32 წლის ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარდა, ავარიამ იმსხვერპლა

32 წლის ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარდა, ავარიამ იმსხვერპლა,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. ის 32 წლის იყო. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლდათ და რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. გარდაცვალების წინა დღეს ქუთაისში გულის შუნტირების ოპერაციას უფროსი კოლეგის თხოვნით დაესწრო. იმ საბედისწერო დღეს სწორედ ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა… მას ორი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. რეანიმატოლოგი მაკა მიქაძე ,,სარკეს” მეგობრის ხანმოკლე ცხოვრების ამბავს მოუყვა:

...

-ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გახლდათ. განსაკუთრებული ადამიანი იყო. ყველას ეხმარებოდა. მთელი გუნდი ზედ გადავყვებოდით პაციენტს, სიკვდილისგან გამოვაძვრენდით და ა.შ. და გონზე მოსულს მხოლოდ ერთი ადამიანი ახსოვდა და ეს იყო გუბაზ კორძაია. პაციენტს რომ გავწერდით, ვერ ისვენებდა, სანამ მის მდგომარეობას არ გაიგებდა, სახლში ურეკავდა.

ჩვენთვის შეიძლება პაციენტი ისეც ყოფილიყო – მოვიდა, გასინჯე, შეაფასე, აღმოუჩინე დახმარება და დაემშვიდობე. გუბაზი ყოველმხრივ უსმენდა. ნებისმიერ განყოფილებაში მისი დახმარება რომ სჭირდებოდათ,  ისე გარბოდა, თითქოს უხაროდა, რომ ვიღაცას უნდა დახმარებოდა.

პაციენტს რეანიმაციიდან რომ განყოფილებაში გადავიყვანდით, ჩავიდოდა, მოიკითხავდა…

ექიმობა მისი ბავშვობის მოწოდება იყო. გაიზარდა ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალ ექიმთან, ირაკლი გოგოხიასთან, რომელიც ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი გახლავთ. მისი საუკეთესო მოსწავლე იყო გუბაზი. ისეთ სიტუაციაში დაგეხმარებოდა და ისე გამოიყვანდა მდგომარეობას…

არაერთი ადამიანი ჰყავს სიკვდილს გამოგლეჯილი. ისე სწრაფად ჩაერეოდა და ისეთ დახმარებას აღმოუჩენდა შუა ოპერაციისას, სხვა რომ ვერაფრით მოიფიქრებდა.

– მეგობრებმა ვიდეოები გამოაქვეყნეს, სადაც საოპერაციოაშია და მღერის…

– დიახ, საოცრად მღეროდა.