თაკო კორინთელი შეყვარებულია

თაკო კორინთელი შეყვარებულია,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

არაპროფესიონალი მსახიობი, რომელიც რეალურად ტელესახეა, თაკო კორინთელი ტელევიზიაში დაბრუნებას აპირებს. ,,მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების ყოფილ წამყვანს სერიოზული შეთავაზებები აქვს და ფიქრობს, რომ ეკრანზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” თავისი გმირის, ბარბარიკას, თამაშს გააგრძელებს.

ლამაზმანი ჟურნალისტის პირადში ცვლილებაა, ამაზე ქვემოთ. მასთან  ინტერვიუ, რა თქმა უნდა, აქტიური თემით, პანდემიით, დავიწყეთ (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– თაკო, მგონი, კორონავირუსს მალე გავაცილებთ, ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი სტატისტიკა ამის თქმის საშუალებას იძლევა. როგორ გაატარეთ თვითიზოლაციის პერიოდი და ყველა რეკომენდაციას თუ იცავდით?

– მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა, ვიცავდი ყველა რეკომენდაციას, რომლებსაც სპეციალისტები და ხელისუფლება გვაძლევდნენ. უბრალოდ ჩემი ოთხფეხა მეგობრის, ძაღლის, გამო, დღეში ორჯერ ვარღვევდი მოთხოვნას – ,,დარჩი სახლში”. დილით და საღამოს ძაღლთან ერთად სასეირნოდ გავდიოდი. სხვაგან არსად მივლია, არც გასართობად, არც საჭორაოდ.

– მგონი, მთლიანად ოთხფეხა მეგობრის მოვლაზე ხართ გადართული. სოციალური ქსელებიდან ენდის ბევრი იცნობს, პოპულარული ძაღლია.

– ჩემი ძაღლი უფრო ცნობილი ,,სახეა”, ვიდრე მე. გარეთ რომ გავდივარ, მეკითხებიან, ეს ხომ ენდია და თქვენ ხომ მისი პატრონი ბრძანდებითო. ენდი ბიჭია, 4 წლის არის და ჩემი დაცვაა, ჩემი მამაკაცია, ჩემი შვილია. ძალიან ჭკვიანი და თბილია.

ყველა ჩემს ემოციას გრძნობს და ჩემს გრძნობებს უფრთხილდება. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მოვა, მომელაქუცება და ხასიათზე მოვყავხარ. ხანდახან მგონია, რომ ამ ძაღლში ადამიანის სულია ჩასახლებული, იმდენად ადამიანურია.

– ენდი თვითიზოლაციის გადატანაში დაგეხმარებოდათ, რადგან სახლში გამოკეტვა იოლი ნამდვილად არავისთვის იყო.    

– მეც ძალიან გამიჭირდა, რადგან აქტიური ადამიანი ვარ და ენერგიას ვერ ვიტევ. ოთხ კედელში გამოკეტვა სასჯელია ჩემთვის. მე სულ ხალხში, მოძრაობაში ვარ და ახალ დღის წესრიგთან შეგუება ძალიან გამიჭირდა.

– ,,ჩემი ცოლის დაქალების” სერიების ნაწილი კარანტინში გადაიღეს. თქვენ არ გამოგიძახეს?

– სცენარი შეიცვალა. მსახიობების ნაწილი იზოლირებულ გარემოში იყო და გადაღებები ისე მიმდინარეობდა. ყველას ერთად ყოფნა ფიზიკურად ვერ მოხერ-ხდებოდა. მსახიობების ერთი ნაწილი მუდმივად ერთ სივრცეში იყვნენ და მუშაობა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა. ჩემი სცენარი არ იყო და, შესაბამისად, კარანტინის დროს თამაში არ მომიწია.

– მეორე სამსახურში, რომელიც თქვენი მთავარი ფინანსური წყაროა, დისტანციურად ვერ მუშაობდით?

– რაც მჭირდებოდა, დისტანციურად ვაკეთებდი. ცოტა ხანში გავალთ და ყველა სტანდარტის დაცვით ვიმუშავებთ – ხელთათმანებით, პირ-ბადეებით და ა.შ. რამდენჯერმე მივედი და ბახილებიც კი გვეცვა.

– კორონავირუსმა უამრავ ადამიანს ფინანსური პრობლემები შეუქმნა. თქვენც უხელფასო შვებულებაში ხომ არ ხართ?

– მე, პირადად, ხელფასს სამშნებელო კომპანიიდან ვიღებდი და ისევ ჩვეულებრივად ვიღებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეგ პრობლემა არ მქონია.

სერიალს რაც შეხება, იქ ხელფასს გამომუშავებით ვიღებ, ანუ მაშინ, როცა გადაღებები მაქვს. მაგალითად, თუ ერთი თვე არ მექნა გადაღება, ერთი თვე ხელფასს ვერ ავიღებ.

– რითი იქცევთ თავს სახლში, ახალი გატაცება ხომ არ აღმოგიჩენიათ?

– ქსოვაც ვიცოდი, სახლის დალაგებაც და  კულინარიაც. უბრალოდ სერიოზულად ვღლიცინებ ,,ტიკ-ტოკით”. ეს პროგრამა ძალიან მომწონს და დროს ამით ვკლავდი. ძალიან ვერთობოდი.

– თქვენს პირადში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– შეყვარებული ვარ.

– ეს სიყვარული ყოფილ მეუღლეს ეკუთვნის თუ ახალი ვინმე გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

– აი, მაგას ვერ გეტყვით.

– თქვენი ნებაა. მაშინ ინტერვიუ თქვენი  სამომავლო გეგმებით დავასრულოთ.

– გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მსურს, რადგან, რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ ყველაფერი ჩამეშალა. კარგი შემოთავაზებები მაქვს, მათ შორის – ტელევიზიიდან. მიმდინარე წელს შეიძლება ისევ დავბრუნდე ეკრანზე და არა – მსახიობის ამპლუაში.