პინკი: ,,ასე არასდროს არაფრის შემშინებია”

პინკი: ,,ასე არასდროს არაფრის შემშინებია",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

დღეს როკკულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი პინკი ითვლება. პოპულარობამდე საკმაოდ მძიმე და შრომატევადი გზა გაიარა. ჩაცმულობისა და თმის ფერის გამო მომღერალი ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. პინკის გამოჩენამ შოუბიზნესში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

...

ცოტა ხნის წინ კვლავ მიიქცია საზოგადოების ყურადღება – მას კორონავირუსი დაუდგინდა. პინკის თქმით, ვირუსი ჰქონდა მის 3 წლის შვილსაც. დღეისათვის ისინი უკვე გამოჯამრთელდნენ და თავს კარგად გრძნობენ.

,,ეს დაავადება სერიოზული და რეალურია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ყველას შეიძლება დაემართოს: ახალგაზრდასაც და მოხუცსაც, ჯანმრთელსაც და დაავადებულსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც. ტესტირება უფასო უნდა იყოს და ხელმისაწვდომი, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახები, მეგობრები და საზოგადოება.

მხარდაჭერას ვუცხადებ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და 500 000-ს დოლარს ვურიცხავ ფილადელფიაში მდებარე საავადმყოფოს, სადაც დედაჩემი 18 წლის განმავლობაში მუშაობდა. აგრეთვე 500 000-ს დოლარს ვგზავნი კოვიდ-19-ის ფონდში. დიდი მადლობა ყველას, ვინც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, თქვენ გმირები ხართ. გთხოვთ, დარჩეთ სახლში!”, – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

მინი დოსიე

სრული სახელი და გვარი: ალიშა ბეთ მური.

მეტსახელი: პინკი.

დაბადების ადგილი და თარიღი: აშშ, პენსილვანია, 1979 წლის 8 სექტემბერი.

მეუღლე: კერი ჰარტი, პროფესიონალი მოტომრბოლელი (2006 წლიდან დღემდე).

მშობლები: დედა – ჯუდიტ მური, სასწრაფო დახმარების ექთანი; მამა – ჯეიმს მური, სადაზღვევო აგენტი.

საინტერესო ინფორმაცია: სამი ,,გრემის” მფლობელი მომღერალი 90 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება.

ბავშვობიდან ასთმა აწუხებს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი მუსიკალური კარიერისთვის.

სოლო კარიერის დაწყებამდე პინკი რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში მღეროდა. 2000 წელს გამოვიდა მისი პირველი სტუდიური ალბომი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

2003 წელს პინკმა გრძელვადიანი შესვენება აიღო და მუსიკალურ შემოქმედებას 2006 წელს დაუბრუნდა.

პირადი ცხოვრება: პინკის პირადი ცხოვრება საკმაოდ ხმაურიანი და საინტერესოა. უამრავი წყაროს მტკიცებით, მომღერალი ტრანსსექსუალია, რასაც ბოლო დროს თავადაც აღარ უარყოფს. წლების წინ ამ თემაზე კომენტარს თავს არიდებდა, ახლა კი აღიარებს, რომ თინეიჯერობაში ლესბოსელი იყო.

უკავშირდება თუ არა მომღერლის მეტსახელი მისი ადრეული ცხოვრების წესს, ასე პასუხობს:

– ჩემი მეტსახელი არანაირ კავშირში არ არის ჩემს ადრეულ ორიენტაციასთან. დამწყები მომღერალი რომ ვიყავი, სცენაზე ასვლისას სახე მივარდისფერდებოდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე მეტსახელი “პინკი” (ვარდისფერი).

2006 წლის 7 იანვარს ცოლად გაჰყვა მოტომრბოლელ კერი ჰარტს. წყვილს პირველი შვილი 2011 წელს შეეძინა. 2016 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ,,გრემის” მფლობელი მომღერალი მეორე ბავშვს ელოდებოდა. ამის შესახებ ,,ინსტაგრამში” საკუთარ გვერდზე თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც 5 წლის ქალიშვილთან, უილოსთან, ერთად თეთრ პერანგში პოზირებდა. მალე პინკი ბიჭის დედა გახდა. ეს ფაქტი თაყვანისმცემლებს მომღერალმა სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოთი ამცნო, სადაც მას ბიჭუნა ხელში უჭირავს. ახალშობილს ჯეიმსონ მუნ ჰარტი დაარქვეს.

– საკუთარი თავი დედის ამპლუაში ვიპოვე. ეს ის საკითხია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახის წევრები ბედნიერები იყვნენ, – თქვა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში პინკმა.

ახლა ვარსკვლავი ყოველ დილას შვილებთან ერთად იწყებს და დარწმუნებულია, რომ ეს საუკეთესო რამაა, რაც კი მის ცხოვრებაში მომხდარა.

– ჩემი შვილები საოცრად მხიარულები არიან. ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, ვისაც შემიძლია, მთელი დღე სულელური სიმღერები ვუმღერო. მათ ეს მოსწონთ და არასოდეს მკიცხავენ, – აღნიშნავს პინკი.

ახლახან ეს იდილია კორონავირუსმა დაარღვია, რომელმაც მომღერალი საშინლად შეაშინა, განსაკუთრებით ვაჟის მდგომარეობა აღელვებდა:

– ორი კვირის წინ ჩემს 3 წლის შვილს კოვიდ-19-ის სიპტომები გამოუვლინდა – მაღალი სიცხე, დიარეა, მუცლის, ყელისა და მკერდის არეში ტკივილი. ცოტა ხანში ასეთივე სიმპტომები მეც გამიჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ ასთმა მაქვს, საშინლად ვიყავი, მეგონა, მოვიგუდებოდი, სუნთქვა საშინლად მიჭირდა, ყოველდღიურად ახალი სიმპტომი ვლინდებოდა. ეს საშინელებაა! ასე არასდროს არაფრის შემშინებია. მხოლოდ წოლა შეგიძლია და ლოდინი, რომ ორგანიზმი ვირუსს გაუმკლავდეს.

საბედნიეროდ იმ პერიოდში ჩვენი ოჯახი უკვე თვითიზოლაციაში იყო. ჩემმა ბიჭმა ვირუსი სწრაფად დაამარცხა და ცოტა ამოვისუნთქე. მე გაცილებით გამიჭირდა, ორი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი. საბედნიეროდ ჩვენს ექიმს ამ ვირუსზე ტესტები ჰქონდა. პირველმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ორი კვირის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა კი – უარყოფითი. ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. მართალია, არ მახსოვს, რა დღეა, რა რიცხვი, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემი ოჯახი ჯანმრთელადაა და ყველაზე უარესი უკან მოვიტოვეთ, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ მომღერალმა.

ადრე პინკი ხმაურიანი წვეულებების ხშირი სტუმარი იყო და არც ალკოჰოლის მიმართ გახლდათ გულგრილი, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა და თავად მომღერალი ამბობს:

– ადრე საღამოები ასეთი იყო: ვისკი, ცრემლები და სიგარეტი. ახლა საღამოები ასეთია: ბავშვის ცრემლები, არავითარი ვისკი და არავითარი სიგარეტი. ისე, ზოგჯერ ვისკი ძალიან მენატრება.

პოპვარსკვლავს 2019 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებაზე პინკს მეუღლე კერი ჰარტი და ორი შვილი ახლდნენ.

– ზუსტად იმას მივაღწიე, რაც ყოველთვის მინდოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები. არც ყველაზე ლამაზი ვარ და არც საუკეთესო. უბრალოდ, საკმარისად ნიჭიერი ვარ და ბევრს ვმუშაობ, ამიტომაც ვაღწევ დასახულ მიზნებს. და რაც ყველაზე მთავარია, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს საქმეში მაგარი ვარ! – აღნიშნა პინკმა ვარსკვლავის გახსნაზე.