გიორგი გაბუნია: ,,ცოლი რომ მოვიყვანო, ათკაციან ქორწილს ხომ არ გადავიხდი?!” – იუმორისტმა ამერიკიდან საჩუქრად ,,ბეემვე” მიიღო

გიორგი გაბუნია: ,,ცოლი რომ მოვიყვანო, ათკაციან ქორწილს ხომ არ გადავიხდი?!" - იუმორისტმა ამერიკიდან საჩუქრად ,,ბეემვე" მიიღო,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

შოუმენ გიორგი გაბუნიას ეზოში მანქანის ტარება მოსწყინდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა, მართვის მოწმობა აეღო და ნაჩუქარი ავტომობილით ქუჩაში გასულიყო. გამოცდებში ჯერ ჩაიჭრა, მერე ჩააბარა და საკუთარი მანქანით ქუთაისსაც ესტუმრა.

გიორგის რჩეული გოგონა ქუთაისელია – 23 წლის ნინი ფუტკარაძე. წყვილს ერთად ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი, დაქორწინებას აპირებს, მაგრამ რაღაცები ხელს უშლით. სიახლეებზე, საქმესა და პირადზე გიორგიმ ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– გიორგი, თქვენი ფეისბუქგვერდიდან შევიტყვე, რომ მართვის მოწმობა აიღეთ. გილოცავთ! უკვე შეიძინეთ ავტომობილი?

– მანქანა ნათესავმა მაჩუქა. მეგობრები მეუბნებოდნენ, ვა, რა მაგარი ავტომობილია, ყოჩაღო. მართვის მოწმობა რადგან არ მქონდა, მხოლოდ ეზოში ვმოძრაობდი. მანქანის მართვა ძალიან მომეწონა და საკუთარ თავს ვუთხარი: ,,რატომაც არა, მართვის მოწმობას ავიღებ!”.

დაახლოებით 2 კვირა ჩავუჯექი თეორიის საკითხებს. მეგონა, რომ ვიცოდი, მაგრამ გამოცდაზე ჩავიჭერი. მერე მეცადინეობა დავიწყე, ერთი კვირის შემდეგ ისევ გავედი და თეორიული ნაწილი ჩავაბარე. რაც შეეხება პრაქტიკულს, პირველ ჯერზე ჩავიჭერი. მერე ცოტა ვიმეცადინე და ეს გამოცდაც ჩავაბარე.

მითხრეს, რომ მართვის მოწმობას 10 დღეში გადმომცემდნენ, მაგრამ თანხა გადავიხადე და დაჩქარებული წესით მაშინვე ავიღე.

– მეგობრები თუ გახლდნენ საგულშემატკივროდ გამოცდებზე?

– პირველ გამოცდაზე, პრაქტიკულ ნაწილს რომ ვაბარებდი, მეგობრებიც მახლდნენ და თანამშრომლებიც. მეორე ცდაზე კი ჩემი მეგობარი და თანამშრომელი, ჯიმი აბესაძე მახლდა. სამსახურიდან გავიპარეთ, ვთქვი, რომ საქმეზე მივდიოდით. მერე სამსახურში გახარებული დავბრუნდი და ვთქვი: ,,არის თუ არა ეს ბილეთი?!”.

– როცა პირველად ჩაიჭერით, ხომ არ დაგცინეს მეგობრებმა?

– არა, პირიქით, განიცადეს და მეტი სტიმული მომცეს.

– ვინ გაჩუქათ ავტომობილი?

– რამდენიმე თვის წინ მაჩუქა ნათესავმა, რომელიც  ამერიკაში ცხოვრობს. სამშობლოში იყო ჩამოსული და გაიგო, მანქანა არ მყავდა. ამერიკაში როცა წავიდა, იქიდან გამომიგზავნა – ,,ბეემვე იქს 6″. ამ ადამიანს არ ვიცნობდი, აქ რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ბაბუაჩემის ბიძაშვილის შვილია. თურმე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ეს საჩუქარი გამიკეთა.

– მართვის მოწმობის აღებისთანავე დაიწყეთ ავტომობილით მოძრაობა?

– როგორც კი ჩავაბარე, ქუთაისში ჩამოვედი. ზესტაფონამდე ჯიმი იჯდა საჭესთან, ზესტაფონიდან ქუთაისამდე – მე. ახლაც იმერეთში ვარ, ჩემი მეგობრები სვამენ და მე მძღოლი კაცი ვარ დღეს!

– ქუთაისი ძალიან გიყვართ?

– თუ თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე ქუთაისში მოვდივარ. ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ეს ქალაქი ბევრ ქუთაისელზე მეტად მიყვარს, ბევრს შევეჯიბრები მის სიყვარულში. ლაღად ვარ, რაღაცნაირად თავისუფლად ვსუნთქავ.

– ნამდვილი და ერთგული მეგობრები ქუთაისში უფრო გყავთ თუ თბილისში?

– ქუთაისშიც მყავს და თბილისშიც. ამ ორი ქალაქის მეგობრები ერთმანეთს გავაცანი და ახლა უკვე ჩემგან  დამოუკიდებლადაც მეგობრობენ.

– სოციალური ქსელით ისიც გავიგე, რომ 20 ივნისს  თქვენი შეყვარებულის დაბადების დღე იყო. როგორ აღნიშნეთ?

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია  ჩემთვის, რადგან 20 ივნისს დაიბადა ადამიანი, რომელსაც, მინდა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება დავუკავშირო. ნინი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ნინის ეს დღე დიდად არ უყვარს. დაბადების დღე ქუთაისში გაატარა, რადგან ქუთაისელია. ამ დღეს მეც მშობლიურ ქალაქში შევხვდი და  სახლშიც ვესტუმრე.

მე რომ ვყოფილიყავი 2 წლით პატარა და ბევრი დრო რომ მქონოდა, წარმოდგენას აუცილებლად დავუდგამდი. გადატვირთული გრაფიკი რადგან მაქვს, ვაჩუქე ის ჩანთა,  რომელიც ძალიან მოსწონდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ მოკრძალებული საჩუქრით შემოვიფარგლე.

– რამდენიმე თვის წინ მითხარით, კარანტინი რომ ჩაივლის, ცოლს მოვიყვანო. რატომ აგვიანებთ დაქორწინებას?

– პანდემიას ჯერ არ გადაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოში კარგი მდგომარეობაა, ირგვლივ დაძაბული სიტუაციაა, რეგულაციებიც ისევ არსებობს. როგორც კი კორონა დამარცხდება ან რაიმე პრეპარატს გამოიგონებენ, ჩემს სიტყვებს აუცილებლად შევასრულებ. ახლა ათკაციან ქორწილს ხომ არ გადავიხდი?! ისე, ერთი  მხრივ კარგია, თანხის დაზოგვა გამოგვივა.

– ქორწილი თბილისში შედგება თუ ქუთაისში?

– აუცილებლად ქუთაისში! ეს იქნება ტრადიციული ქორწილი. მე, პირადად, ტრადიციების მოყვარული ადამიანი ვარ. ჩვენი ქორწილი იქნება ტრადიციულისა და თანამედროვეობის სინთეზი.

– რა გეცმებათ ქორწილის დღეს – ჩოხა, კოსტიუმი თუ ჯინსი?

– სიმართლე გითხრათ, ეგ არ მიფიქრია. პირველი ხართ, ვინც ეს მკითხა. გადაცემების ჩაწერაზე სულ კოსტიუმი რომ მაცვია, არ მიყვარს. ასე რომ, არ ვიცი, ქორწილში რა მეცმება. შეიძლება ჩოხა ჩავიცვა ან კოსტიუმი. ნუ, ჯინსი და კედი – არა, ეგ ზუსტად ვიცი.

– მეტი რამ მოგვიყევით თქვენს რჩეულზე.

– ჩემი შეყვარებული ნინი ფუტკარაძეა. როგორც გითხარით, ქუთაისელია. იურისტია. თბილისში ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. 23 წლის არის. წელიწადნახევარია, რაც ერთმანეთი გვიყვარს.

– ნინის მეგობრებს უხარიათ, მათი დაქალის შეყვარებული ცნობილი ადამიანი რომ არის?

– ვის არ უხარია შოუმენ და ხალისიან ადამიანთან ურთიერთობა?! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ეუბნებიან, გიორგის ხომ წამოიყვანო და ა.შ. მეც მიყვარს მათთან ერთად სიარული.

– პანდემიის პერიოდში დისტანციურად მუშაობდით. დაუბრუნდით ძველ რეჟიმს?

– ახლაც შეზღუდულ ფორმატში ვართ, დარბაზში შოუს მაყურებელი აღარ ესწრება, სტუმრებს თერმოსკრინინგი უტარდებათ და ა.შ. გადაცემები ნამდვილად არ უნდა შეჩერებულიყო, რადგან ირგვლივ ყველა იმდენად დაძაბული იყო, მსგავსი შოუები უცილებლად უნდა ყოფილიყო. მეც სტრესში ვიყავი. ახლა კი, როცა სამსახურში გავედი, ცოტა გული გადავაყოლე.

უკვე 11 თვეა საქართველოს მასშტაბით ყველა გადაცემას შორის პირველ ადგილზე ვართ. ანუ რა გადაცემებიც არსებობს მთელ საქართველოში, მათ შორის – “იმედზეც”, ყველაზე რეიტინგული “გიორგი გაბუნიას შოუა”.

მიხარია, რომ ადამიანებს ჩვენი პროდუქტი მოსწონთ. მინდა, რომ უფრო განვვითარდე და მაყურებელს მეტი ხალისი მოვუტანო. აი, ცოლს რომ მოვიყვან, მერეც იქნება სიახლეები და ა.შ.