სოფო ბედია: ,,შემოსავლის გარეშე დავრჩი”

სოფო ბედია: ,,შემოსავლის გარეშე დავრჩი",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალი სოფო ბედია და მისი ქმარი, მიშა მესხი, პანდემიამ შემოსავლის გარეშე დატოვა. უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის დასრულდება მათ ოჯახში ფინანსური კრიზისი (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში(.

სოფოსთვის პანდემია სხვა მხრივაც სანერვიულო აღმოჩნდა. ამ რთულ პერიოდში გამამხნევებელი კლიპი გააკეთა, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა და აგრესიული ბულინგი მოჰყვა. ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ კრიტიკის ქარცეცხლი მის ქმარ მიშა მესხსაც დაატყდა თავს, რადგან ვიდეორგოლში ისიც ჩანს.

მომღერალი სცენიდან გამოთავისუფლებულ დროს მთლიანად ოჯახს უთმობს. ზაფხულის გატარებას მშობლიურ მარტვილში აპირებს და ელოდება დროს, როდის ამუშავდება შოუბიზნესი, რომ შემოსავლის წყარო ჰქონდეს.

– სოფო, როგორ გამოიარეთ ის სირთულეები, რაც პანდემიამ მოგვიტანა?

– ჩემნაირი აქტიური ადამიანისთვის ფაქტობრივად გაჩერებულ რეჟიმში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. ძალიან გამიჭირდა იმ მხრივ, რომ საყვარელ საქმეს მოვწყდი. ძალიან ბევრი ღონისძიება და კონცერტი გამიუქმდა და შემოსავლის გარეშე დავრჩი. როდის რა განახლდება, არავინ იცის. დღესაც კი ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეიცვლება მომღერლებისთვის სიტუაცია.

ამ ყველაფერს დადებითი მხარე ჰქონდა ის, რომ ჩემს შვილებთან ბევრი დრო გავატარე. ოჯახს სულ ვენატრებოდი და ამჯერად ეს დანაკლისი შევივსეთ. კარგი კულინარი რომ ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მთელი ეს სამი თვე სამზარეულოდან არ გამოვდიოდი. ბევრი ახალი კერძიც მოვიგონე და, შეიძლება ითქვას, როგორც კულინარი, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავედი.

– კარანტინის პერიოდში სერიოზული სანერვიულოც შეგხვდათ. ვგულისხმობ იმ კლიპს, რომელიც პანდემიას მიუძღვენით და ამას დიდი კრიტიკა მოჰყვა.

– ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ბევრ რამეზე დამწყდა გული. მხოლოდ კარგის გაკეთება მინდოდა და საპირისპირო მივიღე. სიჩქარე-სიჩქარეში რაღაცებს არ დავაკვირდით, თუმცა არც ისეთი ვაი-უშველებელი გამოვიდა, როგორი ამბავიც ატყდა. ძალიან მტკივნეული იყო დაუმსახურებელი ლანძღვა, რომელიც ჩემი მისამართით ნიაღვარივით წამოვიდა.

მსგავსი ვიდეოები თითქმის ყველა ქვეყანამ გააკეთა. სიმღერა მართლაც ფანტასტიკურია, ძალიან მომწონს. მარტო სიმღერა რომ გაშვებულიყო, ალბათ ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყვებოდა. ვიდეომ, კადრებმა და ვითომ უცნობმა მომღერლებმა საზოგადოება გააღიზიანა. ბევრი ჩემი კოლეგის მიმართ დაუმსახურებელი ბულინგი იყო.

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ისიც კი გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რომ კლიპში ჩემი ოჯახი, ქმარი და შვილები გამოჩნდნენ. არადა ამ კლიპში ბევრი სხვა მომღერლის ოჯახიც არის. ბავშვებსაც არ მოერიდნენ და ჩვენი მისამართით ასე საჯაროდ ილანძღებოდნენ. განსაკუთრებულად ისევ მიშას შეუტიეს.

ჩვენი ოჯახის მიმართ სერიოზული ბულინგი განხორციელდა. ჩემი უფროსი ბიჭი, ნიკუშა, 11 წლისაა და ყველაფერს კარგად აღიქვამს. საბედნიეროდ, სკოლის აქტიური პერიოდი არ დაემთხვა, თორემ ბავშვი უფრო მეტად იქნებოდა ბულინგის ობიექტი.

– ზოგიერთმა კოლეგამაც გაგაკრიტიკათ.

– არ ვიცი, ასეთ საქციელს რა ჰქვია. იმ მომღერლებიდან და მუსიკოსებიდან, რომლებმაც ,,საქებარი” სიტყვები არ დაიშურეს, არც ერთს შევხმიანებივარ. შეიძლება მეც ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონდეს, ასევე – ბევრი მომღერლის ნამღერიც და საერთოდ, ბევრს მომღერლადაც არ ვთვლიდე, მაგრამ მათი ლანძღვა და ამაზე ხმამაღლა საუბარი არასდროს დამიწყია.

გულს არასდროს არავის ვატკენ. ,,ფეისბუქის” ჩემს გვერდზე რომ შეხვიდეთ, ვინმეს სალანძღავ სიტყვას ვერ ნახავთ. ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიური პოსტები დავწერო. ამიტომაც უფრო მტკივნეულად აღვიქვი ის რეაქცია, რაც ამ კლიპს მოჰყვა.

დღეს როცა ვუყურებ ამ კლიპს, ვფიქრობ, რაღაცებს შევცვლიდი, მეტი პოზიტიური კადრით დავტვირთავდი. ალბათ ადამიანებისთვის ძნელი აღსაქმელი იყო ის მძიმე კადრები, რომლებსაც ამ ვირუსთან ბრძოლაში ვაწყდებოდით.

შეიძლება დღესაც ვინმემ დაიწყოს ჩემი კრიტიკა, მაგრამ, როცა კლიპს ვუყურებ, არ ვთვლი, რომ რაღაც ცუდი გავაკეთეთ. გამაღიზიანებელი არ არის ჩემთვის. ეს არის ჩვეულებრივი ვიდეორგოლი, რომელსაც ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა მოჰყოლოდა.

– რა დასკვნა გამოიტანეთ მთელი ამ ამბიდან, რაც ამ კლიპს მოჰყვა?

– ის, რომ ამ კლიპის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორდა კამპანია. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებმა მართლაც დაწერეს, რომ არ მოეწონათ, მაგრამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ზღვარგადასულად ილანძღებოდა, იყვნენ მართულები, ანუ ვიღაც დირიჟორმა აიქნია ხელი და ადამიანების ჯგუფმაც ჩვენი ლანძღვა მიზანმიმართულად დაიწყო.

ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა პოლიტიკური სარჩულიც დაუდეს. ყველაზე მეტად იმაზე გავბრაზდი, რომ ეს სიმღერა პოლიტიკას დაუკავშირეს. მართლა უკაპიკოდ გავაკეთეთ ეს ყველაფერი და სად ჩანს მანდ ვინმეს ფული, ძალიან მაინტერესებს!

ყველაფერი დააბრალეს სიმღერაში გაჟღერებულ სიტყვებს – ,,ოცნების მზე ამოდის და იმედით იწყება დილა”. სხვა სიმღერებში არ შეხვედრიათ სიტყვები – ,,,ოცნება” და ,,იმედი”?!

ძალიან მომეწონა ია ფარულავას სიტყვები, რომელიც თავის გადაცემაში კაკი ბოლქვაძესთან (სიმღერის ავტორი – რედ.შენ.) თქვა, რომ ვარდების რევოლუციის პერიოდში მეც ვიყავი ჩართული ასეთი გასამხნევებელი კლიპის გადაღებებზე და იქაც იყო სიტყვები “ოცნება” და “იმედიო”. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ცხოვრება ოცნება და იმედია. აბა, ეს თუ არ გექნება, რა არის ცხოვრება?! ეს იყო გარკვეული ძალების დაკვეთა, რომ ეს თემა პოლიტიკური ნიშნით აწეულიყო.

– რა ხდებოდა ოჯახში, როდესაც სოციალურ ქსელში ინტენსიურად მიმდინარეობდა თქვენი ბულინგი?

– ასეთი ნეგატიური მოვლენები ერთმანეთის გვერდში დგომით გადაგვაქვს. მე და მიშა ბავშვებთან ურთიერთობაში ყველანაირად ვცდილობდით, რომ არ შეგვემჩნია და მათთვის დამატებით სტრესის საბაბი არ მიგვეცა. მიშას ამ დროს საოცარი სიმშვიდის უნარი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ვინერვიულოთ.

– ერთხელაც არ უთქვამს, საერთოდ რად გინდოდა ეს სიმღერა და კლიპიო?

– არა, რადგან შედეგით იმდენად გაოგნებულები ვიყავით, რომ… სესილია თაყაიშვილი მაგონდებოდა ფილმიდან,,ნატვრის ხე”, ხელებს რომ ასავსავებს. ასეთი გაოგნებულები ვიყავით. მიშამ ერთხელ თქვა, ნეტავ, საერთოდ არ გამოვჩენილიყავი ამ კლიპში, იქნებ მაშინ მაინც არ წამოსულიყო ასეთი აგრესიაო.

კლიპი კარგად ნახეთ, რამდენი ოჯახური წყვილია, მაგრამ მაინცდამაინც ჩვენი გამოჩენა გახდა განხილვის საგანი. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და სულ ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. გვსიამოვნებს ერთად ყოფნა და ამიტომ ბევრგან ერთად ვჩნდებით. ამაში ცუდი რა არის?!

– თქვენს მეუღლეზე ყოელთვის დიდი აქცენტი კეთდება. სოფო ბედიას ქმარი – ამ სახელით საიტებზეც კი უამარავი ინფორმაცია იდება.

– ამ თემას ყველა ბრუნვაში ატრიალებენ. თავიდან ამ ყველაფერზე გვეცინებოდა, ავყევით, იუმორით მივუდექით, მაგრამ ბოლოს ისეთი ფორმებში გადავიდა, რომ შეუძლებელია ამის ატანა. მიშა მესხს სოფო ბედიამდე ჰქონდა თავისი სახელი და ბევრი კარგი საქმეც გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის.

– როგორ ფიქრობთ, როდის დაუბრუნდებით სცენას?

-ნელ-ნელა ცოტა იმედები მესახება, მაგრამ, სანამ შეზღუდვა იქნება და ათკაციანი ქორწილები, შოუბიზნესში ვერაფერს გავაკეთებთ. სანამ ცხოვრების ძველ რიტმს არ დავუბრუნდებით, მანამდე წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა ავმუშავდეთ.

– ანუ ამ ეტაპზე მთლიანად მეუღლის შემოსავალზე ხართ დამოკიდებული?

– არა, ახლა ორივე აბსოლუტურად უმუშევრები ვართ. სწორედ ეს მაშინებს, როდის შევძლებთ ამუშავებას.