მიხეილ რამიშვილი: ,,მაიკოს ჩემს ხელში ბევრი სიმწარე უნახავს, ჩემი სინდისი, ჩემი ღირსებაა” – რას ყვებიან ოჯახურ ცხოვრებაზე ცნობილი ადვოკატი და მისი მეუღლე ,,სარკესთან”

მიხეილ რამიშვილი: ,,მაიკოს ჩემს ხელში ბევრი სიმწარე უნახავს, ჩემი სინდისი, ჩემი ღირსებაა" - რას ყვებიან ოჯახურ ცხოვრებაზე ცნობილი ადვოკატი და მისი მეუღლე ,,სარკესთან",,სარკე”, ნანა კობახიძე

ცნობილი ადვოკატი და მუსიკოსი მიხეილ რამიშვილი თბილისის კოლორიტის, მრავალი დაუვიწყარი სიმღერის ავტორის, ოთარ რამიშვილის, ვაჟია და თავადაც საინტერესო სიმღერებს წერს. ბოლო დროს გახმაურებული საადვოკატო საქმეებით საზოგადოების საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

სიყვარულით შექმნილი მყარი და ძლიერი ოჯახი აქვს _ ეს მისთვის უმაღლესი ფასეულობაა. დაძაბული პროფესიული საქმიანობის მიუხედავად, მუდმივად ცდილობს, ოჯახში სიმშვიდე და კომფორტი იყოს, საყვარელ ადამიანებს ზრუნვა არ მოაკლოს, ყველა საკითხში ერთგულად მხარი გაუმაგროს.

ბატონი მიხეილის მეუღლე მაია იორამაშვილიც მუსიკოსია _ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის მსახიობი, მევიოლინე. ის საიმედო მეგობარი, განსაკუთრებული მრჩეველია თავისი ქმრისთვის.

მათი სიყვარული 25 წლის ოჯახურმა თანაცხოვრებამ კი არ გატეხა, არამედ გამოაწრთო. ორი საამაყო შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, ლიზა ჩელოზე უკრავს, წარმატებით აგრძელებს ოჯახის მუსიკალურ ტრადიციას, მისი სახელი მსოფლიოს მისწვდა. უმცროსი შვილი, ლუკა კი ახალგაზრდებს შორის წარმატებული სპორტსმენია _ კალათბურთელი და მოფარიკავე.

თუ როგორია მიხეილ რამიშვილის ოჯახური ცხოვრება, კრედო და ტრადიციები, ამ თემაზე  ცოლ-ქმარი „სარკეს“ ესაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამდე).

__ თქვენი ოჯახის ისტორია 25 წელს ითვლის. როგორ დაიბადა თქვენი სიყვარული, ერთმანეთი როგორ იპოვეთ?

მიხეილი:  კონსერვატორიას ვამთავრებდი, გამოცდების პერიოდში შევედი აუდიტორიაში, სადაც ჩემი კურსელები იყვნენ შეკრებილი. ვხედავ, ლამაზი გოგონა ცეკვავს. დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე და ვინაობა ვიკითხე. ჩემი თანაკურსელის მეგობარი აღმოჩნდა, ისიც კონსერვატორიის სტუდენტი, 3 წლით ჩემზე უმცროსი. კონსერვატორიაში ბევრთან ვმეგობრობდი, მაიკოს კი მანამდე არსად შევხვედრილვარ.

კურსის ბანკეტი რომ დაიგეგმა, თანაკურსელს ვუთხარი, ბანკეტზე არ მოვალ, თუ იმ შენს მეგობარ გოგონას არ მოიყვან-მეთქი. დაპატიჟეს. ასე გავიცანი მაიკო. მერე შევხვდი, ვურეკავდი, რამდენჯერმე სახლში ვესტუმრე, ჩემს ოჯახსაც გავაცანი. ერთმანეთი ისე შეგვიყვარდა, რომ გაცნობიდან ერთ თვეში გავიპარეთ.

__რა არის სახასიათო თქვენი ოჯახური ურთიერთობისთვის?

მაია:  მიშა ისე ქარიშხალივით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში, რომ სრულიად დამჯდარი გონების ადამიანს ერთ თვეში მიმაღებინა გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მისი მეუღლე.

25 წლის განმავლობაში  ბევრი ეტაპი გავიარეთ.  ახალგაზრდულმა აღმაფრენამ ჩაიარა, ახლა სხვა ეტაპზე ვართ, სხვა ღირებულებები შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში.  ერთმანეთს ყველაფერში მხარს ვუმაგრებთ, რაც მთავარია, ვართ საუკეთესო მეგობრები. პრობლემები ყველა ოჯახშია, მაგრამ ცოლ-ქმარს შორის აუცილებელია დათმობა, გაგება, ანგარიშის გაწევა და პატივისცემა.

__ რა ტრადიციები გამოგყვათ მშობლების ოჯახიდან და უშუალოდ თქვენი ოჯახისთვის ნიშანდობლივი რა არის?

მიხეილი:  მშობლების ოჯახიდან გამოგვყვა ის, რაც ყველა ღირსეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს: პირველ რიგში, ქალის პატივისცემა, უფროს-უმცროსობის და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, მადლიერება და ყველა იმ წესიერების პატივისცემა, რასაც სინდისი და ღირსება ჰქვია. ამას გვასწავლიდნენ მშობლები და ამასვე ვუნერგავთ შვილებსაც.

სამწუხაროდ, ცოტა ცუდ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ღირებულებების გადაფასება ხდება. შვილებს ვეუბნებით, რომ უნდა ვიყოთ კეთილშობილები, სამართლიანები, არავინ დავჩაგროთ, დავიცვათ დაჩაგრული, არასდროს გავიყიდოთ, გვიყვარდეს სამშობლო და ვიცავდეთ ღირსებას.

ჩემი და მაიკოს ოჯახური ურთიერთობისთვის ნიშანდობლივია ტრადიციული ოჯახის ღირებულებები, ერთგულების პატივისცემა, თანასწორობის პრინციპი. მთელ რიგ საკითხებში მაიკოს ვეკითხები რჩევას, მის აზრს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

__ მეუღლესთან პროფესიულ საკითხებსაც განიხილავთ?

მიხეილი:  ყოველგვარ საკითხზე ვსაუბრობთ. ვეკითხები, როგორ მოიქცეოდა თავად ჩემს ადგილას ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.

მაიკო ძალიან გონივრულ რჩევებს მაძლევს. მისი აზრი ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ემთხვევა. ცხადია, ზოგჯერ განსხვავებული აზრებიც გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოლიტიკაზე ვმსჯელობთ, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ შეთანხმებას.

__ ოჯახური კომპრომისი თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს.

მიხეილი:  მაიკოს ყოველთვის ანგარიშს ვუწევ. რესტორანში რომ წავსულვართ, სხვის შარს გადამკიდე მე ცოტა ხისტი და ემოციური ვხდები. მაიკოს ეს ანერვიულებს, ამიტომ მისი ხათრით თავი ხელში ამყავს. მის გამო სიფრთხილის მიზნით სხვის მიმართ ისეთი რამ მომითმენია, რასაც სხვა შემთხვევაში არ მოვითმენდი. მეუღლეს ვუფრთხილდები, დისკომფორტს არ შევუქმნი, ძალიან მიყვარს.

__ როგორ გაქვთ ოჯახში ფუნქციები განაწილებული?

მიხეილი: მიუხედავად იმისა, რომ მე და მაიკო  ვმუშაობთ, ორივე ვართ ჩართული ბავშვების აღზრდაში. წლებია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ადრე მშობლებიც გვეხმარებოდნენ. პატარები გვყავდა შვილები, მაიკოს დედ-მამა რომ გარდაეცვალა. შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. მაიკო დედისერთაა.

მაია: მიშასთვის ოჯახი მთავარია, ხელშეუხებელი თემაა. ის ოჯახის ერთგულია, ჩემი იმედი, ფარი და ხმალია. ზუსტად ვიცი, რომ კაცი მიდგას გვერდით და ეს მნიშვნელოვანია.

ოჯახში ყველა ფუნქცია განაწილებული გვაქვს. მიშა თავიდანვე მეხმარებოდა შვილების გაზრდაში. ჩემსავით ღამეებს უთენებდა პატარებს, აბანავებდა, ასეირნებდა… ყველაფერში მხარს მიმაგრებს. ჩვენს ოჯახში კაცის ფუნქცია, კაცის სიძლიერე ჩანს და ამიტომ ძალიან ბედნიერ ქალად ვგრძნობ თავს.

__ ქმარი სიურპრიზებითაც განებივრებთ?

მაია: იცით, როგორია? შეიძლება დარეკოს, გითხრას, სახლში არ მოვდივარო და უცებ მოვიდეს დიდი თაიგულით ხელში. გატყუებს, ვითომ რაღაც მოხდა, არადა გახარებს.

__ ბატონო მიხეილ, როგორია თქვენი თვალით დანახული მეორე ნახევარი?

მიხეილი:  სიტყვებს ,,მეორე ნახევარს” არ ვეთანხმები, ჩვენ ერთნი ვართ, მაიკო ჩემი სულის ნაწილია. ცოლი არის ჩემი კაპიტანი, მე გემი ვარ, საითაც წამიყვანს, ისე ვივლი მთელი ცხოვრება. თუ მოინდომებს, ჩამძირავს, თუ მოინდომებს, ოკეანეში მატარებს. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არ ვეთანხმები, რომ ამბობენ, კაცმა ქალი მოხიბლა, ქალი ,,დააბაო”. ქალს თუ არ უნდა, თავს ვერ შეაყვარებ, გამორიცხულია.

მაიკო არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი სინდისი, ჩემი ღირსება. ჩემს ხელში ბევრი სიმწარეც უნახავს, ბევრი პრობლემა, გაჭირვება, არაერთგზის მქონია დაპირისპირება ხელისუფლებებთან, მთავრობასთან. მაიამ ყველაფერი ვაჟკაცურად გადაიტანა, უკან არაფერში დაუხევია. ის ჩემი ღირსების ხერხემალია, ამით ვამაყობ.

მაია: ბევრი ნერვიულობა შეგვხვდა დეკანოზ გიორგი მამალაძის, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიშა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, ასევე იყო ირინა ენუქიძის ადვოკატი.

ის უბედურება როცა მოხდა (სანდრო გირგვლიანის მკვლელობა), მაშინ უმცროს შვილზე ორსულად ვიყავი. ქალბატონ ირინას რომ გამოსვლები ჰქონდა, გვერდით ცოტა ადამიანი ჰყავდა, ჩვენ ერთად ვიდექით. მე და მიშამ ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ და გავუძელით ერთმანეთის მხარში დგომით.

__ ბატონო მიხეილ, 25 წლიანმა თანაცხოვრებამ რა შეცვალა თქვენში, რა დაგანახათ?

 მიხეილი:  ცხოვრება და ურთიერთობა ადამიანს არ ცვლის, ის უბრალოდ ნიღაბს ხსნის პიროვნებას და უკეთ გამოაჩენს, საკუთარ თავსაც უკეთ დაანახებს. ერთად ყოფნამ და ურთიერთობამ ბევრ რამეზე სხვაგვარი ხედვა ჩამომიყალიბა და დამარწმუნა, რამდენად დიდი ძალა აქვს ქალს მამაკაცთან შედარებით. ქალის ძალა განუსაზღვრელია. ომი, მშვიდობა, შემოქმედება: ლექსი, სიმღერა, ფერწერა _ ყველაფერი ქალისთვისაა. სამყარო მისია.

__ თქვენ ბაბუის, მიხეილ რამიშვილის, მოსახელე ხართ, მუსიკალური ნიჭიც მისგან მოგდგამთ შთამომავლებს. წინაპრებთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ, კიდევ რა მიიღეთ მემკვიდრეობით მათგან?

მიხეილი: ბაბუა, მიხეილ რამიშვილი, თავისი შეხედულებებით იყო მენშევიკი. ამის გამო რუსმა ბოლშევიკებმა ციმბირში გადაასახლეს. განგებამ არ გაწირა და შემდგომ საქართველოში დააბრუნა.

ძალიან განათლებული, დისციპლინებული, მშრომელი ადამიანი გახლდათ, კარგ ლექსებს წერდა, კარგადაც მღეროდა. ტენორი იყო, რომანსებს ასრულებდა. ოპერაშიც კი შესთავაზეს, მაგრამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა, კომუნისტურ წყობას ვერ ეგუებოდა. პარტიული არ ყოფილა. თავისი პროფესიით მუშაობდა, ეკონომისტი გახლდათ.

ოჯახი ინტელიგენტურად ცხოვრობდა. ბაბუა კარგი პიროვნება იყო, შვილებს ბევრ რამეს ასწავლიდა. პატარა ვიყავი, თუმცა მახსოვს, ყოველ საღამოს დაგვსხამდა შვილიშვილებს და ამბებს გვიყვებოდა. კეთილი იყო, მაგრამ ამავე დროს მკაცრი და მომთხოვნიც.

ულამაზესი ბებია მყავდა, მარიამ მაისურაძე, ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. ჩემი დიდი ბებია მაშო მაყაშვილი გახლდათ. ის და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ჩვენს წინაპრებში თავადური სისხლი ჩქეფდა, ეს ჩვენს ადათ-წესებში და დამოკიდებულებებშიც აისახა.

მამიდა მეუბნება, შენი ჩვევებით და ჰაბიტუსით თავადებისკენ გაქვს მიდრეკილებაო. ხასიათით მამასაც ვგავარ, ბაბუასაც.ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ ვგავარ, მრავალფეროვანი ხასიათი მაქვს.

__ თქვენი და ბატონი ოთარის მამაშვილურ ურთიერთობაში რა იყო მთავარი და მნიშვნელოვანი?

მიხეილი: ოთარი ფანტასტიკური მამა გახლდათ, პირველ რიგში, იყო კარგი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი ჩვენთვის, შვილებისთვის. ყოველთვის ვამბობ _ მამობა არ ნიშნავს, შვილს ასწავლო, ჩააცვა, აჭამო და ამით დასრულდეს ურთიერთობა. მამობა ნიშნავს იმას, იცოდე, შენს შვილს რა სჭირდება, იცნობდე შვილის ცხოვრებას. არც ერთ ასაკში, არასდროს მერიდებოდა,  მეკითხა აზრი მამაჩემისთვის ნებისმიერ საკითხზე, განმეხილა ჩემი ქმედება, მართალი ვიყავი თუ არა.

მამას ჩემს უფროს ძმაკაცად ვთვლიდი. სულ ვფრთხილობდი, ისე არ მოვქცეულიყავი, რომ  შერცხვენოდა. მისი სახელით არასდროს მისარგებლია, არ გამომიყენებია ბოროტად. თუ სიყმაწვილეში შარს გადავეყრებოდი, ვმალავდი, რომ ოთარ რამიშვილის შვილი ვიყავი.

მამის სახელს სამივე ძმა ვუფრთხილდებოდით. შვილიშვილებიც ასე არიან. უფროსი შვილიშვილი, ოთო, ბაბუის სეხნია, 39 წლისაა, საუკეთესო ადამიანია.

__ ქალბატონო მაია, როგორი მამამთილი იყო ბატონი ოთარი თქვენთვის?

მაია: რა უნდა გეთხოვა, არ შეესრულებინა. არაჩვეულებრივი მამამთილი იყო. თავიდან ყველა ერთად ვცხოვრობდით თბილისში, კავსაძის ქუჩაზე,  სამოთახიან ბინაში: დედამთილ-მამამთილი, მაზლი და მისი მეუღლე, მიშა და მე. დედისერთა ვარ და ამდენ ხალხთან ერთად ცხოვრება კარგი შეგრძნება იყო. ბატონი ოთარი 7 საათზე იწყებდა მეცადინეობას, არ არსებობდა, დღე ჩაეგდო. დილა მუსიკით იწყებოდა.

__ წარმატებული შვილები გყავთ, მათზეც გვიამბეთ. ბატონო მიხეილ, თავად როგორი მამა ხართ მათთვის, რამდენად მეგობრობთ, ამ მხრივ თუ აგრძელებთ ოჯახურ ტრადიციას?

მიხეილი: შვილებთან ვმეგობრობ. ლიზა 23 წლისაა. არ მახსოვს, სადმე მიდიოდეს და დაემალოს ჩემთვის. კონტროლი არ მიყვარს, ზრუნვა მჩვევია. შვილს უნდა ჰქონდეს სურვილი, თავისი ნაბიჯები გაგანდოს, თორემ რაც უნდა აკონტროლო, ვერაფერს გახდები. ლიზა ყურადღებიანი შვილია. როგორც მე ვიყავი მამაჩემის მიმართ, ისეა ლიზა ჩემ მიმართ. მისგან არაფერი დამხვედრია წინ.

ლიზა 17 წლის ასაკიდან ევროპაშია, ამჯერად მადრიდში სწავლობს, ჩელოზე უკრავს, არაერთი კონკურსის გამარჯვებული და სახელოვანი ადამიანების სტიპენდიანტია. ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსია მსოფლიოში. ჰქონდა სოლო კონცერტები ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლში. ბაბუამისი ამბობდა, ლიზა გადაგვიჯოკრავს რამიშვილებსო. ვამაყობ მისით.

მადლობა ღმერთს, ამ პანდემიის დროს გამოვასწარით ესპანეთიდან, ჩამოვიდა თუ არა ლიზა თბილისში, 2-3 დღეში ესპანეთის საზღვრები ჩაიკეტა. აქ იზოლაციაში გვყავდა. ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ჩემი ვაჟი ლუკა 14 წლისაა. წარმატებული სპორტსმენია ახალგაზრდებს შორის, კალათბურთს თამაშობს, ასევე მოფარიკავეა. თავის ასაკთან შედარებით მაღალი შეგნება, ჩამოყალიბებული მამაკაცის აზროვნება აქვს. ოჯახიდან შორს ყოფნა რომ მომიწიოს, იმედიანად ვარ, რომ ოჯახში ლუკას სახით მამაკაცია, ჩემი შემცვლელი მყავს.

ყველანაირ თემაზე ვსაუბრობთ. ვესაუბრები არა როგორც მოზარდს, არამედ ჩამოყალიბებულ მამაკაცს. იცის, რომ წაქცეული უნდა დაიცვას. თუ ნახავს, რომ რამდენიმე ადამიანი ერთს ჩაგრავს, თავად უნდა იმოქმედოს კანონის თანახმად. თუ მეგობრებში მოხდება მსგავსი რამ, დაჩაგრულს უნდა გამოექომაგოს, არ მისცეს საშუალება, ორმა ან სამმა ერთი გაიმეტოს.

მაია: მიშა ყოველთვის პოულობს დროს, ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, რაც უნდა მძიმე საქმე ჰქონდეს, შინ რომ მოვა, ყველაფერს გარეთ ტოვებს. ვერც იგრძნობ, რომ დაძაბულობა ჰქონდა. ამიტომ ოჯახში ბედნიერად ვართ. თან გვყავს ორი საოცარი ძაღლი, ურთიერთგამომრიცხავი _ ერთი დიდი და მეორე პატარა. სხვათა შორის, ცხოველი ოჯახის წევრებს აკავშირებს, ერთად სეირნობენ, ერთობიან.

__ ბატონო მიხეილ, დედამ ოთარ რამიშვილის საუკეთესო გიტარა, სიმღერები და ლექსები თქვენ გადმოგაბარათ. სიმღერებს თქვენც ბავშვობიდან წერთ. აპირებთ თუ არა თქვენი სიმღერების გასაჯაროებას?

მიხეილი: სიმღერების წერა 11 წლის ასაკში დავიწყე და ახლაც ვაგრძელებ. ხანდახან მუზა მომდის და ჩემთვის ვწერ, შემოქმედება განტვირთვაა. მამა მთხოვდა, გამოვსულიყავი და საჯაროდ მემღერა. უარს ვამბობდი. ერთხელაც მამამ ჩემი სიმღერები თავად შეასრულა სცენაზე… ახლა, როცა ცოცხალი აღარ არის, გადავწყვიტე, მისი თხოვნა შევასრულო და ჩემი სიმღერები თანდათან ჩავწერო.

ქეთი ყირიმლიშვილის ფოტოები