლია, დედას ისე დავფოფინებთ და არამხოლოდ მას, თუ ვინმე ვიცით მოხუცი, ყველაზე ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით, რომ დავიცვათ. როგორც გვეუბნებიან, მოხუცებს ადვილად ერევა ეს ვირუსი და არამხოლოდ მოხუცებს, თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ყველას ემუქრება და ერევა.

ჯანსუღი რომ გარდაიცვალა, მაშინვე გადავედი დედასთან საცხოვრებლად. გვყავს დამხმარე, რომელიც 24 საათი მასზე ზრუნავს, მაგრამ სითბოს, რომელიც დედას ჩვენგან უნდა, ვერაფერი შეცვლის. იმავე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დედასთან ვიცხოვრებდი. მთელი ოჯახი გადმოვედით მასთან.

ჯონი მიხვდა, რომ ძალიან დავიტანჯებოდი, თუ დედასთან არ ვიქნებოდი და სახლებს შორის ვირბენდი. მითხრა, ასე გაწვალებას, ჯობია, გადავიდეთო. დედაჩემი ძალიან მძიმე ავადმყოფია. გულზე შუნტირება აქვს გაკეთებული. რაც კარგი აქვს, ეს არის ფხიზელი და ინტელექტუალური გონება. ძალიან სუსტი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვს…

მთელი პლანეტა ერთსა და იმავე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ნამდვილი გაზაფხულიც მოვა. ამ პერიოდში კი ჩვენ ერთმანეთს სხვა თვალით შევხედეთ და ვფიქრობ, მეტ კეთილ ენერგეტიკას გამოვუშვებთ და ყველაფერი კარგად იქნება.

შეგრძნება მაქვს, რომ ამ განსაცდელს ყველა ერთად გადავლახავთ. ხასიათიც ასეთი მაქვს – ვცდილობ, ოპტიმისტურად ვიყო. ახლა, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა მივეხმაროთ ერთმანეთს. ხომ ვნახეთ, რომ ადამიანი შიშველია ამქვეყნად და მისთვის ერთი ლეღვის ფოთოლიც საკმარისია.

მივხვდით, რომ ამქვეყნად ყველაზე მთავარი კეთილშობილება და გულისხმიერებაა. შიშვლები მოვდივართ, სუფთები და კრიალები. მერე ასაკში ბავშვობას ვუახლოვდებით და თითქოს ასეთივე სუფთები მივდივართ. ამიტომ სიცოცხლის გზა უფრო მეტი სიყვარულით უნდა გავიაროთ. ის კარგი ენერგეტიკა, რომელიც ახლა ტრიალებს, აუცილებლად უკან, ჩვენკენ შემობრუნდება.

ჩვენს ექიმებსაც როგორ მიჰყავთ პროცესი… ჩემი ბებიაც ექიმი იყო და დედაჩემისგან ვიცი, რომ საქართველოში ინფექციონისტების საოცარი სკოლა იყო. ახლა ვხედავთ, როგორ მიჰყავთ პროცესი და როგორ არ წირავენ ხალხს. მართლაც საოცარია ეს ყველაფერი.

,,არ მეშინია” – არ უნდა არსებობდეს. შეიძლება შენ არ გეშინია, მაგრამ ვირუსის გადამტანი აღმოჩნდე და დაღუპო სხვა ადამიანი, რომელიც უცხოა ან სულაც ის, ვინც გიყვარს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ რაც უფრო დავიცავთ ყველა წესს, რაც დაგვიწესეს, მით უფრო მოკლე დროში მოხდება ამ ვირუსის განულება. თუ არ დავიცავთ, დროში უფრო გაიწელება მასთან ბრძოლა, – უყვებოდა თაკო ჩარკვიანი ,,სარკეს” გაზაფხულზე.