მირიან ნიკოლაძე: ,,სანამ შემიძლია, ვაკავებ ხალხს, რომ ანგარიშსწორება არ სცადონ”

მირიან ნიკოლაძე: ,,სანამ შემიძლია, ვაკავებ ხალხს, რომ ანგარიშსწორება არ სცადონ"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ, ეკა წულუკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

-შაქარაშვილი მოკლა იმან, ვინც მკვლელებს ხელს აფარებს, ვინც საქმე გააყალბა და მას ჩემთვის ერთი სახელი აქვს, ესაა მირიან ნიკოლაძე.

დღეს ,,ტოიოტა ქამრის” მგზავრების ოჯახებმა აქცია გამართეს. მანამდე კი ტელეეთერში ისაუბრეს, რომ პირები, რომლებსაც გამოძიება მკვლელობას ედავება, უდანაშაულოები არიან.

როგორც მირიან ნიკოლაძემ ეკა მიშველაძის გადაცემაში განაცხადა, ამ ფაქტმა გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ახლობლები ძალიან აღაშფოთა და ისინი ,,ძლივს დააკავა”.

-იმის მაგივრად, რომ დღეში ასი მადლობა გადაგვიხადონ, რომ ათასობით ადამიანს ვაკავებთ… გვხვდებიან, გვთხოვენ, რომ შევიკრიბოთ, მივიდეთ მათ უბნებში, სახლებთან, გამოვხატოთ პროტესტი ბრალდებულების მიმართ, რომლებმაც უდანაშაულო ბავშვი მოკლეს, ყველას ვეხვეწები, სამართლებრივ ჭრილს არ გაცდნენ…

იმ დღეს, ზ.ხ.-ს მამის ეთერის შემდეგ, მანქანიდან ამოვუღე გასაღები ბიჭებს და ჩვენს ნათესავებს, რომლებიც მიდიოდნენ ანგარიშის გასასწორებლად. რომელი ერთი დავიჭირო?! კიდევ ერთი ასეთი განცხადება და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. მე რაც შემიძლია, ამ ხალხს ვიჭერ და ვცდილობ, ბალანსი იყოს და არ გავიდეთ სამართლებრივი ჭრილიდან. სანამ შემიძლია, ვაკავებ.

ძირითადად საუბარია ქუჩაში გამოსვლაზე, ძალიან დიდი აგრესიაზე, არ ვიცი, ეს რაში გადაიზრდება. რამდენი ათასია, ვერ გეტყვით, მაგრამ სულ ვამბობ, რომ არ ვიცი, ეს რაში გადაიზრდება. სახელმწიფოში თუ გინდა ცხოვრება, მაშინ უნდა მივდიოთ ამას…

დღეს დილიდან მშობლებს, თამუნას და ლევანს ვაკავებ… შვილი მიუსვენეს სახლში… მათი ოჯახის წევრები ქუჩაში კი გამოდიან და თან ვის დებენ ბრალს, რადგან მე ვახმოვანებ ოჯახის პოზიციას, თურმე გამოძიებაც ჩემს ჭკუაზე დადის.

არ არსებობს არც ერთი ნიუანსი, რომელიც დედასთან და მამასთან არ ყოფილიყო შეთანხმებული. ადამიანს რომ იმის ილუზია აქვს, რომ მირიან ნიკოლაძე რამეს აყალბებს, მასთან ლაპარაკი უკვე აღარ შეიძლება, – განაცხადა მირიან ნიკოლძემ და მის მიმართ შავი პიარის აგორებაში ნაცმოძრაობა დაადანაშაულა.

-ამას აკეთებს ნაციონალურ მოძრაობა, მისი პირდაპირი სურვილია, გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა… თურმე გამოძიება ჩემს ჭკუაზე დადის, ამას ნორმალური ადამიანი იტყვის? 9 წელი სოდ-ი, კუდ-ი და თუ რამე ჰყავდათ უბედურება, დამდევდა და ყოველდღე ველოდებოდი ლიკვიდაციას. ასე თუ იცხოვრე, თამაზა რას გიზამს და შავი რაში თუ რაღაცა, მაშინ აღარ გიცხოვრია, – განაცხადა ეკა მიშველაძის გადაცემაში მირიან ნიკოლაძემ.