ქეთი ხუციშვილი: ,,ახლა ჩემთვის ოჯახის შექმნა წარმოუდგენელია”

ქეთი ხუციშვილი: ,,ახლა ჩემთვის ოჯახის შექმნა წარმოუდგენელია",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

წოლა და ვარჯიში – ასეთი იყო ,,კომედი ჯგუფის” მსახიობის, ქეთი ხუციშვილის, ბოლო 3 თვის ცხოვრების რიტმი. სამაგიეროდ, ამ პერიოდში მოახერხა პირადი სპორტული რეკორდის დამყარება. რამდენადაც ამაყობს და თავი მოაქვს თავისი ნავარჯიშები სხეულით, დაკუნთული პრესით, იმდენად ცუდად გამოსდის კერძები სამზარეულოში და დამწვარი ტაფის დემონსტრირებას სოციალურ ქსელშიც არ ერიდება.

კულინარია ოჯახში მის ერთადერთ შვილს, გიორგის, აქვს გადაბარებული. ქეთი კი ოცნებობს, რომ სახლში სამზარეულო საერთოდ გააუქმოს და იქ მოსასვენებელი ოთახი მოაწყოს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში).

– ქეთი, თუ გადავხედავთ პანდემიის დროს თქვენს სოციალურ ქსელს, არც ერთი საწუწუნო და პანიკური პოსტი არ დაგიწერიათ. ყველაფერი ასე მარტივად გადაიტანეთ?

– კი, ჩემს ცხოვრებაში ასე კარგად არ დამისვენია. ძალიან მშვიდად და კარგად ვიყავი. საკუთარ თავთან აბსოლუტური ჰარმონია მქონდა და დეპრესიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით პანიკიორი და ემოციური ვარ, ამჯერად ყველაფერს მშვიდად შევხვდი.

ჩემს ცხოვრებაში ამ პანდემიის დროს არაფერი შეცვლილა, ხელების დაბანა მანამდეც კარგად ვიცოდი და ახლაც ვიცი. რა ცხოვრებისეული ქცევებიც მქონდა,  აღმოჩნდა, რომ იდეალურად შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც პანდემიის დროს არის.

– არც მშობლებსა და შვილზე გიწევდათ ნერვიულობა?

– არანაირად. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საფრთხე ჩემთან არ მოვიდოდა.

– რას დაუთმეთ ეს დიდი დასვენება?

– ორ უკიდურესობაში ვიყავი გადავარდნილი –  ან ვვარჯიშობდი, ან ვიწექი. მთელმა თვეებმა ასე გაიარა. სანამ ეს ვირუსი შემოვიდოდა, აქტიურად დავდიოდი სპორტდარბაზში. შემდეგ კი იძულებული გავხდი, სახლში მევარჯიშა. აღმოჩნდა, რომ სახლის პირობებშიც მშვენივრად შემეძლო ვარჯიში.

სახლში მაქვს საკმაოდ წონიანი ჰანტელები. საერთო ჯამში, 2 საათის განმავლობაში 650 ბუქნი გავაკეთე ჰანტელებით. ეს ჩემი რეკორდია! ამ შედეგის დადება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ალბათ სწორედ ეს სპორტული რეჟიმი დამეხმარა იმაში, რომ ეს თვეები  საინტერესოდ გამეტარებინა.

– ასეთი ინტენსიური ვარჯიშები ალბათ სხეულზეც კარგად აისახებოდა.

– კი, კარგი პრესი გავიკეთე და საჯდომის და ფეხების კუნთებიც საგრძნობლად შეიცვალა. ჩემი მიზანი არ არის, რომ სხეულზე კუნთები დავიყარო. არ მომწონს კუნთებიანი ქალები, მაგრამ მომწონს, როდესაც სხეულს ჯანსაღი იერსახე აქვს.

– არადა სახლში ჯდომის გამო ბევრი ქალი წუწუნებს, რომ წონაში მოიმატა.

– მე თან დავისვენე, თან ერთი კილოგრამიც არ მომიმატია.

– სამაგიეროდ, სოციალურ ქსელში აქვეყნებდით ვიდეოს, თუ როგორ დაგეწვათ კვერცხი ტაფაზე და კიდევ რა სასწაულები დატრიალდა თქვენს სამზარეულოში.

რა მოხდა, ვის არ მოსვლია?! წვნიანები და ფაფები კარგად გამომდის… ამ პერიოდში ქალებმა ისტერიკულად დაიწყეს ფიქრი, რა გაეკეთებინათ სამზარეულოში, მე კი ისტერიკულად ვფიქრობდი, უფრო ეფექტური რა ვარჯიში მომეფიქრებინა.

საერთოდ, ჩემი ნება რომ იყოს და სირცხვილად თუ არ ჩამითვლიან, საკუთარ სახლში სამზარეულოს სულ გავაუქმებდი და მოსასვენებელ ოთახად გადავაკეთებდი. დღეში ერთხელ მინდება ჭამა და გარეთ რამეს მოვნახავდი.

სახლში ისეთი კულინარი მყავს, რომ ალბათ ამიტომ არაფერი მესაქმება საკუთარი სახლის სამზარეულოში. ჩემი შვილი ისეთ კერძებს ამზადებს, რომ, გემრიელად მირთმევის გარდა, არაფერი დამრჩენია. ახლაც, ამ წუთში, პელმენის ისეთი წვნიანი მოამზადა, რომ თითებს ჩაიკვნეტთ. გუშინ ბადრიჯნის თუ ყაბაყის რაგუ დამახვედრა. რაც უნდა გააკეთოს, ყველაფერი მომწონს.

გიორგი უკვე პროფესიონალურად მიუდგა კულინარიას – კულინარიის აკადემია დაამთავრა და სამსახურიც აქვს. უბრალოდ ამ პანდემიის გამო რესტორანი დაიკეტა და, როცა გაიხსნება, თავის საქმესაც შეუდგება.

– მთელი გაზაფხული შეზღუდვებით მოგვიწია ცხოვრება. ნუთუ არაფერი იყო თქვენთვის დამთრგუნველი?

– კომენდანტის საათი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, რადგან 9 საათის შემდეგ ისედაც არ გავდივარ სახლიდან. ქალი დავბერდი და ღამის კლუბშიც კი არ ვარ ნამყოფი. ღამის ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია.  ისე მომწონდა ღამე მანქანების ხმის გარეშე, რომ… ახლა როგორ შევეგუები მათ გუგუნს, არ ვიცი.

ორი რამ მკლავს დღემდე – პირბადე და რიგში დგომა. არადა, მგონი, ეს ორი რამ დარჩება დიდხანს ჩვენს ცხოვრებაში.

– არ გაკლდათ ახალი პერსონაჟები და ემოციები?

– სახლში ბევრს ვმაიმუნობდი, ახალ-ახალ პერსონაჟებსაც ვამუშავებდი. რა იცი, რა დროს გამომადგება.

– რით დაგამახსოვრდებათ 2020 წლის გაზაფხული ყველაზე მეტად?

– ამ პერიოდში მისტიკური შეგრძნებები მქონდა. მიყვარს მისტიკური ფილმები და პირველად ვიგრძენი,  რომ მეც ამ ჟანრის ფილმის გმირი ვიყავი. ძალიან მომეწონა მისტიკური შეგრძნებები რეალობაში და ალბათ არასდროს დამავიწყდება. იმედია, სანამ ცოცხალი ვარ, ასეთი რამ მეტჯერ აღარ განმეორდება.

ასევე,  არასდროს დამავიწყდება, რომ ადამიანებთან ურთიერთობის შეზღუდვით ვიცხოვრე, არადა ძალიან მიყვარს ხალხთან კონტაქტი. რომ არა ინტერნეტი და ამ ფორმით ურთიერთობა, შეიძლებოდა გავგიჟებულიყავი. ინტერნეტმა ეს პერიოდი ბევრად უმტკივნეულოდ გადამატანინა.

– ამ ჩაკეტილობის პერიოდში ხომ არ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში სასურველი მამაკაცი, თუნდაც ვირტუალურად?

– ფლირტები და ზედაპირული ურთიერთობები ყოველთვის არის, მაგრამ სერიოზული არაფერია ჩემს ცხოვრებაში.

– ამდენ დროს უთმობთ საკუთარ გარეგნობას, მუდმივად ფორმაში ხართ და ნუთუ არავინ არის, ვისთვისაც ამას აკეთებთ?

გულწრფელად გეტყვით, რომ ამას მამაკაცისთვის არაფრით გავაკეთებდი. ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და მასზე უკეთესისთვის ვისთვის უნდა გავიპრანჭო?! ნარცისიზმი არ მახასიათებს, ლოგიკურად მიყვარს საკუთარი თავი და სათანადოდ ვაფასებ.

არასდროს არაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მამაკაცს თავი მოვაწონო. პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს საკუთარი თავი და, როცა არ მომწონს, მამაკაცმა რა კომპლიმენტიც უნდა მითხრას, არ მივიღებ.

– ცხოვრებაში რამდენჯერმე გამოსცადეთ იმედგაცრუება სიყვარულში. ამან ოჯახის შექმნის სურვილი საბოლოოდ ხომ არ დაგიკარგათ?

ძალიან კარგი კითხვაა ჩემთვის, რადგან ამაზე მეც ბევრი მიფიქრია. არ ვიცი, ბავშვური მომენტია თუ რა, მაგრამ დღეს თავისუფლებაზე მეტად არაფერი მომწონს. მშვენივრად ვგრძნობ თავს ამ თავისუფლებაში და ამიტომ გულწრფელად ვამბობ, რომ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობ.

იმისთვის, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი, გათხოვება საჭირო არ არის. მყავს შვილი, მაქვს საყვარელი საქმე და ბევრი თავისუფლება, მაგრამ,  მეორე მხრივ, არავინ ვიცით, ხვალინდელი დღე რას გვიმზადებს. შეიძლება ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ეს ჩემი ნათქვამიც წინ დამახვედროთ. უბრალოდ ახლა ჩემთვის ოჯახის შექმნა წარმოუდგენელია.

– ამ ეტაპზე რა არის თქვენს ცხოვრებაში პრიორიტეტი?

– პირველ რიგში – შვილი, რომლის ცხოვრებაში ახლა ბევრად საინტერესო რამეები ხდება და მინდა,  სულ მის გვერდით ვიდგე, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. მეორე მხრივ, ორიენტირებული ვარ საკუთარი თავის რეალიზებაზე. ჯანსაღი ამბიცია მაქვს და მინდა, რომ სულ წინ და წინ ვიარო.

ჩემს ცხოვრებაში ნატვრების და ოცნებების ადგილი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა მთელი გულით ვნატრობ, რომ ძალიან მაგარ ფილმში ვითამაშო, სადაც ბოლომდე დავიხარჯები. იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება ამიხდება.